1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსული საზღვაო ფლოტი ოჩამჩირეში – საფრთხეები და მიზნები -“ამერიკის ხმა”
რუსული საზღვაო ფლოტი ოჩამჩირეში – საფრთხეები და მიზნები -“ამერიკის ხმა”

რუსული საზღვაო ფლოტი ოჩამჩირეში – საფრთხეები და მიზნები -“ამერიკის ხმა”

299
0

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია „ამერიკის ხმა“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსული საზღვაო ფლოტი ოჩამჩირეში – საფრთხეები და მიზნები“, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების თვალსაზრისები რუსეთის მიერ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის დაარსების შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„არ არსებობს ურთიერთობა მოსკოვთან, როცა ორივე მხარე გამარჯვებულია“ – ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოს მთავრობას შეახსენებენ, რომ მაშინაც კი, როცა მის წარმომადგენლებს ე.წ. “არგაღიზიანების, პრაგმატული პოლიტიკის“ იმედი აქვთ, ეს რუსეთთან არ იმუშავებს და ის მხოლოდ მეტის წართმევას შეეცდება. რატომ დასჭირდა მოსკოვს ოჩამჩირის პორტი, რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის და რას – საქართველოსთვის? რას შეცვლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა და რა რისკებს უქმნის ეს ანაკლიის პორტის პერსპექტივებს?

„ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ხაზს უსვამს იმას, რომ მთავრობის „პრაგმატული პოლიტიკა“ უკრაინაში ომთან და ზოგადად რუსეთთან დაკავშირებით, ჩავარდა“, – ამბობს რობერტ (ბობ) ჰამილტონი, თადარიგის პოლკოვნიკი და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის კვლევების დირექტორი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ოქტომბრის დასაწყისში თქვა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს. რუსეთის განზრახვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში დაგმეს და ეს „შავი ზღვის რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაციისთვის“ არსებულ საფრთხედ შეაფასეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართული მორიგი პროვოკაციული მცდელობაა“. ოპოზიციის წარმომადგენლები კი მმაართველ გუნდს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მათი მხრიდან ამაზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა.

“მოსკოვთან ე.წ “პრაგმატული, არგაღიზიანების პოლიტიკა” არ მუშაობს“ – ასეთია ამერიკელი ყოფილი დიპლომატებისა და ყოფილი სამხედრო ლიდერების შეფასებები ოჩამჩირეში მუდმივი რუსული საზღვაო ბაზის გახსნის თაობაზე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ერთი მხრივ კარგის ნიშანია უკრაინისთვის, რომელიც უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში განლაგებულ რუსულ საზღვაო ძალებს. მეორე მხრივ კი – სულაც არაა მოვლენათა სახარბიელო განვითარება თბილისისთვის. რადგან ომი საქართველოსთან ახლოს სწორედ მოსკოვს მოაქვს და არა – დასავლელ პარტნიორებს, როგორც ამას მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს.

„საქართველოს მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო სანქციებში მონაწილეობაზე; აღადგინა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები; პრემიერ-მინისტრმა ომი ნაწილობრივ მაინც ნატოს გაფართოებას დააბრალა; საქართველოს მთავრობა დასავლეთს ადანაშაულებს მისი ომში ჩათრევის მცდელობაში. და ირონიულია, რომ ახლა თავად რუსეთს მოაქვს ომი საქართველომდე. ესაა ბაზა, რომელიც რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას ოკუპირებულ, მაგრამ მაინც საქართველოს ტერიტორიაზე შექმნის“, – ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი და განმარტავს:
„დიახ, მას თბილისი ათწლეულებია ვერ აკონტროლებს, მაგრამ ეს მაინც იქნება სამართლებრივად ქართული ტერიტორია, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდება“.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დიდწილად მაინც რუსეთის სამხედრო აუცილებლობით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა, და არა – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალის დემონსტრირების სურვილით. რადგან მოსკოვში საქართველოს მთავრობისგან რაიმე საფრთხის შემქმნელი ნაბიჯის მოლოდინი ნამდვილად არ აქვთ. ამასთან, მათი თქმით, ცხადია საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროცესებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, თუ რამდენად ძლიერ უკმაყოფილებას გამოხატავს ის.
„ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი რუსეთი უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიის ამა თუ იმ მიზნით გამოყენებას გადაწყვეტს, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული კამპანიის მხარდასაჭერად, ეს მისი პასუხისმგებლობაა და არა – საქართველოს მთავრობის. მაგრამ ხელისუფლებისგან ამის წინააღმდეგ მეტი პროტესტის გამოხატვა და „ხმის ამაღლება“ იქნებოდა მოსალოდნელი.

„ვიმედოვნებდი, რომ საქართველოს მთავრობა გააპროტესტებდა საქართველოს მიწის გამოყენებას რუსეთის აგრესიული მიზნებისთვის. იმ ერთი მიზეზით მაინც, რომ ამას ნამდვილად მოაქვს ომი საქართველოსთან უფრო ახლოს. საქართველოს მთავრობა ზოგჯერ იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა „ომის გლობალური პარტია“. და, რას ვფიქრობთ ახლა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომის საქართველოსთან მოტანაზე? იფიქრებდით, რომ საქართველოს მთავრობა სულ მცირე გააპროტესტებდა მაინც [ამას]“, – ამბობს დენ ფრიდი.
„სამართლიანები რომ ვიყოთ, მთავრობა რუსებს ამის გაკეთებას ვერ დაუშლის, მაგრამ მათ შეუძლიათ ამის წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ“.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად წარმატებით ახერხებს უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში განლაგებული რუსული საზღვაო ფლოტისთვის საფრთხის შექმნას, ამას კი ნატოს წევრი პარტნიორების მიერ მიწოდებული უფრო და უფრო გრძელი რადიუსის სისტემებთან ერთად, ქვეყნის შიგნითვე წარმოებულ-ადაპტირებული იარაღით აკეთებს.

