ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი განახლებული კომისიის წევრთა შეხვედრა გაიმართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი განახლებული კომისიის წევრთა შეხვედრა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, კომისიის განახლებულ შემადგენლობას გააცნო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, მუშაობის სტრატეგია, ვეტერანთა წინაშე არსებული სხვადასხვა გამოწვევების დასაძლევად სამსახურისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ერთობლივი პროგრამები; საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები და ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან, სამსახურის სამომავლო გეგმები და ამოცანები.
კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ნებამ, დამსახურებული პატივი მიაგოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილეებს და მათ ოჯახებს, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა და ვეტერანის სტატუსის არმქონე მეომრებს გაუჩნდა მოტივაცია, მიენიჭოთ ვეტერანის სტატუსი.
”ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა წინაშე არსებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად ხელისუფლების, სხვადასხვა ინსტიტუციებისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით, ბოლო წლებში შემუშავებულმა საკანონმდებლო აქტებმა, გატარებულმა ღონისძიებებმა, განხორციელებულმა პროექტებმა მოტივაცია გაუჩინა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლების მონაწილე სხვადასხვა საბრძოლო შენაერთის წევრებს, მიენიჭოთ ვეტერანის სტატუსი. ყველა მებრძოლი, რომელმაც ღირსეულად მოიხადა ქვეყნის წინაშე ვალი და სამშობლოს იცავდა, იმსახურებს ვეტერანის სტატუსს და კომისიის ეფექტიანი მუშაობა სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი; 90-იანი წლების საბრძოლო მოქმედებებიდან 30 წელი გავიდა, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ღირსეული მეთაურები, რომელთაც შესწევთ უნარი, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ვეტერანის სტატუსის მინიჭების საკითხს. სწორედ ამიტომ, კომისიის წევრებად, შეირჩა ღირსეული წარმომადგენლები თითქმის ყველა საბრძოლო შენაერთიდან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საბრძოლო მოქმედებებში. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელთა ძალისხმევითაც, მჯერა, ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ვეტერანთა რიგებს”, – განაცხადა კობა კობალაძემ.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს კომისიის წევრთა შეკრებისა, სხდომების ჩატარების პერიოდულობისა და იმ სამომავლო გეგმების შესახებ, რომლებიც კომისიის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის.
ინფორმაციისთვის, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის განახლებული შემადგენლობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის N342 დადგენილებით დამტკიცებული ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” და „პ” ქვეპუნქტების შესაბამისად.