1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი სალომე ზურაბიშვილს ამის გამო – ნიკა გვარამია
საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი სალომე ზურაბიშვილს ამის გამო – ნიკა გვარამია

საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი სალომე ზურაბიშვილს ამის გამო – ნიკა გვარამია

426
0

საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა და სალომე ზურაბიშვილს ბოდიში მოუხადა იმ ვიდეოების გამო, რომელშიც ის საქართველოს პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა.

მისი თქმით, “შეცდომაში გაჯიუტებას” არ აპირებს და არც სალომე ზურაბიშვილი “უნდა გაჯიუტდეს” და უნდა გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

 

„ველოდი ამ კითხვას. მე არ ვაპირებ ჩემს შეცდომაში გაჯიუტებული ვიყო. ვიდეოებში, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას, ამის გამო. არც ის [სალომე ზურაბიშვილი] უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა გვარამიამ.

 

გვარამიას თქმით, მას შეწყალება არ უთხოვია, რადგან თავს დამნაშავედ არ ცნობს.

 

“მე არ ვთვლიდი და დღემდე არ ვთვლი, რომ შეწყალება უნდა მეთხოვა, რადგან ჩემი თავი უდანაშაულო მგონია. ამაში დარწმუნებული ვარ და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად დავამტკიცებ”, – განაცხადა გვარამიამ.

 

ნიკა გვარამიამ გეგმებთან დაკავშირებულ კითხვაზე განაცხადა, რომ არ აპირებს “მთავარ არხს” უხელმძღვანელოს.

 

“მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, ეს იქნება იმ სირთულეებიდან „მთავარი არხის“ გამოყვანა, რომლშიც ის იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ „მთავარ არხს“ ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ვარ ახლა, მაგრამ „მთავარი არხი“ გადარჩა, მან აჩვენა, რომ ჩემს გარეშე, თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში, ამიტომ მე გავაკეთებ იმას „მთავარი არხისთვის“, რაც შეიძლება სხვას არ შეეძლოს, არც „მთავარ არხზე“ და არც სხვაგან. ეს, პირველ რიგში, ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ „მთავარ არხს“ უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელმძღვანელობს, ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი. მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს. პირველ რიგში, ეს იქნება რასაც გავაკეთებ. არ ვიცი მე ჯერჯერობით ჩემი ურთიერთობა ტელევიზიასთან როგორც ჟურნალისტის, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული.

რაც შეეხება იმას, საერთოდ რას გავაკეთებ, გულწრფელად გეტყვით, ციხეში მე ამასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება, ზოგადად არაფერთან დაკავშირებით არ მიმიღია, იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, იმის შეგრძნება რა ხდება სინამდვილეში გარეთ”, – განაცხადა მან.