1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ომის დროს მორიგი ზამთრის მოახლოების გამო უკრაინაში ოპტიმიზმი ქრება”-The Guardian
“ომის დროს მორიგი ზამთრის მოახლოების გამო უკრაინაში ოპტიმიზმი ქრება”-The Guardian

“ომის დროს მორიგი ზამთრის მოახლოების გამო უკრაინაში ოპტიმიზმი ქრება”-The Guardian

518
0

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „ომის დროს მორიგი ზამთრის მოახლოების გამო უკრაინაში ოპტიმიზმი ქრება“ (ავტორი – შონ უოლკერი). „უკრაინის საზოგადოებაში ვრცელდება ხმები ხელისუფლების ზედა ფენებში არსებული დაძაბულობისა და არმიის დაქანცვის თაობაზე, კონტრშეტევის ჩაშლით გამოწვეულ იმედგაცრუებაზეც, რაც  კიევის მდგომარეობას ასუსტებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დღეისათვის კიევში ჯერ-ჯერობით ოდნავ, მაგრამ გარკვეული უიმედობა მაინც შეიმჩნევა და ეს არამარტო ზამთრის სიცივეების მოახლოების გამო. უკრაინელთა გულგატეხილობა ძირითადად განპირობებულია საშინაო და საგარეო ფაქტორების  ერთობლიობით, რომლებმაც შექმნეს ყველაზე რთული და მძიმე პერსპექტივა ომის დაწყებიდან, მიმდინარე წლის ზაფხულის ჩათვლით, როცა ყველას ეგონა, რომ კიევი სწრაფად გაიმარჯვებდა რუსეთზე.

აღტაცებამ და ეიფორიამ გაიარა

„გასული წლის ბოლოსა და ამ წლის დასაწყისში ყველა ეიფორიაში იყო, იმედი ჰქონდათ, რომ არმია გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებოდა, მაგრამ ახლა ჩვენ მეორე უკიდურესობის მოწმენის ვართ – დაცემისა და უიმედობისა. ვფიქრობ, რაღაც დროის შემდეგ ჩვენ კიდევ დავინახავთ გარკვეულ აღმაფრენას და დაცემას ქვეყნის საზოგადოების განწყობებში“, – ამბობს ბარტოშ ციხოცკი, რომელმაც გასულ თვეში დაასრულა პოლონეთის  ელჩად ოთხწლიანი ყოფნა უკრაინაში.

დადის ხმები პრეზიდენტის გუნდში შექმნილ დაძაბულობაზე, აგრეთვე ვოლოდიმირ ზელენსკისა და გენერალ ვალერი ზალუჟნის შორის მომხდარ შეხლა-შემოხლაზე. ყველასათვის სამწუხაროდ, წარუმატებლად დასრულდა ზაფხულში დაწყებული და დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა – უკრაინის არმიამ ვერ გადალახა რუსეთის გამაგრებული ზღუდეები, ფორტიფიკაციები და დანაღმული ველები.

ორწლიანი ბრძოლებით გამოწვეული ჯარის დაქანცვა, აგრეთვე ჯარისკაცთა დიდმა მსხვერპლმა და დასავლელი მოკავშირეებისაგან იარაღის მიწოდების ნელმა ტემპმა ისეთი კუმულატიური ეფექტი გამოიწვია, რომ პირველად ომის დაწყებიდან, უკრაინაში გაისმის ხმები, რომ დადგა დრო ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკების შესაძლებლობაზე დაფიქრდეს, თუმცა  ბევრი აღიარებს, რომ მოლაპარაკება სარისკო იქნება და შეიძლება მეტი სარგებელი რუსეთმა მიიღოს.

