1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს- ირაკლი ღარიბაშვილი
ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს- ირაკლი ღარიბაშვილი

ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს- ირაკლი ღარიბაშვილი

786
0

ქალბატონ პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აბსოლუტურად არაფერი – ევროპაში მისი შეუთანხმებელი ვოიაჟი სამწუხარო ფაქტია. ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული და მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, დაიკარგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება იმპიჩმენტს, პრემიერის განცხადებით, ეს ფორმალური პროცედურაა, რომელიც ხელისუფლების ვალდებულება იყო.

„რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვოიაჟს ევროპაში – ვფიქრობ, ეს სამწუხარო ფაქტია. თუ გაიხსენებთ შარშან და უფრო მანამდეც არცერთი შემთხვევა არ არსებობს, როდესაც უარი ვუთხარით ასეთი ტიპის ვიზიტებზე, პირიქით, მხარს ვუჭერდით ყოველთვის და არასდროს შემიზღუდავს მისი გადაადგილება, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ ჩვენი ხელისუფლება თურმე 12 რეკომენდაციას არ ასრულებს; ნათქვამი აქვს, რომ სტატუსს არ ვიმსახურებთ. განცხადება აქვს გაკეთებული, თითქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ბუნდოვანია, იმ დროს, როდესაც ყველაფერი ნათელი და ცხადია. ბუნებრივიცაა, ის მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, დაიკარგა. ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს, ამის თანამონაწილე ვერ გავხდებოდი. თუ ადამიანი ქვეყნის შიგნით აცხადებს ასეთ მიუღებელ რამეს და ამის შემდეგ მოგვმართავს, რომ წავიდეს ევროპაში და კაცმა არ იცის, რას ილაპარაკებს, ნდობა აღარ გვაქვს. არ ვიცით, რომელიმე ქვეყანაში რომ ჩავიდოდა ჩვენი მანდატით, ჩვენი ნებართვით, რას ილაპარაკებდა, ჩვენთვის ეს ბუნდოვანია. ამით დასაბუთდა ჩვენი უარი, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ინტერესი იყო და არის ის, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს. ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება, ქმედება საბოტაჟია და არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოსვლა.

პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე ან რაღაცის გაფუჭებაზე, მითუმეტეს კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება ვალდებულებაა. ვალდებული და იძულებული ვიყავით, მოგვეხდინა ფორმალური რეაგირება. ადამიანმა დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია.

იმპიჩმენტზე ვთქვით, რომ ეს ფორმალური პროცედურაა, საკმარისი ხმები არ გვაქვს, მაგრამ ადამიანის მიმართ ნდობა დაკარგული გვაქვს. მისი ქმედებები გაუგებარია. ყოველთვის თავს ვიკავებდი მისი საჯაროდ კრიტიკისგან, მიუხედავად მის მიერ საკმაოდ კრიტიკული განცხადებებისა“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება იმას, რამდენადაა იმპიჩმენტის პროცედურა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან კავშირში პრემიერი ამბობს, რომ ეს კავშირი არ არსებობს.

„გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის და კანონის შესაძლო დარღვევა სტატუსთან კავშირში. მე ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ ამას კავშირი არ აქვს. ეს არის ფორმალობა, მაგრამ ვალდებული ვიყავით, რომ რეაგირება მოგვეხდინა. ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს – საფრანგეთს წარმოადგენს (წარმოადგენდა – უფრო კორექტული იქნება დღეს ამის თქმა), მისი დარწმუნებაც ვერ შეძლო. ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოგრაფიის ჭრილში დასვა კითხვა, საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. მანამდე გაგზავნილი გვყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადებების გაკეთება. ადამიანმა თავისი მეორე თუ პირველი სამშობლოს (როგორც უნდა, ისე დაალაგოს) დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია აბსოლუტურად უადგილოა. ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი ვართ და ასეთ რთული გეოპოლიტიკური ვითარების დროს გეოგრაფიაზე მინიშნება აბსოლუტურად გაუმართლებელია. სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა რომ დაერწმუნებინა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, არც პრეზიდენტს და არც ოპოზიციას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებია.

„ქალბატონ პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აბსოლუტურად არაფერი. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, ბოლო ათ წელიწადში, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. არავის არც პრეზიდენტს, არც ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა პრემიერმა.