“სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ოცნება”- თინა ბოკუჩავა
სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში, ბუნებრივია, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ოცნება”, მაგრამ პუტინის საამებლად, დარწმუნებული ვარ, მზად არის, ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს, -ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს, რომ აფხაზეთის გავლით სომხეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი აღდგეს.
ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაფრის მიუხედავად ძალაუფლებას შეინარჩუნებს, რაშიც ცდება.
“ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდათ, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. თქვენ გახსოვთ, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ელჩმა ოფიციალური დემარში გამოუცხადა ქვეყანას, რომელიც ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი.
ამიტომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში, ბუნებრივია, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის “ოცნება” ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ პუტინის საამებლად რომლისთვისაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იზოლაციაში ყოფნის პირობებში, ალტერნატიული სატრანსპორტო გზების ძიება, დარწმუნებული ვარ მზად არის ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს, რადგან თვლის, რომ მაინც არჩევნების გაყალბების გზით შეინარჩუნებს ძალაუფლებას. სწორედ აქ ცდება ივანიშვილი, როცა ქვეყნის ღია რუსფიკაციის ფონზე ჰგონია, რომ ნებისმიერი გაყალბების პირობებში ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს,”- განაცხადა ბოკუჩავამ.