“ვინც “ნაციონალურ მოძრაობას” ან სააკაშვილს გაეკარა, ყველამ თავი შეირცხვინა”- რატი იონათამიშვილი
ამ მართლაც გაუგონარი საქციელის იქით კიდევ უფრო გაუგონარი და ამაზრზენი იყო როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ისე ამ ბატონის ახსნა-განმარტება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ვივამედში“ პოლონელ ექიმთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს.
„ფაქტია, რომ ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სააკაშვილს გაეკარა ყველამ შეირცხვინა თავი. ძალიან უხერხული იქნება ამ ექიმებს თუნდაც თვითონ რომ ჰქონდეთ პრეტენზია, რომ კიდევ შევიდნენ იქ. ის ახსნა, რაც ამ ექიმის მხრიდან იყო, რომ თურმე მას აქვს ჩვევა, რომ ყველაფერს წინდებში იდებს, ეს კიდევ ცალკე უხერხული ახსნაა. ფაქტია, რომ ამ მართლაც გაუგონარი საქციელის იქით კიდევ უფრო გაუგონარი და ამაზრზენი იყო როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ისე ამ ბატონის ახსნა-განმარტება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.
პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.
პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.