1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების დღეა
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების დღეა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების დღეა

527
0

25 დეკემბერს, უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების დღეა. 1977 წლის 23 დეკემბერს იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია.

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქ. ვლადიკავკაზში. კათალიკოს-პატრიარქის მშობლები საქართველოდან, ყაზბეგის რაიონიდან იყვნენ: მამა _ გიორგი სიმონის ძე შიოლაშვილი _ სოფელ სნოდან, დედა _ ნატალია იოსების ასული კობაიძე კი _ სოფელ სიონიდან. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ქ. ვლადიკავკაზშიც, სადაც შემდეგ დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს II-ის პატივსაცემად ირაკლი უწოდეს.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და ჩააბარა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.

1957 წელს სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა და სახელად წმიდა ილია წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ ილია ეწოდა. მალე იგი ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, 1959 წელს კი _ მღვდელ-მონოზვნად.

მღვდელ-მონოზონმა ილიამ 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. მას სთხოვეს, გაეგრძელებინა სამეცნიერო მოღვაწეობა, მაგრამ სასულიერო კადრების სიმცირის გამო, სამშობლოში დაბრუნდა და დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად. ერთგული მოღვაწეობისთვის იგი 1961 წელს აღყვანილ იქნა იღუმენის, შემდეგ კი არქიმანდრიტის ხარისხში; ხოლო 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ ხელდასხმულ იქნა შემოქმედის ეპისკოპოსად და დაინიშნა კათალიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. 1963 წლიდან 1972 წლამდე იგი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის _ იმ დროისათვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის _ პირველი რექტორი.

1967 წელს ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ).

1978-1983 წწ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი არჩეულ იქნა გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად; 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

1988 წელს უწმიდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები, ხულოში სასულიერო სასწავლებელი და მასთან არსებული გიმნაზია, გიმნაზიები დაარსდა თბილისში, ბათუმში, ზესტაფონში. საუკუნეთა შემდეგ აღდგა გელათის სასულიერო აკადემია და ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი გელათის მეცნიერებათა აკადემია.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები და წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი, დაარსდა გაზეთები. მისი ინიციატივით საპატრიარქოსთან შეიქმნა ხუროთმოძღვრების ცენტრი, ხალხური რეწვის და მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, საგამომცემლო და სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრი, შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება, ასევე საგარეო და საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება, საინფორმაციო სამსახური, ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ცენტრი “ძლევაი”, ჰუმანიტარული სამსახური, მომლოცველობის სამსახური და სხვა.

ამ ოცი წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 33-მდე გაიზარდა, მონასტრებისა _ 53-მდე, სასულიერო პირთა _ 1000-მდე. მოხდა კანონიზირება ახალი წმინდანებისა. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესიის _ წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.