“მიშამ თხარა, თხარა და „ფარა“ გამოთხარა”- გურამ მაჭარაშვილი
მიშამ თხარა, თხარა და „ფარა“ გამოთხარა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობას ვუხდით. როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ყველაფერი სიმართლე თქვას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისვე თქმით, სააკაშვილის ახლობლებს მილიონები აქვთ გადახდილი, რათა ქვეყანა დაეზიანებინათ.
„ჩათვალეს რა, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესი არ იყო, გადაწყვიტეს, ქვეყანა დაესანქცირებინათ, დაეზიანებინათ, რაშიც მილიონები გადაიხადეს. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ჯერ საქართველოში შემოიპარა, შემდეგ საპყრობილიდან და „ვივამედიდან“ სისულელეები ჩაიდინა, ანტიქართული განცხადებები აკეთა – ხან ქართველობაზე თქვა უარი, ხან უცხოელებს დააბრალა და დაიმუქრა, რაღაცებს ვიტყვი, აქედან თუ არ გამიყვანთო, როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ყველაფერი სიმართლე თქვას.
ჩვენ, „ხალხის ძალა“ ამდენსაც არ ვამბობდით. თუ ადამიანს ამდენი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები შეიძლება, მოფიქრებოდა, ეს ჩვენც არ გვეგონა. ჩვენ ვამბობდით, რომ ლობიზმი იყო, ფულს უხდიდნენ, გლობალური „ომის პარტია“ არსებობდა, რადგან აქ მეორე ფრონტი და არეულობა სურდათ. ამის გარდა, თურმე მილიონები ყოფილა გადახდილი, რომ ნიუ-იორკში პრეზიდენტი დაებარებინათ და სააკაშვილის შეწყალება დაევალებინათ, მთელი დასავლეთის პრესა მოესყიდათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ თქვა, რომ ჯოზეფ ბაიდენი, ევროპელი ლიდერები უნდა დაკავებულიყვნენ იმით, რომ პატიმარ სააკაშვილზე წარმოდგენა შეექმნათ, თითქოს მას ვინმე აწამებდა. თუ ვინმე აწამებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილს, ესენი არიან მისი ოჯახის წევრები, რადგან მასთან რაღაც წყალ-წყალა სუპი შეაქვთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.