1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ამიტომაც დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები, რეფორმებთან დაკავშირებით”- ჯეიმს ობრაიენი საქართველოს შესახებ
“ამიტომაც დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები, რეფორმებთან დაკავშირებით”- ჯეიმს ობრაიენი საქართველოს შესახებ

“ამიტომაც დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები, რეფორმებთან დაკავშირებით”- ჯეიმს ობრაიენი საქართველოს შესახებ

220
0

ამერიკული სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის” (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯეიმს ობრაიენი საქართველოს შესახებ: „ამიტომაც დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები, რეფორმებთან დაკავშირებით”. მასში განხილულია საკითხი საქართველოს დასავლური პერსპექტივისა და ორიენტაციის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ახლა კითხვა ისაა, ხომ არ გადაწყვეტენ საქართველოში ბიზნესების მცირე ჯგუფი და პოლიტიკური გავლენის მქონე პირები, რომ საქართველო იყოს რუხი ზონა, რუსეთსა და დასავლეთს შორის“ – ეს განცხადება, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

ჯეიმს ობრაიენმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასა და 2024 წლის არჩევნების შესახებ, სენატორ ჯინ შაჰინის კითხვაზე პასუხად, 25 ოქტომბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

“საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი ახლა ხმაურობს, ცდილობს ეს ტერიტორია სამხედრო პროექციის ბაზად გამოიყენოს. ეს ის არის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ქართველი ხალხის 85-90%-ს სურს იყოს კანონმორჩილი საზოგადოების ნაწილი, მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. სურთ, ძალიან ახლოს იყვნენ შეერთებულ შტატებთან. საკითხავია, ბიზნესების მცირე ჯგუფი და სხვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, ამჯობინებენ თუ არა [საქართველოს] რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუხ ზონად ყოფნას. ასე რომ, ჩვენი გამოწვევაა, მივუთითოთ ხალხს ყოველ ჯერზე: ახლა არის გარდამტეხი წერტილი, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. ამიტომ, ჩვენ დავაწესეთ გარკვეული სანქციები და წამოვაყენეთ გარკვეული მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან. ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც საქართველოს გაუხსნის დაფინანსებასა და ტექნიკურ დახმარებაზე წვდომას. ჩვენ ვთქვით, რომ არის მთელი რიგი ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც საქართველომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ არ ვიღებთ, მაგრამ ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ჯეიმს ობრაიენმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები, 2024 წლის არჩევნებისთვის, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება. ეს „გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. შემდეგ, ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენი შესანიშნავი პარტნიორების, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, რაც მთავარია, ქართველი ხალხის დახმარებით“ – თქვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ მოსკოვის განცხადებას ასევე გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი პიტ რიკეტსი. მისი თქმით, საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში.

„შავი ზღვა ევროპის მომავლის გრავიტაციული ცენტრი ხდება და ეს ასევე არის რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, დიდი ძალების კონკურენციაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თეატრი. უკრაინაში პუტინის უკანონო ომმა, რეგიონი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთ-ერთი ფრონტის ნაწილი. პუტინს შავი ზღვისთვის არაფერი სურს უკეთესი გარდა იმისა, რომ ის რუსეთის ტბად, მისი საჰაერო სივრცე კი ფრენის აკრძალულ ზონად აქციოს. გამამხნევებელია, რომ უკრაინის ბოლო თავდასხმებმა ყირიმს და სევასტოპოლის პორტზე, რუსეთის შავი ზღვის „დიდებულ“ ფლოტს უკან დაახევინა და მისი საზღვაო დომინირება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმდენად, რომ ის ახლა აფხაზეთში ეძებს სეპარატისტ მეგობრებს, ახალი საზღვაო ბაზისთვის. საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში“, – განაცხადა სენატორმა პიტ რიკეტსმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია განიხილეს. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, შესავალ სიტყვაშივე თქვა, რომ საქართველო რეგიონში, „პუტინის რევანშისტული პოლიტიკის“ პირველი სამიზნე იყო.

„საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი, ვლადიმირ პუტინისთვის ფოკუსის კრიტიკულ ზონად იქცა, რამდენადაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს. 2008 წელს, პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიის გზაზე წინ მიიწევდა. 2014 წელს, მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა მკაფიოდ აიმაღლეს ხმა ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად და 2022 წელს, რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, როდესაც გააცნობიერა, რომ ჩაგვრის მისი ტაქტიკა არ იმუშავებდა. შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს. რუსეთში ზოგი მას საკუთარ ტბადაც კი მოიხსენიებს. ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი], შავ ზღვას ისტორიულად და სტრატეგიულად, თავისი იმპერიის ნაწილად მიიჩნევს. [შავი ზღვის რეგიონი ასევე მნიშვნელოვანია იმის გამო,] რომ შავ ზღვაში ასევე არის ნატოს არაწევრი სამი და ორი ასპირანტი ქვეყანა. მათთვის შავი ზღვა კრიტიკული ეკონომიკური დამაკავშირებელია და როცა რუსეთის ქცევა შეუმჩნეველი ან უკონტროლო ხდება, ეს გავლენას ახდენს მათ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკებზე“, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, შავი ზღვის რეგიონზე მსჯელობა საათზე მეტი ხანი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში, სენატორებმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, საქართველოს შესახებ რამდენჯერმე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორებმა, ჯეიმს ობრაიენისგან მოისმინეს, რა გეგმები აქვს ვაშინგტონს, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესების ხელშესაწყობად.

წყარო