1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნიშნავს თუ არა ღაზაში მიმდინარე ომი იმას, რომ ამერიკამ უკრაინა მიატოვა? -რას წერს უცხოური პრესა
ნიშნავს თუ არა ღაზაში მიმდინარე ომი იმას, რომ ამერიკამ უკრაინა მიატოვა? -რას წერს უცხოური პრესა

ნიშნავს თუ არა ღაზაში მიმდინარე ომი იმას, რომ ამერიკამ უკრაინა მიატოვა? -რას წერს უცხოური პრესა

151
0

„ამერიკას არ შეუძლია უკრაინას უსასრულოდ დაეხმაროს, – ნათქვამია საუდის არაბეთის ინგლისურენოვან გაზეთ „ერებნიუს“-ში (Arabnews) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნიშნავს თუ არა ღაზაში მიმდინარე ომი იმას, რომ ამერიკამ უკრაინა მიატოვა?“ (ავტორი – დანია ჰატიბი), – „და თუ ეს ნამდვილად ასე მოხდება, განსაკუთრებით ისრაელ-„ჰამასის“ ომის ფონზე, გარდაუვლად იბადება კითხვა: რამდენ ხანს გაუძლებს კიევი მოსკოვთან კონფრონტაციას?

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„რაც შეეხება უკრაინის დაფინანსებას, ჩვენ ვერ შევძლებთ კიევისადმი დახმარების უსასრულოდ გაგრძელებას“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. მისმა ნათქვამმა შოკში ჩამაგდო: რა მოუვიდა, სად გაქრა ამერიკული დაპირება – „იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება“?

ძალიან კარგად მახსოვს იანვრის პრეს-ბრიფინგი, რომლის დროსაც ჯონ კირბის ჰკითხეს, როგორ და რით იქნება გამოხატული კიევის გამარჯვება და რამდენი ხნის განმავლობაში დაუჭერს მხარს ამერიკა უკრაინას. ჯონ კირბიმ იმ დროს ასეთი პასუხი გასცა: „როგორი იქნება გამარჯვება, ამას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვითონ განსაზღვრავს. ჩვენ მას ამ საკითხში ვერაფერს ვუკარნახებთ. რაც შეეხება დახმარებას, განზრახული გვაქვს კიევს მხარი დავუჭიროთ იმდენად, რამდენადაც საჭირო იქნება“.

იმ დროს, როცა ამერიკის ადმინისტრაცია „შატდაუნის“ ბიუჯეტით მუშაობს, კონგრესის ზოგიერთი [დემოკრატი] წევრი ცდილობდა უკრაინისადმი დახმარების ახალი პაკეტის გატანას (24 მილიარდი დოლარის ოდენობით). ჯონ კირბი იძულებული გახდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კიევისადმი უსასრულო არ არის. მან მიანიშნა, რომ ვაშინგტონს არ შეუძლია ერთდროულად დაეხმაროს უკრაინასაც და ისრაელსაც.

გასულ კვირას თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 200 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს თანხა, რა თქმა უნდა, მიზერული რაოდენობისაა იმ 24 მილიარდთან შედარებით, რომელსაც დემოკრატები ითხოვდნენ და რომელსაც ტრამპისტი რესპუბლიკელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ რადგანაც უკრაინის გამარჯვება დასავლეთის დახმარების გარეშე წარმოუდგენელია, ეს გარემოება გვაიძულებს დავსვათ კითხვები: უკრაინის საქმე უკვე წასულია? რუსეთი იმარჯვებს?

ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმის პროგნოზს, თუ რა მოხდება ხვალ თუ ზეგ, მაგრამ ერთი რამის თქმა ზუსტად შეგვიძლია: ღაზას სექტორში მიმდინარე ომმა უკრაინის მდგომარეობაზე პირდაპირი გავლენა მოახდინა. ვაშინგტონის მხრიდან კიევის მიმართ ინტერესის შემცირება (ან უფრო უარესი – ინტერესის დაკარგვა) – ეს არის ის, რაზედაც ჯერ კიდევ შარშან, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, კონფლიქტის დაწყებისას გვაფრთხილებდა პოლიტოლოგი ჯონ მირშაიმერი, რისთვისაც ბევრი მას ვლადიმერ პუტინის მომხრეს და რუსეთის პროპაგანდის ისნტრუმენტს უწოდებდა. არადა, ეს ადამიანი რეალისტია და გონივრულ პროგნოზებს აკეთებს. მისი დასკვნები ეფუძნებოდა ძალიან მარტივ ვარაუდებს – გამბედაობის ასიმეტრიას.  უკრაინის პოტენციური წევრობა ნატოში უშუალოდ ეხება რუსეთის უსაფრთხოებას, ამერიკისათვის კი კიევის ალიანსში გაწევრიანება შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანია – აი, სწორედ ამიტომ ვხდებით მოწმეები აშშ-ის ინტერესის უეცარი დაკარგვისა უკრაინის მიმართ, ღაზას მოვლენების დაწყების შემდეგ. გამოდის, რომ არ გაუმართლა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას იმედოვნებდა.

ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი ყველასათვის დამანგრეველი იქნება. მსოფლიო „ლოდინისა და დაკვირვების“ რეჟიმში იმყოფება. ჩაებმება თუ არა ლიბანში დისლოცირებული „ჰეზბოლა“ისრაელის წინააღმდეგ ომში, „ჰამასის“ სასარგებლოდ? თუ ისრაელი „ჰამასის“ დამარცხებას ვერ შეძლებს, რას იზამს ირანი? ეს სავარაუდო სცენარები შეიძლება რეალური გახდეს, ამერიკა კი მათ განხორციელებას წინ უნდა აღუდგეს. სწორედ ამიტომ უკრაინის საკითხი უკანა პლანზე გადადის.

რამდენად შეუძლია უკრაინას რუსეთთან ომის გაგრძელება? როგორც ვოლოდომირ ზელენსკიმ გასულ თვეში აშშ-ის კონგრესის სენატის უმრავლესობის (დემოკრატების) ლიდერთან ჩაკ შუმერთან საუბარში აღიარა, „თუ ჩვენ დახმარების გარეშე დავრჩებით, ომს წავაგებთ“. ვაშინგტონი, დიდი ალბათობით, ასეთი სიტუაციისათვის მზად არის. მაგრამ რა გამოდის? ამერიკა თავიდანვე ისე ჩაერია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, თითქოსდა ეს აშშ-ის ომი იყო, ახლა კი უკან იხევს, დისტანცირებას იწყებს და აცხადებს – მხარდაჭერის უსასრულო გაგრძელება შეუძლებელიაო.

ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყება ღაზას სექტორში ვლადიმერ პუტინის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს რამდენიმე დონეზე: პირველი – ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის გამწვავების გამო დასავლეთის ყურადღება უკრაინიდან ისრაელზე და პალესტინაზე გადააქვს; მეორე – მტკიცდება რუსეთის იმიჯი ახლოაღმოსავლურ დიპლომატიაში და საერთოდ, არაბულ სამყაროში; მესამე – ვლადიმერ პუტინი ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელმაც თავიდანვე პირდაპირ დაასახელა ისრაელსა და პალესტინის  კონფლიქტის მიზეზი. მისი მოქმედება პოზიტიურად შეაფასა არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ, რომლის წარმომადგენელმა ჯამალ რუშდიმ აღნიშნა:  „რუსეთმა რაციონალური და აწონილ-დაწონილი პოზიცია დაიკავა მიმდინარე სიტუაციაში, სხვა წამყვანი სახელმწიფოებისგან განსხვავებითო“.

რა თქმა უნდა, კრემლის ასეთი პოზიცია, როგორც ზემოთ ვახსენე, არაბულ სამყაროში ვლადიმერ პუტინის ავტორიტეტს და რეპუტაციას ზრდის და ხელს უწყობს მის სავარაუდო შუამავლობას ისრაელსა და პალესტინელებს შორის.

ყველა აცნობიერებს, რომ ამერიკელებმა ვერ შეძლეს ორივე მხარესათვის მისაღები გარიგების პირობების შემუშავება. დიდ ბრიტანეთში პალესტინის მისიის წარმომადგენელმა სწორედ ეს დაადასტურა, როცა თქვა – „ვაშინგტონმა ვერ მოახერხა არაბებსა და ებრაელებს შორის მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირება და ამიტომ მომრიგებლის როლი სხვა მოთამაშეებმა უნდა შეასრულონო“. ერთ-ერთ სავარაუდო და პოტენციურ შუამავლად ჩინეთიც დასახელდა. ეს მხოლოდ ერთს მოწმობს: პალესტინელებმა ამერიკისადმი ნდობა დაკარგეს.

თუ აშშ უკრაინას მიატოვებს, ასეთ შემთხვევაში ვაშინგტონი საკუთარ თავს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს არასანდო პარტნიორად. თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს (და კიევი, როგორც ჩანს, დამარცხდება, თუ ამერიკის დახმარება შეწყდება), ვაშინგტონს ახალი მეგობრების პოვნა გაუჭირდება. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ აშშ-ის ძველმა ახლოაღმოსავლელმა მეგობრებმა ვაშინგტონის მიმართ უფრო ტრანზაქციური პოზიცია (იგულისხმება არჩევანი „მათრახსა და თაფლაკვერს“ შორის) დაიკავეს. ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ტენდენცია, ალბათ, გაძლიერდება. ამერიკას კეთილმოსურნეების და სტრატეგიული მოკავშირეების დეფიციტი გაუჩნდება. ყოველი ქვეყანა შეეცდება კავშირები ჰქონდეს არა მარტო აშშ-სთან, არამედ [სათადარიგოდ] კიდევ რომელიმე ქვეყანასთან, მაგალითად, რუსეთთან, ირანთან ან თუნდაც ჩინეთთან.

ვნახოთ, თუ როგორ გაუმკლვდება ვოლოდიმრ ზელენსკი ამ დარტყმას. შეეცდება თუ არა იგი რაიმეს გადარჩენას? გააცნობიერებს თუ არა კიევი იმას, რომ  ბრძოლის ველზე იმაზე უფრო მეტს დაკარგავს, რისი მიღებაც მოსკოვთან მოლაპარაკების დროს შეუძლია? ძნელია რაიმეს თქმა, თუმცა ერთი აშკარაა: უკრაინის სავარაუდო პრეცედენტის გათვალისწინებით, ამერიკის მეგობრები და პარტნიორები „ძია სემის“ მიმართ უფრო სკეპტიკურად განეწყობიან.

წყარო