ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარის შვილის სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩინა
ბელგიის პოლიციამ უგო ლემერის სახლში, რომელიც ევროპარლამენტის წევრის, მარია არენას შვილია, ნაღდი ფული აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.
მარია არენასთვის, მიუხედავად იმისა, რომ Qatargate-ის კორუფციულ სკანდალში ფიგურირებს, ბრალი ჯერ კიდევ არ წაუყენებიათ.
მაგრამ ბოლო ინფორმაცია ცხადყოფს, რომ გამომძიებლებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან Qatargate-ის საქმეზე, ივლისში მისი შვილის სახლის ჩხრეკისას დიდი ოდენობით (280 000 ევრო) ნაღდი ფული აღმოაჩინეს.
ბელგიური მედიის ინფორმაციით, სწორედ არენამ გააღო მისი შვილის ბინის კარი, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა 280 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არანაირი კავშირი არ დადგენილა ამოღებულ ნაღდ ფულსა და უცხო ქვეყანასთან დაკავშირებულ რაიმე კორუფციულ საქმიანობას შორის.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.