ისრაელი ღაზას ოკუპაციით დაინტერესებული არ არის -ისრაელის ელჩი ჯო ბაიდენს
ისრაელი ღაზას ოკუპაციით დაინტერესებული არ არის, მაგრამ გააკეთებს რაც საჭიროა, „ჰამასის“ გასანადგურებლად, – ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა CNN-ს განუცხადა.
„ჩვენს ინტერესებში ღაზას ოკუპაცია ან ღაზაში დარჩენის ინტერესი არ გვაქვს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით და ერთადერთი გზა, როგორც თავად პრეზიდენტმა ბაიდენმა განსაზღვრა არის „ჰამასის“ განადგურება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ გავანადგუროთ მათი შესაძლებლობები“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.
დიპლომატმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე, თუმცა ღაზას ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება.
გილად ერდანი ჯო ბაიდენის ამ განცხადებას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების აღმოფხვრაა.
„გმადლობთ პრეზიდენტო ბაიდენ, რომ აღიარეთ ის, რასაც ისრაელი ამბობს ბარბაროსული „ჰამასის“ ხოცვა-ჟლეტის შემდეგ: ისრაელის მიზანი „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების სრული აღმოფხვრაა“, – დაწერა ელჩმა.