1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება -შალვა პაპუაშვილი
ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება -შალვა პაპუაშვილი

ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება -შალვა პაპუაშვილი

259
0

ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება, შესაბამისად წლის ბოლოს, ოქტომბერში, როცა იქნება არჩევნები, საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ექნება „ქართულ ოცნებას“, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან და ოპოზიციას შორის, რომელიც არის ანტიქართული და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციამ ნათლად გამოაჩინა საკუთარი სახე.

„საინტერესოა, რომ წლევანდელ წელს ოპოზიციამ ორი მიმართულებით დასვა მთავარი აქცენტები და ვფიქრობ, ნიშანდობლივია, ყველა დააკვირდეს ამ საკითხს. ჩვენ ვნახეთ ოპოზიციისგან ისტერია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე, ოპოზიცია ამბობდა, რომ სამუშაო ჯგუფებში დროის დახარჯვას არ აპირებდა, ახლა ისტერია აქვთ გამართული, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნას. ეს მახსენებს ზუსტად იგივე ჯგუფებს, რომლებიც „კოვიდის“ დროს ამბობდნენ, გახსენით ქვეყანაო, გაიხსნებოდა და დახურეთო. ამ ისტერიის ერთადერთი მიზანია, რომ საზოგადოება მუდმივად ჰყავდათ მღელვარების და შფოთვის მდგომარეობაში, ნერვებზე იყოს მთელი საზოგადოება. ჩვენი სამოქმედო გეგმა გასაჯაროებულია, ზუსტად მივყვებით მას, იქნება სამუშაო ფორმატები, სადაც რა თქმა უნდა ოპოზიციას თუ აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს ხელისუფლებას, შეუძლიათ ეს გააკეთონ. წამყვანი ძალა ამ პროცესში არის საქართველოს ხელისუფლება, აჩვენა გამოცდილებამაც, რომ ხელისუფლება ამ მხრივ არის წარმატებული, წინდახედული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი. ჩვენ წინა წელი დავხურეთ ისე, რომ ერთი მისხალი ქვეყნის ინტერესისა არ დაგვიდია სასწორზე და ისე მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ოპოზიციამ უკვე მკაფიოდ დაიკავა არა მხოლოდ ანტიქართული, არამედ ანტიეკლესიური ნიშა“.

„გახსოვთ ოპოზიციის მოწოდებები, რომელიც ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსის წინაპირობა არის რუსეთისთვის სანქციების დაწესება, არ დაწესდა სანქციები, ვინაიდან ეს არ არის ქართველი ერის ინტერესში, საქართველომ ეს ნაბიჯი არ გადადგა. ევროკავშირი არ აყენებს საქართველოს ამ დილემის და არჩევანის წინაშე და ნახეთ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ოპოზიციამ უკვე მკაფიოდ დაიკავა არა მხოლოდ ანტიქართული, არამედ ანტიეკლესიური ნიშა. დღეს რასაც მე ვუსმენდი ოპოზიციის კომენტარებს, მათ შორის მამუკა ხაზარაძის, დავით კეზერაშვილის ტელევიზიების რეპორტაჟებს, სადაც ხალხი, რომლებიც სხვა დროს სეკულარიზმზე საუბრობენ, დღეს პატრიარქის ეპისტოლეს არჩევდნენ, ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიასთან და ჩანს პირდაპირ, რომ „ლელო“ ამ შემთხვევაში პოზიციონირდა, როგორც პარტია მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, რომელიც პირდაპირ ებრძვის ეკლესიას და არა მხოლოდ ეკლესიას, ამ შემთხვევაში უკვე პირდაპირ ებრძვიან პატრიარქს. ოპოზიცია არის ანტიეროვნული და ანტიეკლესიური დაჯგუფება, შესაბამისად წლის ბოლოს, ოქტომბერში, როცა იქნება არჩევნები, საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ექნება „ქართულ ოცნებას“ შორის, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან, ეყრდნობა საქართველოს ისტორიას, მის სულიერების ისტორიას და მეორე მხრივ ოპოზიცია, რომელიც არის ანტიქართული და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და რომელიც არის საქართველოს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.