1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროკავშირი აღშფოთებულია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვით, რაზეც საბოლოო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება -ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირი აღშფოთებულია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვით, რაზეც საბოლოო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება -ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირი აღშფოთებულია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვით, რაზეც საბოლოო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება -ჯოზეფ ბორელი

358
0

ევროკავშირი აღშფოთებულია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვით, რაზეც საბოლოო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„დღეს საგარეო საქმეთა საბჭოზე ღრმა მწუხარებით მივუსამძიმრეთ მის მეუღლეს იულია ნავალნაიას, მათ შვილებს, ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვინც მასთან ერთად მათი ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობდა.

რუსეთმა მისი უეცარი გარდაცვალების გარემოებების დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას. ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და ხელისუფლებამ პასუხი აგოს; ასევე შემდგომ მაღალ ფასს გადაახდევინებს მათი ქმედებებისთვის, მათ შორის სანქციების მეშვეობით.

ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ხალხი მთელ მსოფლიოში შეიკრიბა. რუსეთში ხელისუფლებამ რიგ ადგილებში ამის თავიდან აცილება სცადა და რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

ბ-ნი ნავალნი მამაცურად დაბრუნდა რუსეთში, ქიმიური იარაღის კონვენციის (რომლის მონაწილე სახელმწიფო ასევე არის რუსეთის ფედერაცია) მიხედვით აკრძალული ნერვულ-პარალიზებელი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. ის პოლიტიკურად მოტივირებულ რამდენიმე სასჯელს ციმბირის მკაცრი სასჯელაღსრულების კოლონიაში იხდიდა, სადაც დანარჩენი სამყაროსგან იზოლირების მიზნით გადაიყვანეს. მის ოჯახს მასთან წვდომა შეუზღუდეს. მის ადვოკატებს ავიწროებენ და სამი მათგანი 2023 წლის ოქტომბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ევროკავშირმა არაერთხელ უმკაცრესად დაგმო ბ-ნ ნავალნის მოწამვლა და  მის წინააღმდეგ ყველა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება ლეგიტიმური პოლიტიკური და ანტიკორუფციული საქმიანობის გამო და მისი დაუყონებლივი და უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა რუსეთს უზრუნველყო ბ-ნი ნავალნის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, მათ შორის მოსკოვში ხელისუფლებასთან მიმართვით, მაგრამ უშედეგოდ.

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ბ-მა ნავალნიმ გამოავლინა წარმოუდგენელი გამბედაობა, თავისი ქვეყნისა და თანამოქალაქეებისადმი თავდადება; მისი შეუპოვრობა  მთელს რუსეთში ანტიკორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით იყო გზავნილი, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. პუტინს და მის რეჟიმს სწორედ ამიტომ ეშინოდათ მისი და ასევე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე უკანონო აგრესიული ომისა და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების (მარტში) კონტექსტში.

ბ-ნი ნავალნის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი სიკვდილი რუსეთში მზარდი და სისტემატური რეპრესიების კიდევ ერთი ნიშანია. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის იური დმიტრიევი, ვლადიმერ კარა-მურზა, ილია იაშინი, ალექსეი გორინოვი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა, ალექსანდრა სკოჩილენკო და ივან საფრონოვი“,- აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.