1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “2024 წელი უკრაინისთვის რთული იქნება” – რას წერს “ამერიკის ხმა”
“2024 წელი უკრაინისთვის რთული იქნება” – რას წერს “ამერიკის ხმა”

“2024 წელი უკრაინისთვის რთული იქნება” – რას წერს “ამერიკის ხმა”

427
0

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა’) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკელ თადარიგის გენერალ გორდონ დეივისთან სათაურით „2024 წელი უკრაინისთვის რთული იქნება“.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

უკრაინაში ომის დაწყებიდან, თითქმის ორი წელი გავიდა. მიუხედავად დასავლური დემოკრატიების მხარდაჭერისა, ქვეყანას დამატებითი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება სჭირდება რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად. პირველ თებერვალს ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის დახმარების მორიგი პაკეტის ბედს გადაწყვეტენ. ვაშინგტონში კი კანონმდებლები კვლავ ცდილობენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე შეჯერდნენ.

რა მნიშვნელობა აქვს ახლა დასავლურ დახმარებას უკრაინისთვის, როგორია ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა და რა მოლოდინები არსებობს უკრაინისთვის 2024 წელს. ამ თემებზე “ამერიკის ხმა“ ამერიკელ თადარიგის გენერალ გორდონ დეივისს ესაუბრა, რომელიც ამერიკულ ჯარში 37 წლის განმავლობაში მსახურობდა, შემდეგ კი ნატოს მაღალჩინოსანი იყო.

როგორ შეაფასებდით უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას და ასევე, როგორც უკრაინული, ისე რუსული ჯარების მდგომარეობას?

– ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ პოტენციურად რაიმე წინსვლა ჰქონდეს დამატებითი ტერიტორიის დასაკავებლად, სიტუაცია ამ დროისთვის საკმაოდ სტატიკურია.

ვფიქრობ, მათ დავალებული აქვთ პუტინისგან, რომ შესაძლებობების მაქსიმუმი გააკეთონ რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დასაპყრობად, იმისთვის, რომ [რუსეთში] არჩევნებამდე გარკვეული პროგრესი აჩვენონ. იდეალურ შემთხვევაში კი, იმისთვის, რომ პუტინმა გააძლიეროს თავისი პოლიტიკა უკრაინაში ომისადმი ამ პროგრესის მნიშვნელობის ფონზე.

რაც შეეხება უკრაინას – ამერიკის შენელებული და ახლა უკვე შემცირებული დახმარების გამო, რა თქმა უნდა, ის თავდაცვით პოზიციას დაუბრუნდა. საბედნიეროდ, ბევრი ევროპული ქვეყანა ეხმარება უკრაინას როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული მიმართულებით. ვფიქრობ, ეს, როგორც მინიმუმ, დაეხმარება უკრაინას შეინარჩუნოს თავდაცვითი პოზიცია, მაშინ, როდესაც ის აგრძელებს რუსეთის თავდასხმასთან გამკლავებას.

[რუსები] კარგ მდგომარეობაში არ არიან. ნაწილობრივ ეს ამინდის ბრალიცაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზია გაწვრთნილი სამხედროებისა და კარგი ტაქტიკის უქონლობა. ასევე დიდ როლს თამაშობს მთლიანი უკრაინული საზოგადოების თავდაცვითი შესაძლებლობა, რომელიც დასავლური დახმარებითაა გაძლიერებული.

ვფიქრობ, დასავლეთში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები პარლამენტებსა და კონგრესებში, რომ უკრაინისთვის უწყვეტი დახმარების გაწევას ხელი შეუწყონ. საჭიროა, დავეხმაროთ მათ ისეთი თავდაცვით შესაძლებლობების შექმნაში, როგორებსაც იმსახურებენ და რომლებიც არალეგალურად ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად სჭირდებათ.

