“მსოფლიო დაიღალა უკრაინის ომით, ახლა ყველას ყურადღება ღაზასკენაა მიპყრობილი”-Associated Press
ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრესი“ (Associated Press) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „მსოფლიო დაიღალა უკრაინის ომით, ახლა ყველას ყურადღება ღაზასკენაა მიპყრობილი.
უკრაინელები შიშობენ, რომ ასეთი სიტუაცია მათთვის საზარალოა“ (ავტორი – ჰანა არხიროვა და ლორი ჰინანთი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
როცა ნიდერლანდელმა მენეჯერმა, წარმოშობით უკრაინელმა ტიმოფეი პოსტიუკმა და მისმა მეგობრებმა შარშან, ომის დაწყებისას, უკრაინის დახმარების მიზნით, ონლაინ-კამპანია დაიწყეს, შენაწირი ფული მთელი მსოფლიოდან წამოვიდა. იმ თანხით კიევის არმიისათვის სხვადასხვა აუცილებელ მოწყობილობებს და ნივთებს ყიდულობდნენ.
მაგრამ რუსეთთან საომარი მოქმედებების გაგრძელების კვალობაზე ფულის შემომწირველ ადამიანებს თითქოსდა „დაღლილობა“ დაეტყოთ, თანხის ნაკადმა მოიკლო, მაგრამ შეწირვა მაინც სტაბილურად გრძელდებოდა. შემდეგ კი, როცა „ჰამასი“ ისრაელში შეიჭრა და „იქს-ქსელი“ (ყოფილი „ტვიტერი“) ახლო აღმოსავლეთის ამბებით გაივსო, „ჩვენი პოსტები და თხოვნები ფულით დახმარების თაობაზე ისრაელ-„ჰამასის“ ომის შესახებ საინფორმაციო ოკეანეში დაიკარგა“, – ამბობს ტიმოთე პოსტიუკი.
აშკარაა, რომ მსოფლიოს საზოგადოების ყურადღება უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთზე არის გადართული, ანუ უკრაინით დაინტერესებამ უკანა პლანზე გადაიწია. ეს ტენდენცია ბევრი უკრაინელისათვის შემაშფოთებელია: ისინი შიშობენ, რომ გლობალურ დაღლილობასთან ერთად, უკრაინის დახმარების პროგრამებს ახლა კონკურენციას ღაზას სექტორის და ისრაელის მოსახლეობისათვის დახმარების პროგრამები გაუწევს, დასავლეთის დახმარების ძირითადი ნაკადი ისრაელისკენ იქნება მიმართული, რაც საბოლოო ჯამში უკრაინის არმიასა და რუსეთთან მის წინააღმდეგობას დაასუსტებს.
„რაც უფრო მეტს ვლაპარაკობთ ჩვენს ომზე, ის მით უფრო ნაკლებ დაინტერესებას იწვევს უცხოეთის მოსახლეობაში და პოლიტიკურ წრეებში“, – ამბობს 21 წლის ივან მახურიაკი, რომელიც ლვოვში (დასავლეთ უკრაინაში) ცხოვრობს.
ისევე როგორც ბევრი უკრაინელი, ისიც ამჩნევს, რომ მსოფლიომ უკრაინის ომისადმი ყურადღება აშკარად შეასუსტა, თანაც ბევრად უფრო ადრე, სანამ ისრაელისა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გაჩაღდებოდა.
ივან მახურიაკის აზრით, დაღლილობა იმიტომ გაჩნდა, რომ შარშანდლისაგან განსხვავებით, როცა კიევისა და ხარკოვის ოლქებში უკრაინის ჯარმა რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი გაათავისუფლა, მიმდინარე წელს საომარი მოქმედებების დინამიკა დაბალია. კონტრშეტევა გაჭიანურდა, წარმატება ისეთი არ არის, როგორსაც დასავლური საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა ელოდებოდა.
უკრაინის მასმედიისა და მმართველი პარტიის მიერ ფართოდ რეკლამირებული კონტრშეტევა, რასაც ზაფხულში დასავლური მასმედიაც აჰყვა, დღეს ფაქტობრივად შეჩერებულია. უკრაინის არმია დიდი ხანია ერთ ადგილს ტკეპნის და წინ ვერ მიდის. სამწუხაროდ, ეჭვი გაჩნდა დახმარების სრულად მიღების საკითხშიც, რადგან მთავარი სპონსორის – ამერიკელ პოლიტიკოსებში და ამერიკულ საზოგადოებაში ბატალიები მიმდინარეობს – გაგრძელდეს თუ არა უკრაინისადმი დახმარება ძველებური ტემპებით. ამჟამად აშშ-ის კონგრესის ყურადღების ფოკუსში ახლო აღმოსავლეთია მოქცეული.
