1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ბიძინა ივანიშვილი და მისი კომპანია აშშ-მა 12 აპრილს დაასანქცირა – ივანიშვილის მარჯვენა ხელმა მიაწოდა პარტნიორებს სრული ინფორმაცია გადამალულ რუსულ ქონებებზე და სწორედ ამიტომ დასაჯა ბაჩიაშვილი- ლევან ხაბეიშვილი
ბიძინა ივანიშვილი და მისი კომპანია აშშ-მა 12 აპრილს დაასანქცირა – ივანიშვილის მარჯვენა ხელმა მიაწოდა პარტნიორებს სრული ინფორმაცია გადამალულ რუსულ ქონებებზე და სწორედ ამიტომ დასაჯა ბაჩიაშვილი- ლევან ხაბეიშვილი

ბიძინა ივანიშვილი და მისი კომპანია აშშ-მა 12 აპრილს დაასანქცირა – ივანიშვილის მარჯვენა ხელმა მიაწოდა პარტნიორებს სრული ინფორმაცია გადამალულ რუსულ ქონებებზე და სწორედ ამიტომ დასაჯა ბაჩიაშვილი- ლევან ხაბეიშვილი

154
0

ბიძინა ივანიშვილმა საქმე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ ბაჩიაშვილზე, მის ნდობით აღჭურვილ პირზე აღძრა და მას ქვეყნიდან არ უშვებს. ჩვენი ინფორმაციით, ეს ერთადერთი მიზეზით მოხდა, ივანიშვილის მარჯვენა ხელმა, რომელიც მის ბიზნესებს განკარგავდა, ჩვენს პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა ივანიშვილის გადამალული რუსული ქონებების შესახებ და სწორედ ამიტომ დასაჯა ის ივანიშვილმა , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, 2023 წლის 12 აპრილს, ბიძინა ივანიშვილი და მისი კომპანია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.

„ევტუშენკოვის და ბიძინა ივანიშვილის „ლავსთორის“ შესახებ საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, ასევე, ისიც კარგად იცის საქართველოს მოქალაქემ, თუ როგორ ეხმარება ბიძინა ივანიშვილი ტერორისტ რუსეთს უკრაინაში ომში და პლუს, როგორ ახალისებს საქართველოს ოკუპაციას. საქართველოს მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, „ეფესბეს“ აგენტის, ფარცხალაძის შესახებ, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა და მოჰყვა, რომ ფარცხალაძე რუსეთის აგენტია და ის ტერორისტული რუსეთის პუტინის სასარგებლოდ საქმიანობს. ცხადია, „ეფესბეს“ აგენტი საქართველოში მარტო ვერ და არ იმოქმედებდა, ანუ არსებობს პირთა წრე, რომლებიც აგენტურულ საქმიანობაშია ჩართული. გომელაურის, შინაგან საქმეთა მინისტრის ბორტნიკოვთან „წანწალის“ შესახებ კარგად უწყის საქართველოს მოსახლეობამ, ეს უკანასკნელი მისმა მოადგილემ ამხილა რუს გენერლებთან ურთიერთობაში, მათ შორის, უკანონოდ რომ გადმოჰყავდა რუსი გენერლები საქართველოში და ელარჯს რომ უწელავდა, ესეც მისმა მოადგილემ მოყვა.

ლილუაშვილი, რომელიც მამაოებს, პედაგოგებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს უსმენს, უთვალთვალებს, პლუს ამას, რუსული აგენტურული ქსელის მხარდაჭერაშია შემჩნეული და ეს ფარცხალაძესთან მიმართებაში გამოჩნდა, ესეც კარგად ვიცით.

ნოდარ მელაძის „შაბათის ეთერიდან“ ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი კომპანია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 12 აპრილს დაასანქცირა. საუბარია, კომპანია „ლედრა ტნას ლიმიტედზე“, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერაა სანქცირებული და მის მფლობელობაშია კომპანია, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ წლების განმავლობაში 30 მილიონ ლარამდე შესწირა. ასევე, ამ კომპანიის მფლობელობაში, საქართველოში არის კომპანია, რომლის დირექტორიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ქალბატონი ხვედელიძე გახლდათ. ისინი ერთადერთი მიზეზით დასანქცირდნენ, რომ ისინი რუსეთს ეხმარებიან უკრაინაში, ომში და ფინანსურ დახმარებას უწევენ პუტინის რუსეთს. ამ კომპანიებთან ასევე დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ძმისშვილი, კობიაშვილი, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენდა ამ კომპანიას. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, მინდა საზოგადოებას შევახსენო, 12 აპრილის შემდეგ, როცა ეს კომპანია დასანქცირდა, ზუსტად, თვე ნახევარში, ბიძინა ივანიშვილმა საქმე აღძრა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ ბაჩიაშვილზე, მისი ნდობით აღჭურვილ პირზე და მას ქვეყნიდან არ უშვებს, ჩვენი ინფორმაციით, ეს ერთადერთი მიზეზით მოხდა, მისმა მარჯვენა ხელმა, რომელიც ივანიშვილის ბიზნესებს განკარგავდა, ჩვენს პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა ივანიშვილის გადამალული რუსული ქონებების შესახებ და სწორედ ამიტომ დასაჯა ბაჩიაშვილი ივანიშვილმა.

საქართველოს პროკურატურა ფარცხალაძის პატრონაჟის ქვეშ არის და „ეფესბეს“ აგენტებითაა სავსე, ისევე როგორც სუს-ი, ასე რომ არ იყოს, ეკატერინე ხვედელიძეზე, კობიაშვილზე ბატონ ივანიშვილზე, ამ ფაქტებზე დაყრდნობით, სადაც საუბარია, რომ ისინი რუსეთს აფინანსებენ უკრაინასთან ომში, გამოძიებები დაიწყებოდა, რისი იმედიც, ცხადია, არ გვაქვს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.