“ივანიშვილის ქონების გაზრდა უკავშირდება გახმაურებულ სასამართლო პროცესებში მის გამართლებას” – ვლადიმერ ბოჟაძე
რადგან გუშინ კიდევ ერთხელ იქნა მხილებული რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებაში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში, სანქციების დაწესების მოთხოვნის უსაფუძვლობაში, დღეს გადაწყვიტეს ახალი დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა რაიმე კავშირში იყოს რუსეთ-უკრაინის ომთან, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტით დადასტურდა, რომ ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი სრულად ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას. რაც შეეხება გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქონების გაზრდას რუსეთ-უკრაინის ომთან რაიმე კავშირი აქვს, ბოჟაძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ქონების გაზრდა გახმაურებულ სასამართლო პროცესებში მის გამართლებას და კუთვნილი თანხების დაბრუნებას უკავშირდება.
„2011 წლიდან ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ყოველდღიურ რეჟიმში ითხოვენ ჩვენი სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესებას, მიზეზი საქართველოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად სავარაუდო გამოყენებაა. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის ორდღიანი ვიზიტით დადასტურდა რომ: ქვეყანა სანქციების გვერდის ასავლელ პლატფორმად არ გამოიყენება, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლის საშუალებითაც კონტროლდება ექსპორტი, ყველაზე სენსიტიური 38 პროდუქტის შესაძლო ექსპორტი საქართველოდან, იგივე ეხება ფინანსური სანქციების აღსრულებასაც. გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროკავშირი, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი სრულად ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას და იმ განსაკუთრებულ ზომებს რაც სანქციების აღსრულებისთვის იქნა შემუშავებული. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება დევიდ ო’სალივანმა საერთოდ არ ისურვა. რადგან გუშინ კიდევ ერთხელ იქნა მხილებული რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებაში და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებში, სანქციების დაწესების მოთხოვნის უსაფუძვლობაში, დღეს გადაწყვიტეს ახალი დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქონების ზრდა რაიმე კავშირში იყოს რუსეთ-უკრაინის ომთან. სინამდვილეში ქონების გაზრდა უკავშირდება გახმაურებულ სასამართლო პროცესებში ბიძინა ივანიშვილის გამართლებას და მისთვის კუთვნილი თანხების დაბრუნებას, იმ თანხების რომლებიც შვეიცარიულმა ბანკმა სრულიად უკანონოდ განკარგა, რაც დადასტურდა კიდეც სასამართლო სხდომებზე. რაც არ უნდა ეცადოს ომის და ღალატის პარტია, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი გაავრცელოს ტყუილი და დეზინფორმაცია საკუთარი ქვეყნის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, შედეგს ვერასდროს მიაღწევენ, რადგან სიმართლე ერთია და ეს სიმართლე იცის მთელმა მსოფლიომ და საქართველომ!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.