„ზელენსკის კონფლიქტი ზალუჟნისთან? – დაპირისპირება ომით დაღლილობის გამო უკრაინის შიდა პოლიტიკაში“
„ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პირველ თვეებში თავს არიდებდნენ ერთმანეთის კრიტიკას, ამჟამად ურთიერთ პრეტენზიების წაყენებას იწყებენ. ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკის და მის გარემოცვას, კერძოდ, პრეზიდენტის კონფლიქტს გენერალ ვალერი ზალუჟნისთან. მიუხედავად იმისა, რომ გენერალი მხოლოდ სამხედრო საკითხებზეა ორიენტირებული, ბევრი ცდილობს იგი პოლიტიკის სამყაროში შეიყვანოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ ნდობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ“, – ნათქვამია პოლონეთის გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტაში“ (Rzeczpospolita) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ზელენსკის კონფლიქტი ზალუჟნისთან? დაპირისპირება ომით დაღლილობის გამო უკრაინის შიდა პოლიტიკაში“ (ავტორი – რუსლან ნოვაცკი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის არმიის სარდალს ვალერი ზალუჟნის შორის დაძაბულ ურთიერთობებზე საუბარი უფრო ხმამაღალი ხდება. მათი ურთიერთობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც „საშინელი“. უფრო მეტიც, უკრაინაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები აჩვენებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ნდობა საკმაოდ არის შერყეული სხვადასხვა მოვლენების, განსაკუთრებით კი კორუფციული სკანდალების გამო. ნოემბერში მხოლოდ 32% იყო მზად მის მხარდასაჭერად, ხოლო გენერალი ზალუჟნი სარგებლობდა თავისი თანამემამულეების 70% – ზე მეტი ნდობით.
ისმება კითხვა: რამდენად რეალურია სერიოზული კონფლიქტი არმიის გენერალსა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის?
კიევში ირწმუნებიან, რომ მომხდარი ფაქტები რაღაც უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალო პოლიტიკურ სპეკულაციას. როგორც გარდამტეხი მომენტი, მათ მოჰყავთ გენერლის შეფასებები ბრიტანულ „ეკონომისტისადმი“ მიცემულ ინტერვიუდან, რომლის მიხედვით, მან ღიად აღიარა, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა.
„პრეზიდენტის კრიტიკა გამოიწვია ომით დაღლილობამ და ფრონტზე არსებულმა რთულმა ვითარებამ, რომელიც შესამჩნევი გახდა შემოდგომაზე. ამავე დროს, ვალერი ზალუჟნის თაყვანისმცემლებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს წერა, რომ სწორედ გენერალი უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი. ეს თეზისები ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა დეპუტატმაც გაამწვავა და ამით რუსეთმაც ისარგებლა, რომელსაც პრეზიდენტსა და გენერალს შორის კონფლიქტის გაღვივება სურდა. ეს ყველაფერი მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ჭორების გამო, რომლებიც მომავალ წელს უნდა ჩატარებულიყო”, – განმარტავს უკრაინელი პოლიტოლოგი ვლადიმერ ფესენკო.
„გენერლის მომხრეები აქტიურად რეკლამირებდნენ იმას, რომ ვალერი ზალუჟნი შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკის ალტერნატივა გახდეს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ოფისი ოფისი ძალიან კრიტიკულად უყურებდა ამ ყველაფერს. მოგვიანებით კი, როცა „ეკონომისტშიც“ გამოჩნდა ვალერი ზელენსკის ინტერვიუ, ამ ფაქტმა პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია”, – დასძენს პოლიტოლოგი.
ზუსტად არავინ იცის, აქვს თუ არა თვითონ ვალერი ზალუჟნის პოლიტიკური ამბიციები. გენერლის მთელი ცხოვრება არმიასთან იყო დაკავშირებული და მას პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არასდროს გამოუხატავს. ვოლოდიმირ ზელენსკისა ან კირილო ბუდანოვისგან განსხვავებით, ვალერი ზალუჟნი არ არის ისეთი საჯარო პირი, რომელსაც მასმედიაში პირადად გამოჩენა მოსწონს და უყვარს. იგი მხოლოდ სამხედრო საკითხებზეა ორიენტირებული, მაგრამ ბევრი ადამიანია, ვინც ცდილობს პოლიტიკის სამყაროში მის გადაყვანას”, – ხაზს უსვამს ვლადიმერ ფესენკო.
უკრაინის პარლამენტში „ვერხოვნა რადაში) უმრავლესობას ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ წევრები შეადგენენ. ბუნებრივია, მათში ვალერი ზალუჟნის სახელი უკვე ნეგატიურ რეაქციას იწვევს. ამას წინათ გენერალი, ომის დაწყებიდან პირველად, პრეზიდენტის მომხრე კანონმდებლებმა მკაცრად გააკრიტიკეს 2024 წლის სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო და დაადანაშაულეს იმაში, რომ იგი ფრონტზე თითქოსდა გაუწვრთნელ და მოუმზადებელ ჯარისკაცებს გზავნის.
არის თუ არა იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტი გენერალს სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლებს? როგორც კიეველი პოლიტოლოგი განმარტავს, ომის დროს არმიის სარდლის გათავისუფლება თეორიულად შესაძლებელია. „პრეზიდენტს აქვს ამის უფლება, ვინაიდან ვოლოდიმირ ზელენსკი არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალიც. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილება სარისკო იქნებოდა, რადგან ვალერი ზალუჟნი ძალიან პოპულარულია როგორც არმიაში, ასევე უკრაინულ საზოგადოებაში. მისი გათავისუფლების შედეგად ქვეყანაში შიდა დაპირისპირება დაიწყებოდა. თანამდებობიდან გადაყენებით პრეზიდენტი გენერალს პოლიტიკაში გაიყვანდა და საკუთარ თავს კონკურენტს ხელოვნურად შეუქმნიდა“, – აღნიშნავს ვლადიმერ ფესენკო.
Rzeczpospolita-ს შეფასებით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები, რომლებიც კონფლიქტის პირველ თვეებში ერთმანეთის კრიტიკას ერიდებოდნენ, დაპირისპირებას უბრუნდებიან. “უკრაინაში პანიკა და შფოთვა არ არის, არამედ დაღლილობა და ნერვიულობაა გაბატონებული“, – აჯამებს საუბარს ვლადიმერ ფესენკო.