1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ზელენსკის მიმართ ტრამპის ამომრჩევლების კეთილგანწყობა მატულობს”-The Wall Street Journal
“ზელენსკის მიმართ ტრამპის ამომრჩევლების კეთილგანწყობა მატულობს”-The Wall Street Journal

“ზელენსკის მიმართ ტრამპის ამომრჩევლების კეთილგანწყობა მატულობს”-The Wall Street Journal

131
0

ამერიკული გაზეთის „უოლ სთრით ჯორნელის” (The Wall Street Journal) ორი ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ზელენსკის მიმართ ტრამპის ამომრჩევლების კეთილგანწყობა მატულობს“ (ავტორი – სტივენ მური და კოლბი ბარეტი). პუბლიკაციაში განხილული და გაანალიზებულია ამერიკელ რესპუბლიკელებს შორის უკრაინის პრეზიდენტის პოპულარობასთან დაკავშირებული საკითხები. „გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი მატულობს“ – ასეთია ავტორის დასკვნა.

 გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვები ადასტურებს, რომ უკრაინა ისევ ხდება პრიორიტეტი ამერიკელი რესპუბლიკელებისათვის. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს შორის სულ უფრო მატულობს მათი რაოდენობა, რომლებიც კიევისათვის სამხედრო დახმარების გაწევას ემხრობა. ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი სამოქმედო ტაქტიკა და სტრატეგია შეცვალა.

ზელენსკის წინდაუხედაობა: ორიენტაცია დემოკრატებზე

2022 წლის მარტში ვოლოდიმირ ზელენსკის დადებითად უყურებდა დონალდ ტრამპის ამომრჩევლების 57%, მაგრამ რუსული დეზინფორმაციის კამპანიის შედეგად, რომელზეც კრემლმა მილიონობით ფული დახარჯა და თვითონ დონალდ ტრამპის არცთუ სასიამოვნო ბრალდებების გამო, უკრაინის პრეზიდენტის პოპულარობა 2025 წლის მარტისათვის 19%-მდე დაეცა.

ყველაზე სერიოზული წინდაუხედაობა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუშვა გასულ წელს, როცა იგი პენსილვანიის შტატში გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტობის კანდიდატის, დემოკრატ ჯო ბაიდენის რწმუნებულ პირთან – ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად გამოჩნდა. ეს ნაბიჯი წინასაარჩევნო კამპანიის ელემენტად ჩაითვალა – არჩევნებამდე 44 დღით ადრე, თანაც ისეთ ფონზე, როცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა საკუთარი თანამდებობა შეწირა უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას (ამის გამო რესპუბლიკელმა თანაპარტიელებმა იგი პოსტიდან გაათავისუფლეს).

ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდი დონალდ ტრამპის ამომრჩევლებს ყურადღებას არ აქცევდა. კიევს მხოლოდ დემოკრატებთან ჰქონდა ურთიერთობა, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ – მათ ეგონათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ დემოკრატები და მათი კანდიდატები – ჯო ბაიდენი და შემდგომ – კამალა ჰარისი გაიმარჯვებდა. უკრაინის მხარეზე იყო მასმედიაც – CNN, MSNBC და პოპულარული გადაცემა „60 წუთი“. ამასობაში კი ანტიუკრაინულად განწყობილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, თავის მხრივ, რესპუბლიკელებს (კონსერვატორებს) უკრაინის წინააღმდეგ ამხედრებდნენ.

კურსი ამერიკელი რესპუბლიკელებისაკენ

ახლა ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუებს მხოლოდ რესპუბლიკელების მხარეზე მდგარ ამერიკულ მასმედიას აძლევს – „შოუ ბენ შაპიროს“, „ბრეტ ბაიერის სპეციალურ რეპორტაჟს“ და „ნიუმაქსს“. აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტმა კიევში „სალოცავი საუზმე“ ამერიკულ სტილში მოაწყო, რითაც ათასობით მორწმუნის ყურადღება მიიპყრო როგორც უკრაინაში, ასევე აშშ-ში და მსოფლიოს რიგ ქვეყნებში. ამის შემდეგ Trinity Broadcasting Network-ის პოპულარულმა წამყვანმა ჯოელ როზენბერგმა ვოლოდიმირ ზელენსკისგან ინტერვიუ აიღო.

აშშ-ის ორგანიზაცია Ukraine Freedom Project-ის მიერ ივნისის თვიდან ჩატარებულმა გამოკითხვებმა ცხადჰყო, რომ რელიგიურ კონსერვატორებს შორის 22%-ით მოიმატა ისეთი ადამიანების რიცხვმა, რომლებიც უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას მხარს უჭერენ. ხოლო იმ რესპუბლიკელებს შორის, რომლებიც ყოველკვირეულად დადიან ეკლესიებში, უკრაინის მომხრეებმა 18%-ით მოიმატეს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ტაქტიკის შეცვლამ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში მისი რეიტინგის დონე ამერიკელ ამომრჩევლებში თითქმის ორჯერ გაზარდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ამომრჩევლებს შორის ოქტომბერში ჩვენი გაზეთის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელების 78%, რომლებსაც ვოლოდიმირ ზელენსკი მოსწონთ, ასევე გამოდიან უკრაინისათვის იარაღის მიწოდების მომხრეებად. მართალია, ვლადიმერ პუტინი ყოველთვის ცდილობს მშვიდობის დამყარების ხელის შემშლელად ვოლოდიმირ ზელენსკი გამოიყვანოს, მაგრამ ახლა, როცა უკრაინის ლიდერი კომუნიკაციის სფეროში უფრო აქტიურად მოქმედებს, რესპუბლიკელები აშკარად ხედავენ, თუ ვინ უქმნის დაბრკოლებას დონალდ ტრამპის სამშვიდობო დიპლომატიას: რესპუბლიკელების ამომრჩეველთა 64% თვლის, რომ სწორედ კრემლი ქმნის ბარიერებს ცეცხლის შეწყვეტაში, მათი რაოდენობა კი, ვინც დამნაშავედ ზელენსკის მიიჩნევს, თანდათან მცირდება და ამჟამად მხოლოდ 13%-ს შეადგენს.

დაარწმუნე, რომ გამარჯვება შეგიძლია

საინტერესოა ერთი მომენტიც: მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი უამრაც თანხას ხარჯავს დეზინფორმაციისათვის, რომ ამერიკელი კონსერვატორები უკრაინის წინააღმდეგ განაწყოს, შექმნილია პარადოქსული სიტუაცია: ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს საკმაო სამსახურს უწევს ვოლოდიმირ ზელენსკის. მისმა მოქმედებამ რესპუბლიკელებს შთააგონა, რომ საფრთხეს სწორედ რუსეთი წარმოადგენს. გამოკითხვაში მონაწილე რესპუბლიკელების 92% შეშფოთებას გამოხატავს რუსული დრონებისა და თვითმფრინავების შეჭრით ევროპის ქვეყნებში (პოლონეთში, რუმინეთში, ესტონეთში…). გარდა ამისა, გამოკითხული ამერიკელების 76% შიშობს, რომ რუსეთი ან ჩინეთი ამერიკას დრონების მეშვეობით შეუტევს.

როგორ შეუძლია ვოლოდიმირ ზელენსკის რესპუბლიკელების სიმპათიის შენარჩუნება?  როგორ და თავისი გამარჯვებებით, თავისი წარმატებებით, რომელიც მან ფართოდ უნდა გაარეკლამოს (უნდა შეძლოს ამის გაკეთება) კონსერვატიულ მასმედიაშიც.  რესპუბლიკელ-ამომრჩეველთა მხოლოდ 14% თვლის, რომ უკრაინა იმარჯვებს, თანაც ისე, რომ მათ არ იციან კონკრეტული წარმატებების ამსახველი ფაქტები. მათ თვის უცნობია, მაგალითად, ის, რომ:

ა) საკუთარი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფაქტიური არარსებობის მიუხედავად, უკრაინამ შეძლო რუსეთის ოდესღაც მრისხანე შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ხომალდების 35%-ის განადგურება;

ბ) უკრაინული დრონების მიზნობრივი დარტყმებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განადგურებულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 27%;

გ)  რუსეთის ოთხ აეროდრომზე განხორციელებული ოპერაცია „აბლაბუდას“ შედეგად უკრაინამ თავისი იაფფასიანი დრონებით გაანადგურა რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომელთა ფასი შვიდ მილიარდ დოლარს აღწევს…

ამგვარი ინფორმაციის გაცნობის შედეგად რესპუბლიკელების 55% იწყებს იმის აღიარებას, რომ უკრაინა რუსეთთან ომში წარმატებით მოქმედებს და დიდი ვარაუდით, შეიძლება გაიმარჯვოს კიდეც, ხოლო 85% სამხედრო დახმარების მომხრედ გამოდის.

ამერიკელ კონსერვატორებთან დაწყებული მჭიდრო კონტაქტებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააცნობიერა ის ჭეშმარიტება, რაც ბევრი ამერიკელს არ ესმის: უნდა დაელაპარაკო ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ გეთანხმებიან, ისინი სიტუაციაში უნდა გაარკვიო და უფრო მეტი მოკავშირე გეყოლებათ.

 

 

წყარო: