“როგორც ჩანს, გამარჯვება არ არის ბაიდენის არჩევანი” -გარი კასპაროვი
არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები რჩება, პრეზიდენტ ბაიდენის მემკვიდრეობა ფორმირებას იწყებს – ის დამარცხების ჩანაწერს ტოვებს, – წერს ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გარი კასპაროვი ამერიკულ გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით როგორც ჩანს, გამარჯვება არ არის ბაიდენის არჩევანი.
“ავღანეთიდან უკრაინამდე და ღაზამდე, ბაიდენი ბარაკ ობამას სცენარით ხელმძღვანელობს, რომელიც თავისუფალ სამყაროს უკანა რიგებიდან უძღვებოდა. 1-ელ დეკემბერს, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვია. მისი გამოსვლა ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ რა არ უნდა გააკეთოს ისრაელმა ღაზაში და არა იმაზე, თუ როგორ უნდა დაამარცხოს “ჰამასის” ტერორისტები, რომლებსაც ჯერ კიდევ 140 მძევალი ჰყავთ”, – წერს გარი კასპაროვი.
კასპაროვი აღნიშნავს, რომ ბაიდენის გუნდის წევრებს – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი და კლიმატის საკითხებში დესპანი ჯონ კერი – უყვართ გრანდიოზული გარიგებები, რომლებიც მათ გეოპოლიტიკური სამყაროს ბატონებად აგრძნობინებენ თავს.
“რაზე ამბობს უარს აშშ ამ გარიგებებში, როგორც წესი, ნათელია. მაგრამ იშვიათად ჩანს, რას იღებენ ამერიკა და მისი მოკავშირეები სანაცვლოდ. ვაშინგტონმა მილიარდობით დოლარი [ნაღდი ფული] გაუგზავნა ირანს არაშემოწმებადი დაპირებებისთვის და აკავებდა უკრაინას რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობაში”, – აღნიშნავს კასპაროვი.
კასპაროვი წერს, რომ ბაიდენისთვის ხელსაყრელია, რომ მოძრაობა MAGA-ს “რესპუბლიკელები” ეწინააღმდეგებიან უკრაინის დახმარებას და მას შეუძლია დაადანაშაულოს ისინი უკრაინისათვის დახმარების არმიწოდებაში.
“მართალია, კონგრესი ამერიკული სანდოობითა და უკრაინელების სიცოცხლით თამაშობს, თუმცა იგივე ეხება ბაიდენსაც, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, დღესვე შეიარაღოს უკრაინა, თუ ამას მოისურვებს. ტანკები, ATACMS-ები, დრონები და თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინას სჭირდება ომის მოსაგებად, რუსი სამხედროების განადგურების ნაცვლად მტვერს აგროვებენ ამერიკულ საწყობებში”, – აღნიშნულია სტატიაში.
კასპაროვის განცხადებით, კონფლიქტის ყველა ეტაპზე, ბაიდენის მოქმედების ხერხი იყო დათმობებზე წასვლა დიპლომატიური წარმატების ილუზიის შესაქმნელად.
“როგორც ჩანს, ბაიდენი კიდევ ერთი გარიგების გაფორმებას აპირებს უკრაინის პრობლემის მოსაგვარებლად – ამ მომენტისთვის. იმავე წინდაუხედავმა უპასუხისმგებლობამ აიძულა ობამა უკან დაეხია 2014 წელს, როდესაც პუტინი პირველად შეიჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია მოახდინა, რასაც გარდაუვლად მოჰყვა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრა 2022 წელს. ძალიან ვშიშობ, რომ ბაიდენის დესპანები ახლა პუტინთან განიხილავენ უკრაინის დაყოფას არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ. ბაიდენმა უარი თქვა უკრაინის ნატოში დაუყონებლივ გაწევრიანებაზე. ჩემი პროგნოზია, რომ ის შესთავაზებს ნატოში გაწევრიანებას უკრაინის არაოკუპირებულ ნაწილებს, რათა აიძულოს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღოს ეს დაყოფა. რუსეთის გაყინული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დასავლეთშია განთავსებული, შეიძლება უკრაინას მიეცეს. მე ასევე შეშფოთებული ვარ იმით, რომ როდესაც ბაიდენი სი ძინპინს შეხვდა, მან შესაძლოა ჩინეთს დათმობები შესთავაზა პუტინზე ზეწოლაში მხარდაჭერის მოპოვების სანაცვლოდ, რათა რუსეთის ლიდერი ასეთ წინადადებას დათანხმდეს”, – წერს კასპაროვი.
სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბაიდენს უკრაინა გამარჯვებისთვის რომ შეიარაღებინა, პუტინი დიდხანს ვერ გაძლებდა.
“რუსული მაფიოზური სახელმწიფოს დასასრული სასიკვდილო დარტყმა იქნებოდა ტერორიზმისა და ტირანიის ძალებისთვის. ისრაელი და უკრაინა ერთნაირად იბრძვიან. ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაეხმაროს მათ გამარჯვებაში, ნაცვლად იმისა, რომ შეაჩეროს ისინი”, – დასძინა კასპაროვმა.