„უკრაინელები წარმატებით იყენებენ საზღვაო დრონებს და სხვა გრძელი რადიუსის შესაძლებლობებს, იქნება ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები თუ ის სხვა საშუალებები, რომლებიც ნატოს პარტნიორებმა მიაწოდეს ან თვითონ შექმნეს“, – უთხრა „ამერიკის ხმას“ დევიდ პეტრეუსმა, თადარიგის გენერალმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა.

„შავი ზღვის ფლოტს დასჭირდა მისი გემების დიდი ნაწილის სევასტოპოლის პორტიდან გაყვანა იმისთვის, რომ უკრაინის დარტყმის რადიუსს გასცლოდნენ. ეს საქართველოსთვის, რომელსაც ამ [აფხაზეთის] ტერიტორიის დაბრუნება შეიძლება სურდეს, გამამხნევებელი სულაც არაა. ეს ნიშნავს რუსული ძალების მეტ და მუდმივ წარმომადგენლობას იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელიც მათ მიიტაცეს“, – დასძენს დევიდ პეტრეუსი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მედიას უთხრა, რომ ოჩამჩირეში ამჟამად არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა ფრეგატების მიღებას. ამ ინფრასტრუქტურის გარდაქმნას კი სულ მცირე, სამი წელი მაინც დასჭირდება.

ექსპერტების ნაწილი ამ შეფასებას ადასტურებს: ისინი ამბობენ, რომ ოჩამჩირის პორტს ამ ეტაპზე არც საკმარისი სიღრმე აქვს და არც ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ დიდი საბრძოლო გემები მიიღოს, მაგრამ საოკუპაციო ძალები ამ პორტის გაღრმავებას უკვე ცდილობენ. ამასთან, ვაშინგტონში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შავ ზღვაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას მაინც გააუარესებს. მათ შორის, საფრთხეს შეუქმნის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის პერსპექტივას, როგორიც ანაკლიის პორტია. ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ფლოტი ანაკლიიდან 35 კმ-ით იქნება დაშორებული.
„არ ვიცი, რამდენად სწრაფად შეუძლიათ მათ იმ საჭირო ინფრასტრუქტურის აშენება, რაც გემების მისაღებად სჭირდებათ, ეს ლეგიტიმური არგუმენტია. დიახ, სამზადისს შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქნება რუსების კიდევ ერთი სამხედრო ბაზა“, – ამბობს პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი. ყოფილი სამხედრო მეთაური და ევრაზიის პროგრამის კვლევების დირექტორი ხსნის, რომ შავი ზღვის ამ ნაწილში რუსეთის ფლოტის მუდმივი განლაგება მის მავნე პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის და ამ რისკების შემცირებულად წარმოდგენა საჭირო არაა.
„ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ამის მნიშვნელობის დაკნინებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნა ნამდვილად არაა კარგი რამ. ეს ნამდვილად აყენებს ანაკლიის პორტს რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალებთან უფრო ახლო რადიუსში. ასე რომ, თუკი რუსეთი მოინდომებს, რომ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ნაოსნობას შეაფერხებს ან ხელს შეუშლის, როგორც ის ამას უკრაინული პორტების წინააღმდეგ აკეთებს, ეს მას უფრო გაუადვილდება, რადგან მისი სამხედრო გემები გაცილებით ახლოს იდგება“, – ამბობს ბობ ჰამილტონი.

ექსპერტები ეკონომიკურ რისკებზეც საუბრობენ. რადგან ანაკლიის პორტით დაინტერესებულ პოტენციურ ინვესტორებს დამატებითი კითხვები ექნებათ იმის თაობაზე, თუ რამდენად საშიშია მის სიახლოვეს განლაგებული რუსული ფლოტი. ამ კითხვებმა კი შესაძლოა პორტის პოტენციალიც დააზარალოს და მის მიმართ ინტერესიც შეამციროს.

„არსებობს ეკონომიკური რისკიც. ინვესტორები შეშფოთებულნი იქნებიან, თუკი ნახავენ, რომ ომი საქართველოსთან ახლოს მოდის“, – მიიჩნევს დენიელ ფრიდი. პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი კი ამბობს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ინვესტორისთვის ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები გადამწყვეტი იქნება:

„ვინც ამ ტიპის ინვესტიციებს აკეთებს, მრავალგვარ რისკს ითვალისწინებს. რუსეთის საზღვაო ბაზის ასე ახლოს გახსნა იმ პორტთან, რაზეც საქართველო იმედებს ამყარებს, რაც შავი ზღვის უმთავრესი პორტი და სავაჭრო კორიდორის ნაწილი უნდა გახდეს, რა თქმა უნდა არ იქნება ინვესტორებისთვის კარგი. ეს ზრდის რისკს და სავარაუდოდ გაზრდის დაზღვევის თანხებსაც ყველაფრისთვის, რაც ამ პორტში უნდა შევიდეს და გავიდეს. ყველა საზღვაო გადაზიდვა უფრო ძვირიც დაჯდება, რადგან ამ ნაპირის გასწვრივ, ზემოთ, ახლოს რუსეთის სამხედრო ბაზა იქნება“, – განმარტავს თადარიგის პოლკოვნიკი.

წყარო: