იმპიჩმენტის პროცესი, გამოააშკარავებს პრეზიდენტის კავშირს “გლობალური ომის პარტიასთან” -გურამ მაჭარაშვილი
„საქართველოს კონსტიტუციაში ეს შემთხვევით არ წერია, რომ არ შეიძლება ის დაარღვიოს საქართველოს პრეზიდენტმა, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, მას იმპიჩმენტი ემუქრება“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.
მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, მათ შორის, საგარეო კურსისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ.
„ეს არ არის კარგი პროცესი, მაგრამ იძულებითი პროცესია, რადგანაც კონსტიტუციას ვიღაცამ პატივი უნდა სცეს. საქართველოს კონსტიტუციაში ეს შემთხვევით არ წერია, რომ არ შეიძლება ის დაარღვიოს საქართველოს პრეზიდენტმა, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, მას იმპიჩმენტი ემუქრება. ამ შემთხვევაში, ჩვენ კი არ ვიწყებთ იმპიჩმენტს, მას კონსტიტუცია გასცემს პასუხს.
იმპიჩმენტის პროცესი, გარდა იმისა, რომ ღირსებას შეუნარჩუნებს კონსტიტუციას, ასევე გამოააშკარავებს პრეზიდენტის კავშირს „გლობალური ომის პარტიასთან“ და ამასთან, ეს პროცესი აშკარას გახდის იმას, თუ ვინ სცემს საქართველოში კონსტიტუციას პატივს. საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, მათ შორის, საგარეო კურსისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.