უკრაინისადმი სოლიდარობის თვალსაზრისით უთანხმოებაა გაჩენილი ევროკავშირშიც, რომელიც აცხადებს, რომ არ შეუძლია რამდენიმე თვის წინ დაპირებული საბრძოლო მასალების მიწოდება. ადვილად შესამჩნევია, რომ ევროკავშირის ლიდერთა სამიტებზე ბოლო დროს ძირითადად ახლო აღმოსავლეთის პრობლემატიკა დომინირებს.
მართალია, აშშ-ის პრეზიდენტი მუდმივად აცხადებს, რომ ისრაელისა და უკრაინის საკითხი სასიცოცხლოდ აუცილებელია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის (რაც 8 ნოემბერს კიევში მყოფმა აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა პიტერ ბუტიჯიგმაც დაადასტურა – „ახლო აღმოსავლეთთან ერთად, ჩვენ კვლავ დიდ ყურადღებას ვუთმობთ უკრაინას და მას ერთგულებას ვუცხადებთ“), უკრაინელები მაინც შეშფოთებულები არიან.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დასავლეთის დაღლილობა“ აღიარა და განაცხადა, რომ „ახლო აღმოსავლეთის კრიზისი რუსეთისათვის და პირადად ვლადიმერ პუტინისთვის მომგებიანია. იგი კმაყოფილია“.
მილიონობით უკრაინელისათვის მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ მათ წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომი გაჭიანურდება და გაურკვეველია, როდის დასრულდება.
„როგორც დამთრგუნველად არ უნდა ჟღერდეს, მე საკუთარ თავს ვამზადებ იმისათვის, რომ ეს ომი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდება“, – ამბობს ზოია კრასოვსკაია, 34 წლის ლვოველი ქალბატონი, რომლის თქმით, მას ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინის დასახმარებლად განკუთვნილ რესურსებს სხვა კონფლიქტებისაკენ მიმართავენ. „ეს იმას ჰგავს, როცა ადამიანს ეუბნებიან – განუკურნებელი სენი გჭირს და ასეთ მდგომარეობაში უნდა იყო სიცოცხლის ბოლომდე“, – აღნიშნავს ზოია კრასოვსკაია.
2022 წლისაგან განსხვავებით, როცა უკრაინელების მორალური სულისკვეთება ბევრად მაღალი იყო, ყველანაირი სირთულეების მიუხედავად – როცა არც წყალი, არც ელექტროენერგია და არც სითბო არ იყო, ამ ზამთარს ისინი გულგატეხილები და იმედგაცრუებულნი ხვდებიან – კონტრშეტევაც შეჩერდა და დასავლური იარაღიც არასაკმარისია.
ტიმოთე პოსტიუკი, რომელიც ამჟამად ფონდს „გზა უკრაინისაკენ“ ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ მისი გუნდი ელოდა, რომ შემოწირულებები შემცირდებოდა, მაგრამ არა ამდენით და ასეთი არასასურველი დინამიკით. რაც ისრაელ-„ჰამასის“ ომი დაიწყო, ორჯერ მეტი დრო ჭირდება იმდენი თანხის შეგროვებას, რისთვისაც ადრე ორი კვირა იყო საჭირო, მაგალითად, საარმიო ავტომობილის ყიდვის მიზნით, რომელიც 8 ათასიდან 14 ათასამდე დოლარი ღირს.
ფონდმა თავისი არსებობის განმავლობაში თითქმის 147 ათასი დოლარი შეკრიბა, რომლითაც უკრაინის არმიის 13 ბრიგადას სატრანსპორტო საშუალებები იყიდეს, მათ შორის 15 პიკაპი, სამი ყველგანმავალი, სასწრაფო დახმარების მანქანები და დრონები.
უკრაინაში, გარკვეული პესიმიზმის მიუხედავად, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ.
ივან ბეზბუდნი, 26 წლის კიეველი, რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი აქტების დოკუმენტირებით არის დაკავებული. მის საქმიანობაზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისს არავითარი გავლენა არ მოუხდენია და იგი ფიქრობს, რომ უკრაინის მიმართ ინტერესის დაქვეითება დროებითია.
„როცა ისრაელისა და „ჰამასის“ ომისადმი ინტერესი შესუსტდება – და მე ვფიქრობ, რომ ეს მალე მოხდება – ჩვენს მიმართ გაძლიერდება“, – ამბობს იგი, – შეიძლება ისეთი მაღალი დონით არა, როგორც შარშან თებერვალში ან მარტში იყო, მაგრამ უფრო მეტი იქნება, ვიდრე დრეს არის“.