1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „გაუგებარია, რატომ უნდა სურდეს საქართველოს მთავრობას ფსონის რუსეთზე დადება” – უცხოური პერსა
„გაუგებარია, რატომ უნდა სურდეს საქართველოს მთავრობას ფსონის რუსეთზე დადება” – უცხოური პერსა

„გაუგებარია, რატომ უნდა სურდეს საქართველოს მთავრობას ფსონის რუსეთზე დადება” – უცხოური პერსა

322
0

აშშ-ის საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია – რადიო Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „გაუგებარია, რატომ უნდა სურდეს საქართველოს მთავრობას ფსონის რუსეთზე დადება”, რომელშიც მიმოხილულია ამერიკელი ექსპერტ-პოლიტოლოგების კომენტარები ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ამასწინანდელი გამოსვლასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ამერიკის დედაქალაქიდან ეხმაურებიან. ექსპერტები ამბობენ, რომ ფორუმზე, სადაც ქვეყნების ლიდერები საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე და სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრობენ, საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ ნატოს გაფართოებაზე – როგორც უკრაინაში ომის უმთავრეს მიზეზზე საუბარი, შემაშფოთებელია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეჭვქვეშ აღარავინ აყენებს, თუ ვინაა აგრესორი.

„ეს ისტორიისა და გეოპოლიტიკის სრულებით არასწორი გაგებაა. ამგვარი განცხადება არა მარტო დამაზიანებელია საქართველოსთვის, არამედ ახალისებს დამატებით რუსულ აგრესიას. ნუთუ 2008 წელმა არაფერი გვასწავლა?“ – ამბობს იან ბჟეზინსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი.

ამგვარი შეფასება ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს მოჰყვა. შეკითხვაზე, რა იყო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიზეზი, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს ყველამ იცის და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო და ნატოს გაფართოება იყო. ანალიტიკოსები, რომლებიც ამ გამოსვლის შემდეგ „ამერიკის ხმას“ ესაუბრნენ, ამბობენ, რომ გლობალური უსაფრთხოების ამ ტიპის ფორუმები საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პლატფორმებია, რადგან ისინი იძლევა შესაძლებლობას, რომ მთავრობის ლიდერებმა გამოხატონ საკუთარი საგარეო პოლიტიკის თუ ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები, ისაუბრონ ამაზე მრავალფეროვან აუდიტორიასთან, ისეთთან, რომელიც მოიცავს პოლიტიკის შემმუშავებლებს, მკვლევრებს, ზოგჯერ ადგილობრივ მოსახლეობასაც კი. საქართველო კი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყანაა, ყოველ ასეთ შესაძლებლობას გონივრულად უნდა იყენებდეს.

რობერტ ჰამილტონი, ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის კვლევების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრემიერის გამოსვლა ინგლისურ ენაზე იყო და ამ განცხადების შინაარსის არასწორ თარგმანსა თუ ინტერპრეტაციაზე გადაბრალება შეუძლებელია: „მან დაიწყო თავისი პასუხი იმის თქმით, რომ ომის მთავარი მიზეზი ნატოს გაფართოება იყო. როგორც კი ამას იტყვი, აღარ აქვს მნიშვნელობა ამის შემდეგ იმის თქმას, რომ არ გსურს რუსეთის მთავრობის აქცენტების გამეორება, რადგან შენ ეს უკვე გააკეთე. უკვე გაიმეორე რუსეთის მთავრობის მიერ ომის გასამართლებლად გამოყენებული უმთავრესი არგუმენტი“, – ამბობს პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი.
საქართველოს მთავრობას ვაშინგტონიდან უკვე რამდენჯერმე შეახსენეს, რომ რუსეთის აგრესიას გამართლება არ აქვს და ეს ომი, „რუსეთის არჩევანია“. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს არ დაწყებულა. „ეს ომი არის რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის, და ლუგანსკისა და დონეცკის ნაწილების უკანონოდ ხელში ჩაგდების გაგრძელება”. სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ნატოს გაფართოება მხოლოდ საბაბია, რომლის გამოყენებასაც კრემლი ცდილობს“.

ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნატოს ასპირანტი ქვეყნის ლიდერისგან ამგვარი განცხადების მოსმენა ქვეყნის დასავლური პერსპექტივებისთვის კარგს არაფერს ნიშნავს. ექსპერტების ნაწილი შიშობს, ხომ არ არის ეს ერთგვარი მითითება იმაზე, რომ ალიანსში წევრობის მისწრაფება საქართველომაც კრიტიკულად უნდა გადააფასოს.

„თუკი ნატოს წევრობის სურვილი ასეთი ცუდია, ისეთი შეცდომაა, რომ ის ამართლებს რუსეთის თავდასხმას შენს ქვეყანაზე, მაშინ ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს ამასთან“, – ამბობს დენიელ ფრიდი, ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და “ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი. შეერთებულ შტატებში ყველაზე ხანგრძლივი დიპლომატიური სტაჟის მქონე დიპლომატი ხსნის, რომ ესმის და არ აკრიტიკებს საქართველოს ფრთხილ პოლიტიკას რუსეთის მიმართ და ამბობს, რომ რთული გეოგრაფიული პოზიციის გამო, სრულებით გასაგებია, თუ რატომ არ უნდა სურდეს თბილისს რუსეთის პროვოცირება. „მაგრამ ასეთი ვედრება, თითქოსდა ქედის მოხრა კრემლის წინაშე შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც კეთილი ნების ჟესტი და შერიგება. მაგრამ ვშიშობ, რომ კრემლისგან ეს დანახული იქნება, როგორც სისუსტის ნიშანი“.

პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი ამბობს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა უკრაინისადმი ცალსახა და აშკარაა. საქართველოს მთავრობამ კი არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ძალიან სწრაფად გააკეთა არჩევანი: იმის ნაცვლად, რომ აქცენტი იმაზე გაკეთებულიყო, რამდენად დააზიანებდა სანქციებთან შეერთება ქართულ ეკონომიკას, მთავრობის წევრები და მათი მოკავშირეები დაუყოვნებლივ გადავიდნენ აბსურდულ ბრალდებებზე, თითქოსდა ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის ომზე დასმულ შეკითხვაზე, იყო თუ არა მაშინ რუსეთის აგრესია არაპროვოცირებული, თქვა, რომ დეტალების განხილვა არ სურს, რომ მის მთავრობას საკუთარი შეხედულება აქვს და ყველაფერს გააკეთებდა ამ ომის თავიდან ასაცილებლად. პოლკოვნიკი ჰამილტონი ამბობს, რომ ეს 2008 წლის ინსტრუმენტალიზაციაა: „ვფიქრობ ეს ძალიან საშიშია. საქართველოს მთავრობა 2008 წლის ომს ინსტრუმენტად იყენებს. ზოგჯერ ის თავის წინამორბედს, მიხეილ სააკაშვილს და მის მთავრობას აბრალებს ომის დაწყებას, როცა ეს ხელსაყრელი და მოსახერხებელია. ზოგჯერ კი ამტკიცებს, რომ რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და დასავლეთში არავინ არაფერი გააკეთა მის დასახმარებლად. არ შეიძლება ეს ორივე [ვარიანტი] გქონდეს. არ შეიძლება წინამორბედი დაადანაშაულო ომის დაწყებაში და შემდეგ ამტკიცო, რომ თავს დაგვესხნენ და არავინ დაგვეხმარა“, – ამბობს რობერტ ჰამილტონი.

ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ახლა მსოფლიოსთვის ისე, როგორც არასდროს, ნათელია, ვინაა აგრესორი. ამგვარი განცხადებები კი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველთა შეურაცხყოფაა. „ვფიქრობ, ეს 2008 წლის შესახებ ძალიან ღრმად ცინიკური შეხედულებაა. ეს მართლაც აუფასურებს ყველა იმ ქართველი ჯარისკაცის მსხვერპლს, ვინც იმ ომში იბრძოდა და დაიღუპა. ეს მართლა დამაზიანებელია. ყველას, ვინც [ამას] ყურადღებას აქცევს, ესმის, რა ხდება, როცა მთავრობა ამას აკეთებს. ეს მისი რეპუტაციისთვის ძალიან დამაზიანებელია“, – დასძენს პოლკოვნიკი.

რას ნიშნავს საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვლილია და ბევრი უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა მიღებული. თადარიგის პოლკოვნიკი ჰამილტონი ამბობს, რომ ბუქარესტიდან ვილნიუსამდე გზაზე საქართველოსა და უკრაინის უმნიშვნელოვანესი ტანდემი დაიშალა. რობერტ ჰამილტონი განმარტავს, რომ ბუქარესტში მიღებული დაპირების შემდეგ, წევრობის გზაზე ეს ორი ქვეყანა უეცრად არ დაწინაურებულა და 2022 წლის თებერვალში ნატოს გაფართოების საკითხი სულაც არ იდგა დღის წესრიგში. ამ გრძელ გზაზე მყოფი ქვეყნის ლიდერისგან კი ომის მიზეზად გაფართოების დასახელება, არაგონივრულია. რადგან არც 2022 წელს, არც 2014 და არც 2008 წელს ეს „საფრთხე“ რუსეთის აგრესიის გასამართლებლად უბრალოდ არ არსებობდა. და ეს განსაკუთრებით ხშირად სწორედ კრემლისგან გვესმის.

პოლკოვნიკი ამბობს, რომ თუკი წლების განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის საკითხი გამუდმებით ერთობლივად განიხილებოდა, დღეს დასავლელი პარტნიორები მსჯელობენ, როგორი გზა შესთავაზონ კიევს, საქართველომ კი თავი თამაშგარე მდგომარეობაში ჩაიგდო.

„ვფიქრობ, რომ ვილნიუსის სამიტზე ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი უკრაინის სტატუსი იქნება. საქართველოს იმ დიდი უმრავლესობისთვის სამწუხაროდ, ვინც ნატოში გაწევრიანების მომხრეა, საქართველოსა და უკრაინის გზები ამ პროცესში გაიყარა. 2008 წლის შემდეგ საქართველო და უკრაინა ფორმალურად სულ დანახული იყო ტანდემში, როგორც იმ ქვეყნების წყვილი, რომელიც ნატოში ინტეგრაციისკენ მიდიოდა. ეს ტანდემი გატყდა, კავშირი გაწყდა და ასე იქნება ახლო მომავალშიც“, – ამბობს პოლკოვნიკი.

რობერტ ჰამილტონის შეფასებით, ნატო ახლა უყურებს უკრაინას, როგორც წევრობის სერიოზულ კანდიდატს. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის შიგნით არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუ რამდენად პირდაპირი გზა შესთავაზონ კიევს ვილნიუსის სამიტზე და უახლოეს მომავალში, ამ დროს არავინ საუბრობს საქართველოზე. „ჩვენ არ გვესმის, რომ ვინმე ლაპარაკობდეს ან რაიმე დისკუსია მიმდინარეობდეს ვილნიუსის სამიტზე ნატოსკენ საქართველოს მეტად დაწინაურებაზე. ვფიქრობ, საქართველო ვილნიუსის სამიტზე იგნორირებული იქნება. ეს ტანდემი შეუქცევადია დარღვეული. ესაა უდიდესი შესაძლებლობის გამოტოვება საქართველოსგან, რომელსაც შეეძლო თავისი კარტები სწორად ეთამაშა და უკრაინის ოფიციალურ მხარდაჭერაში მოწინავე ყოფილიყო. ესაა დაკარგული შესაძლებლობა მთავრობისთვის და ტრაგედია ქართველი ხალხისთვის, რომელიც 20 წელზე მეტია ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ მის დიდ უმრავლესობას სურს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაცია“.

ანალიტიკოსთა ნაწილი ბრატისლავაში გაკეთებულ განცხადებებს უფრო ფართო ჭრილში განიხილავს და ამბობს, რომ ეს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებებისა და ნაბიჯების ლოგიკური, მაგრამ საშიში გაგრძელებაა. დენიელ ფრიდს მიაჩნია, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც კრემლისთვის სასიამოვნოდ გამოიყურება, რუსეთის აგრესიას არათუ არ შეაკავებს, არამედ – პირიქით, წააქეზებს.

„მე ძალიან მაშფოთებს ყველა ეს ნიშანი… მე მაწუხებს ის, რომ საქართველოს მთავრობა იწყებს იმაში ჩართვას, რასაც ამერიკაში „კულტურულ ომებს“ ვუწოდებთ, იმისთვის, რომ დაიყოს საზოგადოება და თავს დაესხა შენს მტრებს კულტურული საკითხების გამოყენებით, დემაგოგიური მიდგომით“, – ამბობს დენიელ ფრიდი და დასძენს, რომ ამერიკელებს არ აღელვებთ ვინ მოიგებს არჩევნებს, მთავარი ისაა, რას აკეთებენ ისინი, როცა ძალაუფლება აქვთ. ფრიდის აზრით, სამწუხარო მახასიათებელია მთავრობის მხრიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც კრემლის ნარატივის გამეორებად გამოიყურება და ეს სხვა, პროდასავლურ განცხადებებს სანდოობას უმცირებს ან უკარგავს:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმეორებს ფორმულირებას, რომ საქართველოს ნატოს წევრობა სურს, მაგრამ თუკი შენ მანამდე თქვი, რომ უკრაინის ნატოში წევრობის სურვილი ომის დაახლოებითი მიზეზია და გარკვეულწილად რუსეთის პროვოცირება გასაგები იყო, ეს ძირს უთხრის იმ წინა განცხადებას, რომ ნატოში წევრობით ხარ დაინტერესებული. ეს მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის რეალური პოზიცია ისაა, რომ საქართველო უარს იტყვის მის საბოლოოო მიზანზე, რომ შეუერთდეს დასავლეთს. ამის ნაცვლად კი მოძებნის უფრო ნაკლებ ადგილს რუსეთის მიერ დომინირებულ გავლენის სფეროში. ჩვენ კი ვიცით, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში: ეს ნიშნავს სიღარიბეს, კორუფციას, იზოლაციას. და ეს სამწუხაროა“, – ამბობს დენიელ ფრიდი.
ვილნიუსის სამიტამდე სულ რაღაც თვენახევრით ადრე, დენ ფრიდის აზრით, საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს სულაც არაა დაინტერესებული. პრემიერის განცხადებები კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო თუ ფორმალურად არა, რეალობაში მაინც, ნატოს წევრობით აღარაა დაინტერესებული. “არ მესმის, რატომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ფსონი რუსეთზე დადოს, რადგან ეს ახლა კარგ გადაწყვეტილებად არ გამოიყურება”.
სტაჟიანი დიპლომატის აზრით, შეკითხვა ახლა ასე ისმის:

„სად ხედავს „ქართული ოცნების“ მთავრობა საქართველოს მომავალს – დასავლეთთან თუ მოსკოვთან? დიახ საქართველო რთულ გეოგრაფიულ ადგილასაა, მაგრამ ვშიშობ, რომ საქართველოს შფოთვა მოსკოვის მიმართ სინამდვილეში არათუ არ გააძლიერებს მის პოზიციებს, არამედ – დაასუსტებს”.

ანალიტიკოსების აზრით, ვლადიმირ პუტინი ახლა მხოლოდ დროის გაწელვაზე და დასავლეთის მოთმინების ამოწურვაზე ამყარებს იმედებს, რადგან მას ამ ომის არც მოგება შეუძლია და აღარც მისგან თავის დაღწევა. ამ დროს კი საქართველოს მთავრობის მიერ მოსკოვზე ფსონის დადება არც ისე გონივრული გადაწყვეტილებაა.

წყარო