უკრაინის ფრონტებზე კიევისათვის შექმნილ არახელსაყრელ ვითარებას ემატება ახლო აღმოსავლეთის კრიზისიც. „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა იმ საშინელი ტრაგედიას წარმოადგენს, რომელმაც უკრაინისაგან ყურადღება ისრაელზე და პალესტინაზე გადაიტანა. დასავლეთისაგან საბრძოლო მასალებით დახმარება ისრაელსაც დაჭირდა და ამიტომ სასწრაფოდ მოხდა შეიარაღების მიწოდების გადამისამართება. დასავლეთის დედაქალაქებში მატულობს „უკრაინით დაღლა“, ხოლო კიევის მთავარ მხარდამჭერ აშშ-ში, დიდი ალბათობით, შეიძლება თეთრი სახლის ადმინისტრაციის მეთაურად უკრაინის ძველი მოწინააღმდეგე დონალდ ტრამპი დაბრუნდეს, რაც დიდი დარტყმა იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისათვის.

თუმცა არის რამდენიმე დამაიმედებელი მომენტიც: ბრძოლის ველიდან მოდის ცნობები, რომ უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა მოახერხეს დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა და პოზიციების გამაგრება, აგრეთვე ის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს შეტევები რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე. რაც შეეხება დიპლომატიურ ფრონტს, სიტუაციის გარკვეული გამოცოცხლება მოახდინა  ევროკავშირის განცხადებამ, რომ ბრიუსელი უკრაინის ევროკავშირში მიღებისათვის მოლაპარაკებას იწყებს.

და მაინც ამჟამად, როცა უკრაინელები კიდევ ერთი ცივი ზამთრისათვის ემზადებიან, როცა, დიდი ალბათობით, განახლდება რუსეთის საჰაერო შეტევები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რაკეტებისა და დრონების მეშვეობით, ექვსი თვის წინანდელი ოპტიმიზმი, რომ რუსეთი დამარცხდება და „ყირიმ-დონბასის დაბრუნება ერთ ან ორ დღეში გადაწყდებაო“, ფაქტიურად უკვე გაქრა.

„ეს არ იქნება ის გამარჯვება, რომელზეც ჩვენ ვოცნებობდით. ბრძოლები უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ჩვენ გვეგონა“, – ამბობს ოფიცერი ვლადიმერ ომელიანი, უკრაინის ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი, რომელიც ომის დაწყებისთანავე უკრაინის არმიის რიგებში ჩაეწერა და ფრონტზე იბრძვის, კაპიტნის ჩინით.

„მოლაპარაკება“ – აკრძალული სიტყვა

უკრაინელთა უმრავლესობა აღიარებს, რომ სანამ რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი იმყოფება, უკრაინისთვის მტკიცე მშვიდობა მიუღწეველი იქნება და საბრძოლო მოქმედებების დროს ყოველ პაუზას კრემლი თავისი არმიის გადაიარაღებისათვის გამოიყენებს. გამოკითხვები მოწმობს, რომ უკრაინის მოქალაქეთა უმრავლესობა რუსეთთან მოლაპარაკების მოწინააღმდეგეა, განსაკუთრებით კი ისეთი მოლაპარაკებისა, რომელიც ტერიტორიების დათმობას გულისხმობს.

იმავდროულად აშკარაა, რომ უკრაინას ძალები ნამდვილად ელევა, არმია განუწყვეტელი ბრძოლისაგან სუსტდება, იღლება, შეიარაღება არასაკმარისია, გართულდა არმიაში გაწვევა და რაც მთავარია, ზაფხულის კონტრშეტევის ჩაშლამ ბევრს გული გაუტეხა. ამ ყველაფერმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ზოგიერთებმა უკვე ფრთხილი ლაპარაკი დაიწყეს, კიევის ამჟამინდელი მიდგომები უნდა შეიცვალოსო.

„არჩევანი ძალიან მარტივია: თუ ჩვენ მზად ვართ ყირიმისა და დონბასის გათავისუფლებას კიდევ 300 ათასიდან 500 ათასამდე ჯარისკაცის სიცოცხლე შევწიროთ, თუ ჩვენ დასავლური ტანკების და F-16-ების საკმარის რაოდენობას მივიღებთ, მაშინ შეგვიძლია კიდევ ერთი კონტრშეტევა დავგეგმოთ“, – ამბობს კაპიტანი ვლადიმერ ომელიანი, – მაგრამ მე ვერ ვხედავ დამატებით 300-500 ათას ჯარისკაცს და ვერც დასავლეთის ძალისხმევას იმდენი იარაღი მოგვცეს, რამდენიც გვჭირდება. ამის ალტერნატიული ვარიანტია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა მშვიდობიანი პერიოდი დადგეს და მასშტაბური რეფორმები გატარდეს, გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი და დაველოდოთ, როცა რუსეთი ომის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს, სწორედ მაშინ უნდა დავიბრუნოთ ყირიმი და დონბასი“.

მაგრამ ყოფილი მინისტრისა და ამჟამინდელი კაპიტანის ნათქვამი, როგორც ჩანს, სასურველის სინამდვილედ წარმოჩენის მცდელობას წარმოადგენს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნებისმიერი მოლაპარაკება „წყალს მხოლოდ რუსების წისქვილზე დაასხამს“ – იმის გათვალისწინებით, რომ კრემლის საბოლოო მიზანს უკრაინის მთლიანად დამორჩილება წარმოადგენს.

იმავდროულად კი, როგორც ამას წინათ ამერიკულ „თაიმში“ გამოქვეყნებული ჟურნალისტ საიმონ შუსტერის სტატიით ირკვევა, უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ უკრაინის გამარჯვების მესიანურ რწმენაში: „ჩვენ არანაირი ვარიანტი აღარ გვაქვს. ომს ვერ მოვიგებთ, მაგრამ აბა სცადეთ და ეს პრეზიდენტს უთხარით…“, – ამბობს საიმონ შუსტერთან საუბარში პრეზიდენტის ერთ-ერთი თანაშემწე.

კიევი და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი

„ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული შეტევა უკრაინისთვის მძიმე აღმოჩნდა სამი მიზეზის გამო: პირველი – ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების განახლებამ კიევს ის შედეგი მოუტანა, რომ პირველად 2022 წლის თებერვლის შემდეგ, უკრაინის თემამ დასავლელი პოლიტიკოსების გონებაში უკანა პლანზე გადაიწია და მათთვის დღეს მთავარ საგარეოპოლიტიკურ საკითხს აღარ წარმოადგენს – ალბათ, ასე იქნება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მეორე – პრეზიდენტის აღიარებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის გამო უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდება შემცირდა და ამით კიდევ უფრო გამწვავდა საბრძოლო მასალების დეფიციტი, რომელიც ისედაც არსებობდა. მესამე – ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებამ მკვეთრი პროისრაელური პოზიციის დაკავების თაობაზე და იმ განცხადებამ, როცა მან „ჰამასს’“და რუსეთს „ერთნაირი ბოროტება“ უწოდა, ახლო აღმოსავლეთის [არაბული ქვეყნები] გაანაწყენა და ამით უკრაინას მხარდამჭერთა წრე შეუმცირა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის აღიარებით, ბევრ არადასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობაში უკრაინისათვის „აცივება“ დაიწყო, რაც კიევისათვის შემაშფოთებელ სიგნალს წარმოადგენს.

კიევი და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერსპექტივა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა და თეთრ სახლში დონალდ ტრამპის პოტენციური დაბრუნება (რომელიც ხშირად აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტს სწრაფად შეწყვეტს), ბევრისთვის კიევში შემაშფოთებელ პერსპექტივას წარმოადგენს.

მართალია, უკრაინელი ჩინოვნიკები საჯაროდ აცხადებენ, რომ დარწმუნებულნი არიან –  „თეთრი სახლის მხარდაჭერა ყველა სიტუაციაში გარანტირებული იქნება, ნებისმიერი პრეზიდენტის მხრიდანო“, მაგრამ კერძო საუბრებში შეშფოთებას გამოხატავენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. „ამ საკითხის განხილვა კიევში ჩვენი ყოველი შეხვედრის დროს ხდება ხოლმე“, – ამბობს მაიკლ მაკფოლი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, რომელიც ამჟამად ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციასთან მუშაობს და ხშირად ხვდება პრეზიდენტს და მის გარემოცვას კიევში.

