უნდა გავზარდოთ გაერო-ს უნარი, შეაჩეროს და აღკვეთოს აგრესია -ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში იმყოფება და მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ღონისძიებებში, ასევე შეხვდება ამერიკელ ოფიციალურ პირებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ზელენსკიმ თავდაპირველად მოინახულა უკრაინელი სამხედროები, რომლებიც რეაბილიტაციასა და მკურნალობას ნიუ იორკის საავადმყოფოში გადიან.
უკრაინის პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის გარდა, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტსა და უშიშროების საბჭოში მიიღებს მონაწილეობას.
„მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები უკვე დაიგეგმა. სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა არის ყველა ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტის, განსაკუთრებით, გაერო-ს წესდების მთავარი პრინციპი. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ მას ის ძალა, რაც რუსეთის შემოჭრის შედეგად განადგურდა და უნდა გავზარდოთ გაერო-ს უნარი, შეაჩეროს და აღკვეთოს აგრესია. უკრაინა ამასთან დაკავშირებით მკაფიო წინადადებას შესთავაზებს გაერო-ს წევრებს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ გვერდზე.
როგორც მედიისთვის არის ცნობილი, ვაშინგტონში ზელენსკი მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან, სამხედრო ხელმძღვანელობასთან, ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან.