“გვარამიას გათავისუფლების არგუმენტაციაზე ქალბატონმა პრეზიდენტმა არ ისაუბრა” – რატი ბრეგაძე
ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომლის არგუმენტაციაზე ქალბატონმა პრეზიდენტმა არ ისაუბრა, ამიტომ ბუნებრივია, მე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება, რა გულისხმობდა იგი ამ შეწყალების აქტით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების მოტივზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სასამართლოს ისტორიაში ქვეყანაში დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა და შესაბამისად, იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობა.
„ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება კონკრეტული ადამიანების მიმართ, არის სამართლიანი, სანამ საპირისპირო არ იქნება დამტკიცებული. ბოლო სტატისტიკებიც რომ ვნახოთ, სტრასბურგში ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი საზოგადოება, ნდობას უცხადებს საქართველოს სასამართლო სისტემას“, – განაცხადა ბრეგაძემ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ შემდეგ პრეზიდენტმა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, განაცხადა: „ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონი პრეზიდენტის გადასაწყვეტია“.
პრეზიდენტმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა. მან საპატიმრო გუშინვე დატოვა.