2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნინო ფსუტური გახდა
2023 წლის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა. გამარჯვებულს გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა, ხოლო ლიბერთი ბანკმა ფინალისტები 5000 ლარით დააჯილდოვა.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ: ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; ინა იმედაშვილი, თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მარინე კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის „მე და საზოგადოების“, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი 2017 წელს პირველად ჩატარდა. ჯილდოს კონკურსში, შვიდი წლის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა მასწავლებელმა, ხოლო წარდგენილი იყო 4 663 პედაგოგი.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.