1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რატომ არ გრძნობენ თავს დაცულად ქალები და ბავშვები საქართველოში”-ამერიკის ხმა
“რატომ არ გრძნობენ თავს დაცულად ქალები და ბავშვები საქართველოში”-ამერიკის ხმა

“რატომ არ გრძნობენ თავს დაცულად ქალები და ბავშვები საქართველოში”-ამერიკის ხმა

280
0

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ არ გრძნობენ თავს დაცულად ქალები და ბავშვები საქართველოში“.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კვირეულია. გენდერული ნიშნით მოტივირებული და ჩადენილი დანაშაულების რაოდენობის მხრივ, საქართველოში სტატისტიკა მზარდია, თუმცა ამ მოცემულობის აღნიშვნისას, იქვე, ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც უსვამენ ხაზს. კერძოდ კი იმას, რომ სტატისტიკის ზრდა თუ კლება, პირდაპირპროპორციულად ასახავს დანაშაულის თაობაზე მიმართვიანობის მაჩვენებელს.

წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ოჯახური ძალადობის „გარეთ“ გამოტანა სირცხვილად მიიჩნეოდა. ითვლებოდა, რომ ის „შინაური“ პრობლემა იყო და სახლის ზღურბლს არ უნდა გასცილებოდა. ამიტომაც, პოლიციას თითქმის არავინ მიმართავდა ცოლ-ქმარსა, თუ ოჯახის სხვა წევრებს შორის ძალადობის გამო.

ადამიანის უფლებების თანამედროვე აღქმა ძალადობისა და ჩაგვრის ყოველგვარ გამოვლინებას დანაშაულის შესაბამის კატეგორიას მიაკუთვნებს. უკანასკნელ წლებში სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს გენდერული დანაშაულის თაობაზე ინფორმირებულობის კამპანიები. იზრდება პოლიციისადმი მიმართვიანობის რიცხვიც. თუმცა იქვე, თავს იჩენს ისეთი ტიპის პრობლემები, რაც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებასა და მოგვარებას კომპლექსური მიდგომით საჭიროებს.

რამდენად დაცულია ქალი მას შემდეგ, რაც პოლიციაში მივა და მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე განაცხადებს? მიიღებს ის სათანადო და საჭირო სერვისს სახელმწიფოსგან, რათა დაძლიოს ძალადობით გამოწვეული სტრესი და სტიგმა და შეძლოს ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება? – ამ საკითხების მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქალს უკან, მოძალადესთან, ძალადობრივ გარემოში უწევს დაბრუნება. თუ სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოძალადესთან ქალების უმრავლესობა იძულებულია დაბრუნდეს, ქალებისთვის ნაკლებად იარსებებს მოტივაცია იბრძოლონ ძალადობრივი წრიდან თავის დასაღწევად.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის სახელმწიფო სერვისების გამართული მექანიზმი უნდა მუშაობდეს, მიიჩნევს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. იგივეს ამბობენ მკვლევარები, ქალთა უფლებების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივად, ეგრეთ წოდებულ „ველზე“ მომუშავე სპეციალისტები.

„სახელმწიფოს მხრიდან სწორი პრევენციული ღონისძიებების გატარებით, თავიდან იქნებოდა აცილებული ძალიან ბევრი შემთხვევა ქალთა მკვლელობის. შემცირებულია შემაკავებელი ორდერების გამოცემის სტატისტიკა, გამოძიების დაწყების მაჩვენებელი, ფაქტები, როდესაც დანაშაულს წინ უძღოდა შეტყობინებები ქალების მხრიდან პოლიციაში, სავარაუდო, მოსალოდნელი დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ეს ყველაფერი ნეგატიურ შედეგამდე მიდის და აისახება ფემიციდის შემთხვევების გაზრდილი მაჩვენებლით.“,- გვეუბნება ლონდა თოლორაია, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი და კანონის უზენაესობის ცენტრის ხელმძღვანელი.

უკანასკნელ პერიოდში არაერთგზის, მათ შორის პარლამენტის წევრების მხრიდან დაფიქსირდა არაჯეროვანი მიდგომები ქალთა მიმართ. მკვლევრები და ქალების უფლებების მიმართულებით, ხანგრძლივი გამოცდილების მქონე სპეციალისტები „ამერიკის ხმასთან“ ამ საკითხის თაობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ ამ ყველაფერმა ტენდენციის სახე მიიღო და უარყოფითად აისახება გენდერული ცნობიერების განვითარებაზე, წაახალისებს გენდერული მოტივით ჩადენილ ძალადობას.

„სახელმწიფოს არ აქვს, ფართო გაგებით, ძალადობის მიზეზებთან დაპირისპირების პოლიტიკა. ჩვენს საზოგადოებაში არსებული პატრიარქატული განწყობები და წარმოდგენები ქალთა დაქვემდებარებისა და ჩაგვრის ლოგიკაზე დგას. ამ განწყობებთან დაპირისპირებებს სჭირდება სერიოზული საინფორმაციო პოლიტიკა, ძალიან ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები პოლიტიკური ლიდერების მხრიდან და ბუნებრივია, ცვლილებები განათლების სისტემაში. თუმცა ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი გახდა პრემიერ მინისტრი, ქალთა თანასწორობის შესახებ განცხადებები მაღალი ეშელონებიდან, სულ უფრო მცირედ ისმის,“- გვეუბნება თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი.

„ამ ბოლო დროს, ორი ტენდენცია შეინიშნება, რაც ძალიან ცუდი მესიჯია საზოგადოებისთვის. პირველი, ძალადობას ვხედავთ მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის სახელმწიფო ორგანოებში, საკანონმდებლო ორგანოშიც კი. ეს, თითქოს, ჩვეულებრივ ამბად იქცა. ქალების მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, ფიზიკური შეხების შემთხვევებიც გვქონია, რაზეც შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა და მეორე, ესაა შერჩევითი სამართალი. როდესაც ხდება ლმობიერი და მსუბუქი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება მათ მიმართ, ვინც არიან ხელისუფლებასთან შეზრდილი პირები, ვინც პრო სახელისუფლებო მესიჯ-ბოქსს ატარებენ,“- ამბობს ლონდა თოლორაია.

25 ნოემბერს, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფისი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია:

“საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. ბოლო წლების მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ მიმართულებით, რაც განპირობებულია მულტისექტორული, კოორდინირებული მიდგომითა და მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებით. ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის საბოლოო ანგარიშში დადებითად არის შეფასებული გენდერულ ძალადობაზე ინსტიტუციების მიერ რეაგირება და ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს პასუხი ძალადობაზე არის ქმედითი და მკაფიოდ განსაზღვრული.“

ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმეს ელჩებმაც. “დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა სახლში, სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას პარტნიორის მხრიდან ან ნებისმიერი სხვა სახის სექსუალურ ძალადობას ცხოვრების მანძილზე წარმოშობის, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურისა თუ რელიგიის მიუხედავად. დღეს მაქვს ერთი მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი: ნუ გაჩუმდებით! ეს არ არის პირადი საკითხი, არც ქალთა საკითხია. ეს არის მთელი საზოგადოების და მთელი საქართველოს მოსახლეობის პრობლემა. თუ ხედავთ ძალადობას სახლში, სექსუალურ შევიწროებას სამსახურში ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ინტერნეტში – ამის შესახებ შეატყობინეთ. ეს არის დანაშაული. ეს ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა”,- ამბობს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

გენდერული ნიშნით მოტივირებული და ჩადენილი დანაშაულების თაობაზე სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობის მხრივ, გამოწვევების თაობაზე გენდერის მკვლევრები და ქალთა უფლებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ. სახალხო დამცველის ანგარიშშიც კი, რაც ფემიციდსა და ფემიციდის მცდელობების ანალიზს მოიცავს, მხოლოდ 2021 წლის სტატისტიკაა გაანალიზებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2021 წელს 22 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 11 შემთხვევა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო 11 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. ასევე, გამოვლინდა 31 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 16 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 15 შემთხვევა – სხვა მოტივით.

თამარ დეკანოსიძე, ევრაზიის რეგიონული წარმომადგენელი ორგანიზაციაში „Equality Now”, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ნაადრევი ქორწინება ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რაც დღევანდელ რეალობაში ბევრ ქალს ხელს უშლის განვითარებაში. „2018 წელს ჩატარებულ „იუნისეფის“ კვლევაში ნათქვამია, რომ 20-დან 24 წლამდე ქალების 14 პროცენტი დაქორწინდა 18 წლის ასაკამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ვისაუბრებთ ნაადრევი ქორწინების ტრადიციაზე ისე, თითქოს ის მხოლოდ 90-იან წლების საქართველოსთვის იყოს დამახასიათებელი. დღესაც, საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ქართველი ქალებისა აწუხებს აღნიშნული პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვანთა ქორწინება განიხილებოდეს, როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევა და მასთან დაკავშირებული ქმედებები მიიჩნეოდეს დანაშაულად,“- ამბობს თამარ დეკანოსიძე.

არასრულწლოვანთა ქორწინება გულისხმობს მის მიმართ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენას, მათ შორის სექსუალური ხასიათის დანაშაულს. მნიშვნელოვანია, რომ პირები, ვინც 16 წელს მიღწეულ ადამიანთან ახორციელებენ სქესობრივ კავშირს, რეალური სასჯელის წინაშე დადგნენ. საქართველოში არსებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ უმეტესწილად, დანაშაულის ჩამდენი ან დაუსჯელი რჩება, ან ფულადი ჯარიმით ამოიწურება მისი პასუხისმგებლობა.

„დღეს-დღეობით, სახელმწიფო პოლიტიკა არასრულწლოვანთან ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით, უმეტესწილად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში, იმ საქმეებისა, რომელზეც გამოძიება იწყება არასრულწლოვანთან ქორწინების ფაქტზე და იძიებენ სქესობრივი ხასიათის, სექსუალური ძალადობის დანაშაულს, დამნაშავეები რეალური სასჯელის დაკისრების გარეშე რჩებიან. დიახ, ფაქტობრივად, დაუსჯელია ეს დანაშაული საქართველოში. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ სახელმწიფოს კვლავ არ აქვს მკაცრი პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ ქალთა და გოგონათა მიმართ ყველა სახის ძალადობას ეფექტიანად ებრძოლოს და მასში ჩადოს სათანადო დრო და რესურსი,“- გვეუბნება თამარ დეკანოსიძე.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას სამოქალაქო აქტივისტი, თოზუ გულმამედლი ამბობს, რომ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, იმედი არ აქვს, თუნდაც 10 წელიწადში რომ გაჯანსაღდეს ვითარება ბავშვთა ქორწინების მიმართულებით. თოზუ გულმამედლი საქართველოს მოქალაქეებზე საუბრობს, ვინც ეთნიკური ტრადიციებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს, ერთგვარად, მიტოვებული ჰყავს. მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს საზარელი მკვლელობა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში. 14 წლის აითაჯ შახმაროვა ასიმ ასლანოვმა მოკლა. აითაჯი 13 წლის იყო, როდესაც იძულებით დანიშნეს. ეს ამბავი მოტაცებითა და იძულებითი ქორწინებით გაგრძელდა, რა დროსაც გოგონამ რამდენჯერმე სცადა გაქცევა.

თოზუ გულმამედლი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ აითაჯის მიმართ ჩადენილი სისტემური ძალადობის თაობაზე საქმის კურსში იყო სკოლის ადმინისტრაციაცა და სოფლის მოსახლეობაც, თუმცა ამ „გარემოცვამ“ არ მიიჩნია, რომ აითაჯის თავს რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა. ბავშვთა ქორწინება ადგილობრივ თემში ჩვეულებრივ ამბადაა მიჩნეული. ამის შესახებ თვალს ხუჭავს სახელმწიფო – ზოგადად, ადგილობრივად კი პოლიცია და ადმინისტრაციული ორგანოები. ამიტომაც, თოზუ გულმამედლის მოლოდინი არ აქვს, რომ აითაჯის შემზარავი მკვლელობა გოგონათა მდგომარეობას გააუმჯობესებს და საზოგადოებას გამოაფხიზლებს.
„თემმა დაინახა, რომ 13 წლის ასაკში დანიშნეს ეს გოგო, არაფერი რეაგირება არ მომხდარა. მოიტაცეს, გაქცევა სცადა – არავინ ჩაერია… ჩანს, რომ დამნაშავე ხელ-ფეხ გახსნილია. შეგიძლია, 13 წლის გოგო მოიტაცო, იძალადო მასზე სექსუალურად, სცემო, ამ ყველაფერში არავინ ერევა, მაგრამ თუ მოკლავ, მაშინ პრობლემები შეგექმნება. მკვლელობის გამო, სხვაც რომ მოკლა, სრულწლოვანი, კი იქნება რეაგირება. ანუ, აითაჯის ამბავში მთელი პრობლემა მისი მკვლელობა აღმოჩნდა და არა ის დანაშაულების ჯაჭვი, რაც მის მიმართ მანამდე ხდებოდა. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ამბავი ჩვენს საზოგადოებაში რამეს შეცვლის. სკოლის მიმართაც კი, გამოძიება რომ დაიწყო, შეწყდა. სკოლა რომ ხელს აფარებდა ამ დანაშაულს ერთი წლის განმავლობაში, ამაზეც კი არ დაიწყო გამოძიება. ამ ფონზე, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ჩვენ, რომ აითაჯის საქმე რამეს შეცვლის თემში, ან ზოგადად?“ – ამბობს თოზუ გულმამედლი.
გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის პრევენცია, ისევე როგორც მსხვერპლთა დაცვა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, – ნათქვამია პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანია საქართველოში 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

წყარო: