“საოცარი ბუმი რუსეთის ეკონომიკაში” – Die Welt
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ორი წელი გავიდა, მაგრამ, დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა თავს კარგად გრძნობს და განვითარების ბუმს განიცდის“, – ნათქვამია გერმანული გაზეთის „ველტის“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საოცარი ბუმი რუსეთის ეკონომიკაში“ (ავტორი – ედუარდ შტაინერი).
ვლადიმერ პუტინმა წარმატებით განახორციელა რუსული ეკონომიკის დაქვემდებარება სამხედრო მოთხოვნებისადმი და პარალელურად, მთლიანი შიდა პროდუქტის მატებასაც მიაღწია. რუსული ეკონომიკა იმდენად იზრდება, რომ ტემპებით მსოფლიო დონესაც აჭარბებს.
ექსპერტები ამ მოვლენას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ინვესტიციების ჩადების გაფართოებას უკავშირებენ. 2023 წელს სამხედრო ხარჯები გადიდდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გათვალისწინებული 2024 წლის ბიუჯეტში – 70%-ით მეტი. ეკონომიკური ბუმი ასევე უკავშირდება იმასაც, რომ კრემლმა ფულის საბეჭდი დაზგა აამოქმედა, ხოლო რუსები, თავიანთი მხრიდან, აქტიურად იღებენ კრედიტებს. რაში ხარჯავენ ფულს? – ძირითადად საცხოვრებელი ბინების შესაძენად.
რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ფრონტზე კონტრაქტით მსახურობენ, მაღალ ანაზღაურებას იღებენ, რაც მოხმარების მოცულობას აფართოებს. მიმდინარეობს ეკონომიკის რესტრუქტურიზება. ინვესტიციები ძირითადად იდება იმ დარგებში, რომლებსაც დასავლური კომპანიები ტოვებენ. რუსეთმა მოახერხა ისიც, რომ გვერდს უვლის დასავლეთის სანქციებს და საჭირო პროდუქციას მესამე ქვეყნების ტერიტორიული ტრანზიტის მეშვეობით იღებს. კრემლმა საგარეო ვაჭრობის გეოგრაფია შეცვალა და ახლა ევროპის ნაცვლად, ძირითადად აზიაზეა ორიენტირებული.