“არანაირი ფული არ გიშველის, როცა შენი სახეა: გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი” – ირაკლი კობახიძე
„ლელოს“, ძირითადად, ტელევიზიების იმედი აქვს. ეს არის პოლიტიკური კლუბი, რომელიც არსებობს მხოლოდ რაღაც სატელევიზიო პლატფორმაზე. არის ორი ტელევიზია – 200 ათას ლარს „ტვ პირველს” უხდის, 240 ათასს „მთავარ არხს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „არანაირი ფული არ გიშველის, როდესაც შენი სახეები არიან გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი, ასეთი სახეებით როგორ შეიძლება, გინდოდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვა“.
„ლელოს“, ძირითადად, ტელევიზიების იმედი აქვს. ეს არის პოლიტიკური კლუბი, რომელიც არსებობს მხოლოდ რაღაც სატელევიზიო პლატფორმაზე. არის ორი ტელევიზია. ერთს თვეში 200 ათას ლარს უხდის, მეორეს 240 ათასს. 200 ათასს “ტვ პირველს”, 240 ათასს “მთავარ არხს”. მთავარია ამ ორმა ტელეკომპანიამ ერთმანეთში არ იეჭვიანონ. მთავარი გარიგების არსი ისაა, რომ „ლელო“ უფრო მეტად უნდა გაშუქდეს ამ ტელევიზიების მიერ. ამის იმედი აქვს „ლელოს“. თუ სარედაქციო პოლიტიკას დააკვირდებით, ნახავთ, რომ „ლელო“ დღეს უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი. ეს იყო კეზერაშვილი- ხაზარაძის გაერთიანება. „ლელო“ დღეს უფრო ფართოდ არის წარმოდგენილი “მთავარ არხზე” და “ტვ პირველზე”, ვიდრე მანამდე იყო. ამის საფასური „ლელოსთვის“ 440 ათასი ლარია. თუმცა არანაირი ფული არ გიშველის, როდესაც შენი სახეები არიან გრიგოლ გეგელია, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი, სამადაშვილი. ასეთი სახეებით როგორ შეიძლება, გინდოდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. რა თქმა უნდა, რაც ნაკლები სამადაშვილი და ასეთი სახეები იქნებიან შემდეგ პარლამენტში, მით უკეთესი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, მათ შორის, რატომაც არ უნდა იყოს დაწეული დაბლა საარჩევნო ბარიერი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე რისი იმედი აქვს „ლელოს“ საპარლამენტო არჩევნებზე? კობახიძემ აღნიშნა, რომ „5%-იანი ბარიერის გადალახვის იმედი ვერ ექნებათ. შეიძლება, 1%-იანი ბარიერი გადალახონ და ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღონ“.
ამ თემაზე საუბრისას ჟურნალისტმა კობახიძეს უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები შეახსენა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ მისი ჩამოთვლილი „კომიკური ფიგურებისგან“ განსხვავებით, „ესენი პატრიოტი ადამიანები არიან“.
„მიშა ყაველაშვილი ვაჟკაცი და პატრიოტი კაცი, რომელსაც თავის ქვეყანაზე გული შესტკივა და ამ ქვეყნისთვის ასჯერ მეტი აქვს გაკეთებული. ლიდერზე და არალიდერზე კი არ არის საუბარი, კომიკური ფიგურები არიან“,- განაცხადა კობახიძემ.