1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კეზერას და ჭყიპინას დონეზეა დასული „ნაცმოძრაობა“, ეს პარტია სრულად დეგრადირებულია – ირაკლი კობახიძე
კეზერას და ჭყიპინას დონეზეა დასული „ნაცმოძრაობა“, ეს პარტია სრულად დეგრადირებულია – ირაკლი კობახიძე

კეზერას და ჭყიპინას დონეზეა დასული „ნაცმოძრაობა“, ეს პარტია სრულად დეგრადირებულია – ირაკლი კობახიძე

260
0

კეზერას და ჭყიპინას დონეზეა დასული „ნაცმოძრაობა“. კეზერა და ჭყიპინა როცა ხვდებიან ერთმანეთს კვიპროსში და ეს „ნაცმოძრაობის“ გარშემო განსაკუთრებული, სპეციალური თემა ხდება, მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტია სრულად დეგრადირებულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ეძგვერაძის კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი გარკვეული ძალების მხრიდან არის კოორდინირებული და გეგმის ნაწილია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი. მეორე მხრივ, საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ დაშლის პროცესი არის კოორდინირებული გარკვეული ძალების მხრიდან. გეგმაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ბარიერი გადალახოს კიდევ ერთმა „ნაცურმა“ პოლიტიკურმა ძალამ, ოღონდ არ უნდა ერქვას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, იქნება ალტერნატიული პარტია. აქ მოიაზრებიან კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის ეს არის „ლელო“, გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ლომჯარია და ამას ემატება მელია. გეგმა იკვრება, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ბარიერი გადალახოს სუბიექტებმა, ამაზე მუშაობენ ვიღაცები. იმედი აქვთ, ეს ადამიანები 6-7 პროცენტს აიღებენ და ოპოზიციიდან პარლამენტში შევა არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია, არამედ დემატება მეორე პოლიტიკური პარტია, თუმცა თავადაც შეგიძლიათ, დააკვირდეთ მოვლენებს. მეეჭვება, რომ ამ სუბიექტმა,  „ნაცმოძრაობის“ მეორე ფრონტმა ბარიერის გადალახვა შეძლოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პროცესებს წარმართავს კეზერაშვილი, თუმცა, კობახიძის თქმით, „მთავარია, ვინ მართავს თვითონ კეზერაშვილს“.

„რეალურად, კეზერაშვილი ხარჯავს მთლიანად ფულს „ნაციონალურ მოძრობაში“. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის წარმართავს პროცესებს. მთავარი ის არის, კეზერაშვილს ვინ მართავს. ეს ცალკე საკითხია. „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი ერთი მხრივ, კრიზისის გამოხატულებაა, მაგრამ ამავე დროს, „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი არის კოორდინირებული. კეზერაშვილმა რომ თავის დროზე ხაბეიშვილი დანიშნა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ, ესეც მიუთითებს იმ კოორდინაციაზე, რომელიც ამ პროცესის გარშემო შეინიშნება. ვიღაცების ინტერესებშია, რომ დაბლა დაიწიოს „ნაცმოძრაობის“ პროცენტმა, რათა მესამე პარტიამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა. რაღაცნაირად უნდა დააბალანსონ პროცენტები ერთმანეთში. ფიქრობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ 20 პროცენტს თუ აიღებს, ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობის“ მეორე ფლანგს – მელია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, ხაზარაძე, გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა. მათაც რომ გადალახონ ბარიერი, „ნაცმოძრაობამ“ ცოტა ნაკლები უნდა მიიღოს. ეს არის მარტივი გეგმა, თუმცა საზოგადოება ამ გეგმას გაშიფრავს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არაერთხელ იყო მცდელობა ეგრეთ წოდებული მესამე ძალის შექმნის, თუმცა ეს პროექტი ყოველ ჯერზე ჩავარდა.

„გახსოვთ, სხვადასხვა დროს იყო მცდელობა, „ნაცმოძრაობის“ გვერდით შეექმნათ ეგრეთ წოდებული მესამე ძალა. 2016 წელს ჯერ იყო „ევროპული საქართველო“, მთელი გეგმა იყო მომზადებული ამის გარშემო, თუმცა ჩავარდა. „ევროპული საქართველო“ ერთ პროცენტსაც კი ვეღარ აიღებს საპარლამენტო არჩევნებზე. 2020 წლის გეგმა იყო „ლელო“, თუმცა, გახსოვთ რომ „ლელომ“ სამი პროცენტი აიღო საბოლოო ჯამში, მესამე იყო გახარია, რომლის მთავარი დავალება იყო, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეღო 43 პროცენტი თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა ეს გეგმაც ჩავარდა. ყოველ ჯერზე იყო მცდელობა, რომ რეალურად, ნაცური, თუმცა ვითომ მესამე ძალა შექმნილიყო. „ევროპული საქართველოც“ ჩავარდა, „ლელოც“ და გახარიაც. სამივე პროექტი ჩავარდა. ასევე ჩავარდება მეოთხე პროექტიც. ზოგადად, ისეთი დომხალია, წარმოიდგინეთ, ერთად, ერთ პარტიაში შეყრილი ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, მელია, შეიძლება, გვარამია დაემატოს, ლომჯარია. ასეთ აჯაფსანდალს როგორ შეიძლება, ხუთმა პროცენტმა დაუჭიროს მხარი. ქართული საზოგადოება ბევრად მომწიფებულა, ვიდრე ვიღაცებს ჰგონიათ. ვიღაცები ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოში საზოგადოება არის მომწიფებული და ასეთ ფიქტიურ „ნაცურ“ გაერთიანებებს აღარ იყიდის. არიან გარკვეული გარე ძალები, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ და ამის სანაცვლოდ, კეზერაშვილს უწევს ფულის დახარჯვა. დარწმუნებული ვარ, მას საერთოდ არ სიამოვნებს ფულის ხარჯვა საქართველოში, ურჩევნია, მეტი ფული აკეთოს და დაიტოვოს, მაგრამ მას უწევს ფულის ხარჯვა სწორედ ამ გარანტიების სანაცვლოდ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ამ ძალების მხრიდან არის კოორდინირებული. ქართული საზოგადოება არის ძალიან გაზრდილი, მომწიფებული ამ 30 წლის განმავლობაში. გახსოვთ, 90-იან წლებში განსხვავებული ვითარება იყო, ბევრი შეცდომა დაუშვა მაშინ საზოგადოებამ. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. იმდენი სირთულე გამოიარა ქართულმა საზოგადოებამ, სხვადასხვა გამოწვევა ჰქონდა წლების განმავლობაში, რომ დღეს მისი მოტყუება პრაქტიკულად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ეგრეთ წოდებულ მესამე ძალას, რომელიც, სინამდვილეში, იქნება „ნაცმოძრაობის“ მეორე ფრონტი, ქართული საზოგადოება უბრალოდ არ იყიდის“, – განაცხადა კობახიძემ.