1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “აფხაზეთი, რუსეთის მხარდაჭერით, თავისი გზით მიდის – ნატოს ამბიციების წინააღმდეგ” – რას წერს გერმანული პრესა
“აფხაზეთი, რუსეთის მხარდაჭერით, თავისი გზით მიდის – ნატოს ამბიციების წინააღმდეგ” – რას წერს გერმანული პრესა

“აფხაზეთი, რუსეთის მხარდაჭერით, თავისი გზით მიდის – ნატოს ამბიციების წინააღმდეგ” – რას წერს გერმანული პრესა

667
0

გერმანულ გაზეთ „იუნგე ველტში“ (Junge Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რთული დამოუკიდებლობა: აფხაზეთი, რუსეთის მხარდაჭერით, თავისი გზით მიდის – ნატოს ამბიციების წინააღმდეგ“ (ავტორი – ჰეროლდ პროიანსკი). აქვე შევნიშნავთ, რომ პუბლიკაცია საკმაოდ მიკერძოებულია და აშკარად შესამჩნევია, რომ ანტიქართული განწყობით არის დაწერილი. ავტორი აფხაზეთში იმყოფებოდა, რაც მითითებული აქვს კიდეც – რეპორტაჟი „აყია“-დან (აფხ.) ანუ სოხუმიდან.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ისინი, ვინც ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ აფხაზეთში წასასვლელად, მას ეუბნებიან, რომ იქ გამგზავრება არასასურველია. რა თქმა უნდა, ანალენა ბერბოკის უწყების გაფრთხილება ლოგიკურია – იმიტომ, რომ ყოველი პირი, რომელიც კავკასიაში, აფხაზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება, რუსეთის გავლით, სოჭის მხრიდან, სწრაფად დარწმუნდება იმაში, რომ მსოფლიო ისეთი არაა, როგორიც ეს გერმანელ დიპლომატებს სურთ.

გასულ შაბათს აფხაზეთმა თავისი დამოუკიდებლობის 30 წლისთავი აღნიშნა, თუმცა იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ეს ქვეყანა, რომელიც შავი ზღვის ნაპირზე მდებარეობს 200 ათასი მცხოვრებით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ნაწილს წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი მართლაც შედიოდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში, ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით, მაგრამ „საბჭოური ავტონომია“ მყიფე და ფორმალური სტრუქტურა აღმოჩნდა: იოსებ სტალინის მმართველობის დროიდან აფხაზები უკიდურესად არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

ვლადიმერ ლენინმა იზრუნა იმაზე, რომ აფხაზებს საბჭოური, მაგრამ მაინც საკუთარი რესპუბლიკა ჰქონოდათ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ნაციონალისტურად განწყობილი ხელისუფლება შეეცადა იძულებით დაემორჩილებინა აფხაზები და თავისი ეთნონაციონალისტური პროექტი განეხორციელებინა. 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველომ თავისი ჯარები შეიყვანა დე-ფაქტო დამოუკიდებელ აფხაზეთში, რასაც ადგილობრივმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ფართო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა დაუპირისპირა. ქართველებთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზებს მხარს უჭერდნენ როგორც რუსი სამხედროები, ასევე რუსი მემარცხენე პატრიოტები და ჩრდილოეთ კავკასიის მონათესავე ხალხები.

აფხაზურმა წინააღმდეგობამ სძლია ქართულ დეზორგანიზებულ შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც დანაშაულებრივი ელემენტებისაგან შედგებოდა და საქართველო დამარცხდა: 1993 წლის 30 სექტემბერს აფხაზურმა ქვედანაყოფებმა ქართველი სამხედროები აიძულეს, რომ მათ მდინარე ენგურის მიღმა უკან დაეხიათ (სხვათა შორის, მდინარეზე ერთ-ერთი ხიდი 1948 წელს გერმანელ სამხედრო ტყვეების მონაწილეობით ყოფილა აგებული). შესაბამისად, 30 სექტემბერი აფხაზეთში აღინიშნება როგორც „აფხაზი ხალხის გამარჯვების დღე სამამულო ომში“.

კონფლიქტი, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რამდენიმე ატასი ადამიანი დაიღუპა. აფხაზური სიამაყისა და ქართველთა ქედმაღლობის გამოვლენის გამო მხარეთა ურთიერთდამოკიდებულება გამწვავებული რჩებოდა. თავდასხმები ხდებოდა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ომის შემდეგ ქართველების აბსოლუტურმა რაოდენობამ – საერთო მოსახლეობის 40%-მა – თავიანთი სახლ-კარი მიატოვა.

აფხაზებისათვის დამოუკიდებლობის პირველი წლები ძალიან მძიმე იყო, ირგვლივ სიღარიბე სუფევდა, მოსახლეობის ნაწილი თითქმის შიმშილის ზღვარზე იყო მსული. ელექტროენერგია დიდი ხნის განმავლობაში ითესებოდა. რუსეთის ხელისუფლება, პრეზიდენტ ბორის ელცინის მმართველობის პერიოდში, აფხაზეთს ბოიკოტს უცხადებდა, კრემლის პოზიცია მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდა. 2008 წლის აგვისტოში, „სამხრეთ ოსეთზე“ საქართველოს ჯარის თავდასხმის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ორივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა და მათ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განათავსა, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ამ დროის განმავლობაში აფხაზეთი დამოუკიდებლად იქნა აღიარებული მსოფლიოს რიგი სახელმწიფოების – სირიის, ვენესუელის, ნიკარაგუის და წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოს – ნაურუს მიერ.

რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა: აფხაზეთში შეკეთდა გზები, საავადმყოფოები, სკოლები და საბავშვო ბაღები. რესპუბლიკაში გადახდის საშუალებად რუსული რუბლი მოქმედებს, ხოლო აფხაზებს, აფხაზეთის მოქალაქეობის გარდა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც აქვთ. რესპუბლიკის დედაქალაქ აკუა-აყიაში (ქართულად – „სოხუმი“, რუსულად – „სუხუმ“) დილით მშენებელთა ჩაქუჩების ხმა ისმის, აფხაზური ხალხური სიმღერების თანხლებით. შავი ზღვის სუბტროპიკული ზონის 200 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც პალმების მხარეს წარმოადგენს, შენდება ახალი პატარა სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები. აფხაზეთი მიმზიდველი გახდა რუსი ტურისტებისათვის – იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფულში შეზღუდულები არიან და მაღალ კომფორტს არ ითხოვენ. აქაურ პლაჟებზე ვერ ნახავთ „რუსულ ბურჟუაზიას“ – აფხაზეთში მხოლოდ საშუალო და მცირეშემოსავლიანი პენსიონერები ჩამოდიან დასასვენებლად.

„გამარჯვების დღის აღსანიშნავს, 30 სექტემბერს აზიაში აფხაზეთის არმიის აღლუმი ჩატარდა, რაც იმას აჩვენებს, თუ რამდენად აბსურდულია საქართველოს პრეტენზიები აფხაზეთის მიმართ. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს მიერ მიღებულ დეკლარაციებში, დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებში მუდამ მეორდება ოფიციალური თბილისის პოზიცია, რომლის თანახმად, აფხაზეთი საქართველოს ნაწილს წარმოადგენს. მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აზიაში გამართულ სამხედრო აღლუმზე ახალგაზრდა აფხაზი ჯარისკაცებისა და ოფიცრებს უყურებდა, დარწმუნდებოდა, რომ რესპუბლიკის უსაფრთხოების დაცვა იმ ახალგაზრდა თაობის ხელშია, რომელსაც არასოდეს არ ულაპარაკია ქართულ ენაზე და არასოდეს არ ჰქონია ქართული პასპორტები. ის აფხაზი მეომრები, რომლებიც ჯავშანტრანსპორტიორებს და რაკეტ-დრონებიან ავტომანქანებს მართავდნენ, უკვე დამოუკიდებელი აფხაზეთის არსებობის დროს დაიბადნენ და გაიზარდნენ.

თავის გამოსვლაში (აფხაზურ და რუსულ ენებზე), სამხედრო აღლუმის დაწყების წინ, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მსოფლიოს გაახსენა იმ კოლოსალურ ზარალზე, რომელიც აფხაზეთმა ქართულ „უკიდურეს ნაციონალიზმთან“ ომში განიცადა. ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთმა 30-წლიანი თავისუფალი ცხოვრების პერიოდში ბევრი რამ გააკეთა, რაც 1993 წელს მიუღწეველი ჩანდა. და მაინც, აზიაში სადღესასწაულო განწყობას ჩრდილი დაჰკრავდა: აფხაზეთის მცხოვრებლები შეშფოთებით ადევნებენ თვალს მთიანი ყარაბაღის განადგურების პროცესს და ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის გაქცევას. აფხაზეთს მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
აფხაზეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა მდივანმა სერგეი შამბამ ერთ-ერთი სადისკუსიო შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოვლენების კვალობაზე, ალბათ, გააქტიურდებიან ის ძალები, რომლებიც საქართველოში არიან და აფხაზეთის წინააღმდეგ მოქმედების დაწყებას ითხოვენ. ამიტომაც აფხაზეთმა, სერგეი შამბას თქმით, ყველანაირი ვერსია უნდა განიხილოს.

მინიშნება მკაფიოა: აფხაზეთი ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას.

წყარო