“2008 წლის აგვისტოს ინტერვენცია იყო ისტორიის კიდევ ერთი უმძიმესი ფურცელი”- ბექა ოდიშარია
2008 წლის აგვისტოს ინტერვენცია იყო ისტორიის კიდევ ერთი უმძიმესი ფურცელი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გმირი სამხედროების ოჯახებს, რომლებიც ამ ინტერვენციას შეეწირნენ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო, მაგრამ ისეთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა დახვდა, რომელმაც არასწორი ნაბიჯები გადადგა და ამას ასეულობით ქართველი შეეწირა.
„2008 წლის აგვისტოს ინტერვენცია იყო ისტორიის კიდევ ერთი უმძიმესი ფურცელი, თუმცა 90-იანი წლების ტალღებიც მახსოვს, რაც არანაკლებ მტკივნეული იყო. ინტერვენცია არახალი იყო მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში. ეს ჩვენმა იუნკერებმა გადაიტანეს. მანამდე, 1 800-იან წლებში საქართველოს ფაქტობრივი ანექსია იყო. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გმირი სამხედროების ოჯახებს, რომლებიც 2008 წლის რუსეთის ოკუპაციასა და ინტერვენციას შეეწირნენ. მათ ოჯახებს ვეტყვი, რომ მათით იამაყონ, რადგან მათმა წიაღმა გმირები შვა.
რაც შეეხება 7 თუ 8 აგვისტოს, მერვე წელია, პოლიტიკაში ვარ და მათ ნაცვლად მერიდება, მრცხვენია. ასეთ დროს, ასეთ დღეებში როგორ ახერხებენ პინკ-პონკის მოწყობას, რატომ 8 აგვისტოს და არა 7 აგვისტოს? 2014 წლამდე 8 აგვისტოს რატომ დადიოდნენ ძმათა სასაფლაოზე? რატომ ჩაწერეს 7 აგვისტო ავადნახსენებ რეზოლუციაში, სადაც ქართველ სამხედროებს სამხედრო დანაშაული დააბრალეს? საერთაშორისო დავებისას რუსეთი 7 აგვისტოს თარიღით სწორედ ჩვენ გვადანაშაულებდა რეზოლუციის მეხუთე პუნქტში არსებულ დანაშაულებრივ ნარატივში. საერთაშორისო სასამართლოებში მოპოვებული ყველა გამარჯვება დათარიღებული იყო 8 აგვისტოთი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რატომ გადაიღო ფილმი, რომელსაც 08.08.08 ერქვა? – თარიღების ერთმანეთში არევა იმას ხომ არ ემსახურება, რომ ქართულმა საზოგადოებამ აქცენტი გადაიტანოს – აქცენტია რუსეთის შიშველი აგრესია, რომელმაც ომი დაიწყო, მაგრამ აქ ისეთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა დახვდა, რომელმაც არასწორი ნაბიჯები გადადგა და ამას ასეულობით ქართველი შეეწირა, 200-მდე სოფლის დაკარგვა მოჰყვა და ახლა ქვეყნის 1/5 დაკარგულია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.