1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 13 ივლისს საქართველოში სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება
13 ივლისს საქართველოში სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება

13 ივლისს საქართველოში სვეტიცხოვლობა – 12 მოციქულის ხსენების დღე აღინიშნება

778
0

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრებში დღეს წირვა-ლოცვა შესრულდება.

კრება წმიდა დიდებულთა და ყოვლადქებულთა  ათორმეტთა მოციქულთა ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.

 

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე IV საუკუნიდან აღინიშნება. თითოეულ მოციქულს ცალკე ხსენების დღე აქვს, მაგრამ ეკლესიამ, 12_ვე მათგანის ერთად მოხსენიების დღე დააწესა პეტრე-პავლობის მომდევნო დღე – 13 ივლისი.

 ამავე დღეს იზეიმება სვეტიცხოვლობა. მოგეხსენებათ მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელზეა აგებული.

 

მათეს სახარებაში მოთხრობილია, თუ როგორ გამოარჩია მაცხოვარმა 12 მოციქული.

გამოირჩია თორმეტი მოციქული და მისცა მათ “ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა” (მთ. 10, 1).

და ამის შემდეგ მახარებელი ჩამოთვლის სახელებს: პირველად, სიმონი რომელსაც ეწოდა პეტრე და ანდრეა, მისი ძმა; იაკობ ზებედესი და იოანე, მისი ძმა; ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მეზვერე; იაკობ ალფესი და ლებეოსი, რომელსაც თადეოზი ეწოდა მოგვიანებით; სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გახდა მაცხოვრის გამცემელი.

როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, გაგზავნა ისინი “ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა” (ლკ. 9, 2).

და როდესაც მაცხოვარი ამაღლდა ზეცად, მოციქულებს მოუწოდა გალილეის ერთ-ერთ მთაზე (ელეონის) და უკანასკნელი კურთხევა მისცა მათ: “მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა” (მთ. 28, 18-20).

ეკლესია 12 მოციქულის ხსენებისას ზეიმობს იმ თორმეტ მოციქულს, რომელიც სულთმოფენობის წინ დადგინდა, იგულისხმება იუდა მოციქულის ნაცვლად მატათა მოციქულის გამორჩევა.

სწორედ 12 მოციქულის სახელზე აიგო მცხეთაში უდიდესი ტაძარი – სვეტიცხოველი.

 

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერსა და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

13 ივლისს ასევე კეთილმორწმუნე დინარა დედოფლის ხსენება აღინიშნება, რომელიც ჰერეთის დედოფალი იყო და მოსახლეობას სპარსთა მონოფიზიტური სარწმუნოებისგან იცავდა. დღესასწაულის გამო მარხვა თევზით ხსნილია.