“მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყდეს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება” – ხატია დეკანოიძე
მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყდეს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისია რეკომენდაციებიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ვერ ამოიღებს.
„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ზუსტად ეხება ჩვენს შენიშვნებს, რაზეც ოპოზიცია დიდხანს საუბრობდა. ძალიან მკვახედ არის აღწერილი დასკვნაში, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს უმრავლესობის მიერ შემუშავებული დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება და საქართველოს ხელისუფლებამ, რეალურად, სისტემური მიდგომა უნდა განახორციელოს, რათა საქართველოში ოლიგარქიზაცია არ იყოს. ხაზგასმულია ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში. სისტემურ მიდგომასა და რეფორმაში ვენეციის კომისია გულისხმობს უსამართლო სისტემის, სხვადასხვა სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას, რაც რეალურად ქვეყანაში არ არსებობს. ასევე, პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი შეიძლება კონკრეტულად სხვა ადამიანების რეპრესირებისთვის გამოიყენოს „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, შეწყდეს დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. ამ კანონს მაინც თუ მიიღებს, მაშინ ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც არის დეოლიგარქიზაცია, არ იქნება შესრულებული. ეს იქნება ჩავარდნილი ვალდებულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
უმრავლესობის განცხადებებს რაც შეეხება, რომ ევროკომისიამ რეკომენდაციებიდან ამოიღოს პუნქტი, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება, ეს არ მოხერხდება და არ მოხდება, რადგან ყველა რეზოლუციაში, მათ შორის ვენეციის კომისიაშიც, ხაზგასმულია ძალიან სერიოზული პრობლემა ოლიგარქიული მმართველობის კონტექსტში. ევროკომისია ხაზს უსვამს საგანგაშო ფაქტს, რომ საქართველოში არსებობს ოლიგარქიული მმართველი. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ საქართველოში ჩრდილოვანი მმართველობის მიტაცების ფაქტები აღარ იყოს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოსცილდეს მმართველობას. ამიტომ როგორც არ უნდა გადათარგმნოს ირაკლი კობახიძემ ან „ოცნების“ ნებისმიერმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის მხრიდან ეს პუნქტი არ შეიცვლება. ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამ კანონის მიღების და ვენეციის კომისიის წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში, ეს პუნქტი იქნება შეუსრულებელი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ვენეციის კომისიამ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის“ შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული. საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და ამოიღებს 12 პუნქტიდან ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, თებერვალში კანონს გააუქმებენ.