რეალობა ისეთია, რომ ამერიკელ რესპუბლიკელებს დონალდ ტრამპის გარეშეც შეუძლიად ჯო ბაიდენის მთავრობისათვის ხელის შეშლა უკრაინის დახმარების საკითხში. ამ მხრივ კონგრესი პარალიზებულია – რესპუბლიკელთა დაჟინებული მოთხოვნით, „შატდაუნის“ არცერთ ბიუჯეტში უკრაინისადმი დახმარება გათვალისწინებული არ არის. პრობლემა იმდენად შემაშფოთებელია, რომ მისი მოგვარების მცდელობის მიზნით, ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი გაემგზავრა.

„ჩერჩილის ფენომენი ზელენსკისათვის“

რუსეთთან ომის პირველი წელიწადის განმავლობაში უკრაინელები ვოლოდიმირ ზელენსკის ირგვლივ დაირაზმნენ, პრეზიდენტით აღფრთოვანებულნი იყვნენ და მისი მოწოდებებს სჯეროდათ, თუმცა რაც დრო გადიოდა, საზგადოებაში აღმაფრენის განწყობა სუსტდებოდა.

ერთ-ერთი საინფორმაციო წყაროს ცნობით, პრეზიდენტი ძალიან იყო შეშფოთებული „ჩერჩილის ფენომენით“, რომელიც ნიშნავს, რომ ომის დროს წარმატებული ლიდერი შეიძლება არჩევნებში დამარცხდეს. მომავალი წლის მარტში უკრაინაში, კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ  ომის გამო შეიძლება არჩევნები გადაიდოს და პრეზიდენტს უფლებამოსილება გაუგრძელდეს. იყო ლაპარაკი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ისარგებლებდა ამ შესაძლებლობით და ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებდა, ახალი მანდატის მისაღებად, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამ სავარაუდო განზრახვის წინააღმდეგ გამოვიდა. საბოლოო ჯამში თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა არჩევნების ჩატარება, მაგრამ როგორც ოპოზიციური პოლიტიკოსები იმედოვნებენ, „ხალხის მსახური“ პრეზიდენტი მშვიდობის დროს ჩატარებული არჩევნების შედეგად პოსტს აუცილებლად დატოვებს – მისი საქმე უინსტონ ჩერჩილივით იქნება, [რაც მას 1945 წელს მოუვიდა]. სხვათა შორის, უკრაინულ „ტელეგრამ-არხებში“ პრეზიდენტის მიმართ უკვე ბევრი „შავი პიარი“ და კომპრომატები ვრცელდება.

„უკრაინაში პოლიტიკური ბრძოლა დაბრუნდა…“

ჯერ-ჯერობით ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი კვლავ მაღალია – ისევე, როგორც გენერალ ვალერი ზალუჟნის რეიტინგი, რომელსაც მომავალ სავარაუდო პრეზიდენტად თვლიან, თუმცა პირადად მას რაიმე პოლიტიკური ამბიციები ამ ეტაპზე არ გამოუმჟღავნებია. მართალია, ჟურნალი „ეკონომისტი“ იუწყებოდა, რომ ზელენსკი თავის გენერალს არ ეთანხმება ომის ჩიხში შესვლისა და ფრონტზე „პატური სიტუაციის“ შექმნასთან დაკავშირებითო, მაგრამ პრეზიდენტის ოფისიდან ირწმუნებიან, რომ დაპირისპირება ზელენკისა და ზალუჟნის შორის არ არსებობს.

ბარტოშ ციხოცკი, პოლონეთის ყოფილი ელჩი უკრაინაში, აცხადებს, რომ ბოლო თვეებში უკრაინის საშინაო მოვლენებში პოლიტიკური ბრძოლის გამოცოცხლება შეინიშნება: „უკრაინაში პოლიტიკა დაბრუნდა. პირვანდელმა კონსოლიდაციამ, რომელიც უკრაინელებს ბოროტების წინააღმდეგ ძალას აძლევდა, გაიარა. ახლა პროცესები სხვაგვარად განვითარდება“.

წყარო