ღაზაში საცხოვრებელი ადგილის დატოვება 330 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია – გაერო
ღაზაში 330 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო, – ინფორმაციას გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.
გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი ასევე გამოხატავს შეშფოთებას ღაზაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო.
„გასული 24 საათის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა და 338 934-ს შეადგენს, რომელთაგან ორი მესამედი პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს სკოლებს აფარებს თავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში 600 000 ადამიანს წყალზე წვდომა არ აქვს და რომ საავადმყოფოების ნაწილი ჭაბურღილების წყლის იმედად არის დარჩენილი.