“ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე”-კასიანოვი
ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
ანდრეი კასიანოვს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებაში“ კეთდება განცხადებები, რომ რუსეთს ომში უპირატესობა აქვს“.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვკვირვებია პოლიტიკოსის მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც თავის თავს ქართველ პოლიტიკოსს უწოდებს. მან ერთ დროს ნებაყოფლობით დაუთმო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი რუსეთის სახელმწიფო დუმის უვარგის დეპუტატს, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით პროსახელისუფლო უმრავლესობის მოქმედი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც აყალიბებენ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოლიტიკას. ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავის, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე. ვურჩევდი, მიმართონ გეოგრაფიისა და გეომეტრიის სახელმძღვანელოებს, რათა გაიგონ, რა ფართობის ტერიტორიები და რა მნიშვნელობის ქალაქები გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ გაჩაღებულ დაუნდობელ ომში ამ წელს“, – განაცხადა კასიანოვმა.