დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი წარედგინა
დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის დედა, მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებული ექსპერტისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი უნდა დამძიმდეს.
„დიდ დიღომში 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში, საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა), ბრალი წარედგინა.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისათვის რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები ასევე მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა), რასაც ორგანიზაცია თავიდანვე ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.
„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.