9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა არნახული სისასტიკით დაარბიეს.დაარბიეს.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი – ორსული. ბარბაროსულად მოკლულთა შორის კი ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგონა გახლდათ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელი ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა.
საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ამდენად, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
35 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.