1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროკავშირში ახლო მომავალში შეიძლება ტექტონიკური პოლიტიკური ძვრები მოხდეს”-The Times
“ევროკავშირში ახლო მომავალში შეიძლება ტექტონიკური პოლიტიკური ძვრები მოხდეს”-The Times

“ევროკავშირში ახლო მომავალში შეიძლება ტექტონიკური პოლიტიკური ძვრები მოხდეს”-The Times

451
0

დიდი ბრიტანეთის გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ანტიევროპელი პოპულისტები მზად არიან, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ“ (ავტორი – ბრუნო უოტერფილდი). „ევროკავშირში ახლო მომავალში შეიძლება ტექტონიკური პოლიტიკური ძვრები მოხდეს – ზაფხულში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში შეიძლება პოპულისტურმა ულტრამემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვონ, რითაც ევროკავშირში მრავალწლიანი ცენტრისტული კონსენსუსი დაირღვევა“, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ბერლინის ანალიტიკური ცენტრის პროგნოზის თანახმად, გამოკითხვები აჩვენებენ, რომ კონსერვატორები, ნაციონალისტები, უკიდურესად მემარჯვენეები და ევროსკეპტიკოსები ევროპულ საზოგადოებაში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ. ივნისისათვის, როცა ევროპარლამენტის კონტინენტური არჩევნების თარიღი მოახლოვდება, ისინი შეიძლება ერთ დიდ ევროპულ ოპოზიციურ დაჯგუფებად ჩამოყალიბდნენ – სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში როცა ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება, მათ უმრავლესობაში პოპულისტი პოლიტიკოსები გაიმარჯვებენ.

„პოპულისტური დარტყმითი ტალღა“ დაფარავს საფრანგეთს, იტალიას, პოლონეთს, ნიდერლანდებს, ბელგიას, უნგრეთს, ავსტრიას, სლოვაკეთს და ჩეხეთს, რითაც ევროკავშირში ცენტრისტული კონსენსუსი დაირღვევა. გარდა იმისა, პროგნოზების მიხედვით, ის პარტიები, რომლებიც ოდესღაც ექსტრემისტულად და მარგინალურად იყვნენ მიჩნეული, მეორე ადგილს დაიკავებენ გერმანიაში, შვედეთში, ლატვიაში, ესტონეთში და ბულგარეთში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებში, ხოლო მესამე ადგილს – პორტუგალიაში.
სამომავლო ცვლილებები ბლოკში შეშფოთებას იწვევს.
„იმის რისკი, რომ ევროპა უმართავი გახდება, სრულიად რეალურია“, – ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე, რომელიც ემანუელ მაკრონის პარტიის „აღორძინების“ ლიდერია და იმავდროულად ევროპარლამენტის დღევანდელ შემადგენლობაში ცენტრისტულ ჯგუფს „ევროპულ განახლებას“ ხელმძღვანელობს.

ამ დროს კი ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი, ჟოზეფ ბორელის ჩათვლით, ყურადღებას არ აქცევს პოპულისტური მოძრაობის გაძლიერებას და მასზე ფიქრით „თავს არ იტკივებენ“. ისინი ამ ყველაფერს „ჰორმონალური სპაზმებით“ და „დეზინფორმაციის გავრცელებით“ ხსნიან, რომლებიც ევროპელებში დაბნეულობა შეაქვთ.

მაგრამ ბრიუსელელი ანალიტიკოსი, პროფესორი ფრანკ ფურედი თვლის, რომ პოპულისტების მომრავლების ნამდვილი მიზეზი ამომრჩეველთა უკმაყოფილებაა – იმ რიგითი ამომრჩევლებისა, რომლებსაც „დიდი ხნის განმავლობაში ქედმაღლურად უყურებდნენ და მათ ინტერესები იგნორირებული იყო“.

„პოლიტიკური მიწისძვრა ევროპაში სწრაფად ახლოვდება. მილიონით ევროპელი ამბობს: „გვეყოფა ამდენი მოთმენა, ჩვენ მეტად აღარ ვენდობით იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც თავი მოგვაბეზრეს და ყელში გვყავს ამოსული. დგება პოპულარული იდეების მქონე ადამიანებისადმი ნდობის მომენტი“, – ხაზს უსვამს ექსპერტი.

წყარო: