“ილია დარჩიაშვილის გამოსვლაში სხვა ტონი უნდა ყოფილიყო” – რომან გოცირიძე
დარჩიაშვილის მიმართვა უნდა ყოფილიყო პერსონალური – უნდა ყოფილიყო დაგმობილი მინისტერიალში ლავროვის მონაწილეობა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეუთოს მინისტერიალში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მონაწილეობასა და სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ყველაზე ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოს უარი ეთქვა მონაწილეობაზე.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა, ისევე, როგორც ეს გააკეთა 5-მა ქვეყანამ. ჩვენ ვნახეთ, რომ თავდასხმის ობიექტი იყო საქართველო და მოყვანილი იყო, როგორც დასასჯელი ქვეყნის ნიმუში. ასეთ ვითარებაში საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა უნდა ყოფილიყო უფრო მკვეთრი, უნდა ყოფილიყო პირდაპირი პასუხი და არა ის, რომ სახლში მომზადებული რაღაც ტექსტით გამოვიდა. მასში ბუნებრივია, კრიტიკული ელემენტებიც იყო, მაგრამ როცა დარბაზში ზის ადამიანი, რომელიც ჰააგის სასამართლოზე უნდა გასამართლდეს, პერსონალური მიმართვაც უნდა ყოფილიყო მის მიმართ და სხვა ტონი უნდა ყოფილიყო გამოსვლაში. ყველაზე ლოგიკური იყო, რომ არ მიეღო საქართველოს მონაწილეობას, ბოლოსდაბოლოს თუ იღებდა, წინასწარ უნდა ყოფილიყო დაგმობილი ლავროვის დაშვება ამ კონფერენციაზე,“ – განაცხადა გოცირიძემ.