თქვენი ამერიკული, დასავლური დახმარება ახსენეთ. ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა, მოსალოდნელზე ნაკლებ ეფექტური, ნაწილობრივ ამერიკისა და სხვა დასავლელი პარტნიორების მხრიდან არასაკმარისი იარაღის, ან მათი ნელა მიწოდების ბრალიცაა. ეთანხმებით თუ არა ამას და როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ახლა უკრაინას გამარჯვებისთვის?

– ვერ ვიტყოდი, რომ არსებობდა ერთი კონკრეტული და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც განსაზღვრა ის, თუ რატომ ვერ შეძლო უკრაინამ კონტრშეტევის დროს დიდი ფართობის მიწის დაბრუნება.

ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზი იყო – დასავლეთმა ძალიან ნელა გაიაზრა, რომ მათი შეფასებები პუტინისთვის წითელი ხაზების არსებობაზე, მცდარი იყო. რომ მათ შეეძლოთ მეტი თავდასხმითი იარაღის მიწოდება, უფრო შორ მანძილზე მოქმედი, უფრო ეფექტური იარაღის მიწოდება [რუსეთის] დასავლეთის წინააღმდეგ პროვოცირების გარეშე.

სამწუხაროდ, ეს იყო იმის გადაჭარბებული შეფასება, რომ რუსეთი [ამ დახმარებაზე] რეაგირებას მოახდენდა და რომ პუტინი ნატოსთან ესკალაციისთვის მზად იყო. ეს არასწორი გათვლა იყო და ამას გავლენა ჰქონდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი წვრთნების დროს [არასწორი გათვლები] იყო, როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის მხრიდან. არასწორად მოხდა იმის გათვლა თუ რა სიძნელეების შექმნა შეეძლო რუსეთის თავდაცვას, [ტერიტორიაზე] შეღწევის თვალსაზრისით და იმ მიმართულებით, რისთვის რამდენი დრო ჰქონდათ.

გარდა ამისა, ტაქტიკა, რომელსაც რუსები იყენებდნენ თავდაცვისთვის, რამდენიმე შრიანი დანაღმული ზონის შექმნა იყო, რაც გაცილებით უფრო რთულია შესაღწევად. ეს დიდ აქცენტს მოითხოვდა მობილობაზე და უკრაინელების მხრიდან განმნაღმველი ძალების მობილიზებაზე. ეს ყველაფერი არ იყო სათანადოდ შეფასებული როგორც უკრაინის, ისე დასავლელი წვრთნების მიმწოდებელი ინსტრუქტორების და მათ მიერ, ვინც აღჭურვილობას იყენებდა.

მეორეს მხრივ, არტილერიამ, საჰაერო თავდაცვამ, და დრონებმა დიდი როლი ითამაშა უკრაინის მიერ მოპოვებულ მიღწევებში. რა თქმა უნდა, წინსვლა უკრაინელების გამბედაობისა და მცირე დანაყოფების ტაქტიკაზე აქცენტის გაკეთების, ასევე მეთაურების მაღალი კვალიფიკაციის წყალობითაც მოხდა.

წინსვლის ფაქტორი იყო მთელი უკრაინული საზოგადოების სრული მობილიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, რათა სწრაფად მიეწოდებინათ უკრაინული ძალებისთვის ის, რაც მათ სჭირდებოდათ, თავდაცვისა და იდეალურ შემთხვევაში, რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად.

ვიტყოდი, რომ [კონტრშეტევის მასშტაბურობის] ჩავარდნა რამდენიმე მიზეზით მოხდა. თუმცა, ახლა დროა, რომ მომავალზე გავამახვილოთ ყურადღება. იქამდე, ვიდრე დასავლური დახმარება არსებობს, უკრაინამ რუსული ძალებისგან თავდასხმის მოგერიებაზე და თავდაცვაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

რას ფიქრობთ ყირიმზე?არსებობს მოსაზრება, რომ ამ ომის მთავარი ამოსავალი წერტილი ყირიმი უნდა იყოს, რომ თუ რუსეთი ვერ შეძლებს ყირიმის გაკონტროლებას, მაშინ ეს ყველაფერს შეცვლის, ან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს ფრონტის ხაზზე.

რას ფიქრობთ ამაზე?

– უკრაინელები ცდილობენ რუსეთს დაანახონ, რომ მათ ყირიმში დარჩენა არ შეუძლიათ. პირველ რიგში, ამას შავი ზღვის ფლოტის საყურადღებოდ და შემდეგ უკრაინის სამხრეთში მყოფი რუსული ჯარებისთვის ლოგისტიკური მხარდაჭერის აღსაკვეთად აკეთებენ.

ვფიქრობ, რომ ეს გამორჩეული მიზანია, რადგან წარმატების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რუსეთის უნარი, შეინარჩუნოს ყირიმი.

ეს გაურთულებს რუსეთს არა მარტო თავდასხმით ოპერაციას სამხრეთ უკრაინაში, არამედ პრობლემებს შეუქმნის ყირიმის სამომავლო დაცვაშიც, თუ უკრაინიდან მუდმივად საფრთხე ექნება.

ამ [სტრატეგიას] ასე ვთქვათ ორპირიანი ხმლის ფუნქცია აქვს – ერთი მხრივ, ის ზიანს აყენებს რუსეთის შესაძლებლობებს გააგრძელოს თავდასხმები სამხრეთზე და მეორე, მოითხოვს გაცილებით უფრო დიდ ძალისხმევას, რომ უბრალოდ დაიცვას ყირიმში დისლოცირებული ძალები.

ამ სტრატეგიამ ასევე გზა გაუხსნა უკრაინას აღედგინა საკუთარი მარცვლეულისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საზღვაო მარშრუტები და შეამცირა საფრთხე ოდესასა და ხერსონში, რაც უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, თუ უკრაინას ვერ დაიპყრობს, სამომავლოდ რუსეთი ორჯერ დაფიქრდება, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მასთან. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არაჩვეულებრივი ტაქტიკაა ამ მომენტისთვის და [უკრაინელები] მას უნდა გაჰყვნენ.

როგორი მოლოდინები გაქვთ, როგორი იქნება ფრონტის ხაზი 2024 წელს? როგორ ფიქრობთ რა უნდა იყოს ერთი მთავარი მიზანი, რაზეც უკრაინული ჯარი უნდა ფოკუსირდეს 2024 წელს?

– ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა, გაგრძელდება თუ არა ამერიკის დახმარება უკრაინისადმი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები იქნება უკრაინის, გულწრფელად რომ ვთქვათ, მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობა, გააგრძელოს [ქვეყნის] დაცვა და ბრძოლა. მოძებნოს ახალი გზები, რათა გამოიყენოს რუსეთის დაუცველობა. ვფიქრობ, რომ მათთვის ეს რთული წელი იქნება. თუმცა, წელსაც შეძლებენ თავდაცვის გაგრძელებას.

თუ დამატებით დასავლურ დახმარებას არ მიიღებენ, შესაძლოა მათ მიწის ნაწილი დაკარგონ, მაგრამ ეს მიწები რუსულ ძალებს ძალიან დიდი ფასი დაუჯდებათ.

მართალია რუსეთს სტრატეგიული სიღრმე აქვს რესურსებისა და ცოცხალი ძალის თვალსაზრისით, მაგრამ ის დაუმარცხებელი არაა და ეს გამოიხატება იმაშიც, რომ რუსულ საზოგადოებაში გაჩნდა ბზარები ომის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ეს ბზარები გაჩნდა [რუსეთის] ეკონომიკაშიც, ელიტის მხრიდან ომის მხარდაჭერაშიც და ყირიმის შენარჩუნებაშიც – ეს ყველაფერი პუტინს პრობლემებს შეუქმნის. მას თავიდან აირჩევენ, მაგრამ ბევრი პრობლემა ექნება.

ვფიქრობ, რომ 2024 წელს ვნახავთ უკრაინის მხრიდან წარმატებულ თავდაცვას და დიდი ალბათობით, ახლო მომავალში დახმარების ახალ ტალღასაც.

წყარო