1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის დიდი გემი ჩაძირა, მაგრამ ეს წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზე ქალაქის დაკარგვამ დაჩრდილა“
„უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის დიდი გემი ჩაძირა, მაგრამ ეს წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზე ქალაქის დაკარგვამ დაჩრდილა“

„უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის დიდი გემი ჩაძირა, მაგრამ ეს წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზე ქალაქის დაკარგვამ დაჩრდილა“

2.13K
0

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის დიდი გემი ჩაძირა, მაგრამ ეს წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზე ქალაქის დაკარგვამ დაჩრდილა“ (ავტორი – კონსტან მეთი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

უკრაინამ სამშაბათს დიდ წარმატებას მიაღწია, როცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო გემს „ნოვოჩერკასსკს“ რაკეტებით დაარტყა, თუმცა იმავდროულად უკრაინის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე, თავის მხრივ, რუსეთმაც წარმატებას მიაღწია – უკრაინის არმიამ, მძიმე მრავალთვიანი ბრძოლების შემდეგ, ქალაქი მარიინკა დატოვა და უკან დაიხია.

ეს ორი მოვლენა ხაზს უსვამს ორი მებრძოლი მხარის ზამთრის სეზონის საომარი მოქმედებების განსხვავებას: უკრაინა ცდილობს შავ ზღვაზე წარმატებებს მიაღწიოს, ხოლო რუსეთი ხმელეთზე შეტევას ავითარებს, კიევის კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ.

მართალია, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ „უკრაინის ტელემარათონში“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უკრაინის არმიას მთლიანად არ დაუტოვებია ქალაქი, მის ჩრდილოეთ ნაწილშია გამაგრებული და საერთოდ, მარიინკა, ბახმუტის მსგავსად, ნანგრევებად არის ქცეულიო, მაგრამ ქალაქის ბედი უკვე გადაწყვეტილია – მარიინკა რუსეთმა ტროფეის სახით უკვე მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ვალერი ზალუჟნიმ თავი იმართლა – „ჩვენ ჯარისკაცების სიცოცხლეს გავუფრთხილდით და უკან იმიტომ დავიხიეთო“, – ანუ მარცხი შედარებით შეამსუბუქა.

გენერლის ინტერვიუმდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდი „ნოვოჩერკასკი“ გაანადგურეს, რომელიც ყირიმში, ფეოდოსიის ნავსადგურში იდგა. რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა გემზე თავდასხმის ფაქტი, ოღონდ შელამაზებულად – ხომალდი კი არ „განადგურდა“, არამედ „დაზიანდა“.

უკრაინის დარტყმა რუსული ფლოტის დიდ სადესანტო გემზე და მისი განადგურება იმას მოასწავებს, რომ კიევი წარმატებით აგრძელებს შავი ზღვის აკვატორიიდან რუსული ფლოტის შევიწროებას და და მისი ბაზების დისლოკაციის ადგილის შეცვლას ოკუპირებული ყირიმიდან. ფეოდოსიაზე უკრაინის დარტყმამ ცხადყო, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები ფრონტიდან დიდ მანძილზე მოშორებითაც კი „თავს მშვიდად ვერ გრძნობენ“. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანამ, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარეობს და თავისი სამხედრო ფლოტი პრაქტიკულად უკვე აღარ ჰყავს, შეძლო კუნძულ ზმეინის გაკონტროლება, სევასტოპოლის ბაზის დაზიანება და რუსეთის სხვადასხვა სტრატეგიული ნაგებობების მუშაობის შეზღუდვა.

რუსეთის მიერ ქალაქ მარიინკის დაკავება კი იმას ნიშნავს, რომ ანალიტიკოსების აზრით, ნანგრევების მიუხედავად, ამ დასახლებულ პუნქტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოსკოვმა მიიღო უპირატესობა პლაცდარმის გასაფართოებლად და არაა გამორიცხული, რომ რუსული ჯარი მალე ავდეევკასაც დაიკავებს – მით უმეტეს იმ დროს, როცა უკრაინას დასავლეთისაგან დახმარება შეუსუსტდა.

წყარო