მეცნიერების საერთაშორისო დღეს ღვაწლმოსილ მეცნიერებს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის პრემია გადაეცათ
10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა ღვაწლმოსილ მეცნიერებს უმასპინძლეს, რომლებიც დღემდე განაგრძობენ აქტიურ საქმიანობას მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში. მინისტრის მოადგილემ და ფონდის გენერალურმა დირექტორმა ცნობილ მეცნიერებს მეცნიერების დღე და ამ თარიღისათვის სპეციალურად დაწესებული რუსთაველის სამეცნიერო ფონდის პრემიის მინიჭება მიულოცეს, საპატიო სიგელები გადასცეს.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ღონისძიების მონაწილეებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა. როგორც ნოდარ პაპუკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერა წარმოადგენს. ბოლო წლებში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის წევრი გახდა.
თეიმურაზ დოჭვირმა ღვაწლმოსილ მეცნიერებს მადლობა გადაუხადა მეცნიერების განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის: „განათლებისა და მეცნიერების სფეროს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ბოლო წლებში კიდევ უფრო გამოიკვეთა; რუსთაველის ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ გააგრძელებს მეცნიერების, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა-წახალისებას მათ კიდევ უფრო აქტიურად ჩასართავად სამეცნიერო საქმიანობაში, რადგან მეცნიერების სფეროს განვითარება ქვეყნის წარმატებისა და კეთილდღეობის საწინდარია“.
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის, მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მიენიჭათ ღვაწლმოსილ მეცნიერებს: მედიცინის (ფარმაცევტულ) მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ-ემერიტუსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს მზექალა შანიძეს; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს თამაზ შილაკაძეს; გეოლოგია – მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ შოთა ადამიას.
გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის 2001 წლიდან ყოველწლიურად 10 ნოემბერს აღინიშნება. მეცნიერების საერთაშორისო დღის მიზანია მეცნიერების მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, აქტუალური სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების აქტიური ჩართვა.