1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რა ხდება უკრაინაში ომის 419-ე დღეს
რა ხდება უკრაინაში ომის 419-ე დღეს

რა ხდება უკრაინაში ომის 419-ე დღეს

204
0

ომის 419-ე დღეს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 470 ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 183 130-ს მიაღწია, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 661 ტანკს, 7 098 ჯავშანმანქანას, 2 810 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 308 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 676 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 262 უპილოტო საფრენ აპარატს, 330 ერთეულ სპეცტექნიკას, 911 ფრთოსან რაკეტას.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყოველთვის, როდესაც უკრაინისთვის პარტნიორების მხრიდან იარაღის მიწოდება ფერხდება, უკრაინელ სამხედროებს ეს სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

„ხელი მოვაწერე სახელმწიფო ჯილდოებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 127 მებრძოლის დაჯილდოებას, მათგან 68 – სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება: ყოველ ჯერზე, როცა გვესმის, რომ იარაღის დაპირებული მოწოდება ფერხდება, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება ეჭვი უკრაინისთვის მისაწოდებელი იარაღის ტიპზე, დიაპაზონზე ან სხვა მახასიათებლებზე – ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი მეომრები თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ, რათა იყოს დრო, რომელიც იხარჯება დარწმუნებაზე, რომ აუცილებელი იარაღის მიწოდება შედგეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა ომი უნდა წააგოს და ეს უკრაინისა და მისი პარტნიორების ერთობლივი პასუხისმგებლობაა.

„აგრესორმა უნდა წააგოს და ეს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი პასუხისმგებლობაა. ვიყოთ მაქსიმალურად აქტიური იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში, რათა ჩვენი ერთობლივი გამარჯვება დავაჩქაროთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს”, – განაცხადა ლავროვმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ბრაზილიელ კოლეგასთან განიხილა კონტექსტი, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რათა ასეთი პრობლემები არა ხანმოკლე ვადით, არამედ გრძელვადიანი შეთანხმებების საფუძველზე მოგვარდეს.

შეგახსენებთ, 7 აპრილს ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.