კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე
კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში, ჟურნალისტის მიერ „ევრონესტთან” დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას.
„რეალურად გასაგებია აქ რაშიც არის საქმე. აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. ამაზე იყო საუბარი შესაბამის დოკუმენტში და როცა ასეთ დოკუმენტს არ უჭერს მხარს ოპოზიცია, გასაგებია, რა არის მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ, სწორედ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა,”- განაცხადა პრემიერმა.
„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის ხელმოწერების არქონის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.
რეზოლუცია, რომლის ინიცირებაც ვერ მოხერხდა, მოიცავს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას, მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხს.