
ვოლოდიმირ ზელენსკის შავ-ბნელი დრო დაუდგა – რუსეთს და ამერიკას მისი გარიყვა და მიტოვება აქვთ განზრახული – The Daily Telegraph
„დასავლეთში უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პოპულარობის კვალი თითქმის აღარ დარჩა, განსაკუთრებით აშშ-ში“, – წერს ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) სტატიაში „ვოლოდიმირ ზელენსკის შავ-ბნელი დრო დაუდგა – რუსეთს და ამერიკას მისი გარიყვა და მიტოვება აქვთ განზრახული“ (ავტორი – მემფის ბარკერი, პოლიტიკური მიმომხილველი). „მოსკოვი და ვაშინგტონი უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებას ფიქრობენ, ვადაგასულ პრეზიდენტს კი წაგება ძალზე ადვილად შეუძლია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
რადგანაც ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში, ერ-რიადში გამართულ რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებაზე არ მიიწვიეს, დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ ვლადიმერ პუტინს სურს კიევი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე აიძულოს.
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტი ანკარაში იმყოფებოდა, მან გვირგვინით შეამკო თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათა-თურქის მავზოლეუმი. მოქუფრული ცის ქვეშ ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა მეუღლემ, თურქ ოფიციალურ პირებთან ერთად, მავზოლეუმთან ფოტოსურათები გადაიღეს. გაჩნდა ძალიან ძლიერი ეჭვი, რომ უკრაინელი ლიდერის ნაღვლიანი განწყობა ამინდის მსგავსი იყო – თავისი ფიქრებით ის სადღაც სხვა განზომილებებში „დაფრინავდა“.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროიდან – 2022 წლის თებერვლის შემდეგ – ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად მოხვდა ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში: იგი საბოლოოდ აღმოჩნდა გარიყული და გზის ნაპირზე მიგდებული.
დასავლეთში ვოლოდიმირ ზელენსკის გავლენის შემცირების ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, სანამ დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა. როცა უკრაინის არალეგიტიმური (ვადაგასული) პრეზიდენტი შარშან სექტემბერში კაპიტოლიუმში (აშშ-ის კონგრესში) მივიდა, მან გაჭირვებით მოახერხა შეხვედრა ვაშინგტონელ ავტორიტეტულ მოთამაშეებთან. არადა, სულ რაღაც ორიოდე წლის წინ კონგრესმენები იმავე შენობაში მას ოვაციით ხვდებოდნენ, ქუჩაში კი აღფრთოვანებული ამერიკელები ესალმებოდნენ…
ამ კვირაში ნათელი და გასაგები გახდა უკრაინის „სამხედრო პერიოდის ლიდერის“ მარგინალიზაციის ჭეშმარიტი მასშტაბი.
როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ათა-თურქის მავზოლეუმის კიბეზე იდგა, მისი ქვეყნის მომავალი ერ-რიადში წყდებოდა, სადაც ამერიკელი დიპლომატები, პირველად საომარი მოქმედებების დაწყების დროიდან, თავიანთ რუს კოლეგებს შეხვდნენ, რომ გაჭიანურებული კონფლიქტიდან გამოსვლის გზები მოეძებნათ. უკრაინის პრეზიდენტის მიწვევაზე მათ უარი განაცხადეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიიწვიეს არც გასულ ორშაბათს პარიზში გამართულ ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე, რომელიც მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს დევიდ ვენსის მოხსენებამ და დონალდ ტრამპის განზრახვამ გამოიწვია რუსეთთან გარიგების დადების მიზნით.
თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებამ – თურქეთში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით გამგზავრებულიყო – თვალნათლივ აჩვენა როგორ შეიცვალა სიტუაცია. თუ ომის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების ორგანიზაცია ანკარამ ითავა (2022 წლის მარტ-აპრილში, სტამბოლში), ახლა თურქეთი გვერდზე გადგა და საუდის არაბეთი წარმოჩინდა: მემკვიდრე პრინცმა პოზიტიური რეაქცია გამოავლინა აშშ-სა და რუსეთის თხოვნაზე გარკვეული საშუამავლო როლის შესასრულებლად.
საერთოდ, თავდაპირველად ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში გეგმავდა გამგზავრებას, მაგრამ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან მოულოდნელად განაცხადა, რომ თავისი ვიზიტი გააუქმა.
ერ-რიადიდან გავრცელებული ინფორმაციები მოწმობს, რომ არც ამერიკელებს და არც რუსებს არ სურტად უკრაინის პრეზიდენტის ხილვა ერ-რიადში. მოსკოვისა და ვაშინგტონის აზრით, კიევი მოლაპარაკებაში ყველაზე ბოლო ეტაპზე უნდა ჩაერთოს, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ამერიკელებისა და რუსების მიერ შემუშავებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის წინ. და თუ მართლაც ასე მოხდება, ეს იქნება წერტილი ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობაზე – ახალი არჩევნები ხომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერამდე უნდა ჩატარდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოშორება პოლიტიკიდან ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ აშკარად მთავარ მიზანსწრაფვას წარმოადგენს. არავის იმდენი არ გაუკეთებია რუსეთის გეგმების ჩასაშლელად, რამდენიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. ის, რომ რუსულმა „ეფესბემ“ (უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა) ვერ შეძლო უკრაინის მეთაურის ლიკვიდაცია, ამ უწყების სირცხვილად ითვლება. ახლა კრემლში თვლიან, რომ ზელენსკის მოშორების საუკეთესო გზა არჩევნებშია. კრემლი იმედოვნებს, რომ არჩევნების შედეგად უკრაინის სათავეში პრორუს მარიონეტს მოიყვანს, რომელიც საბოლოოდ ხელს მოაწერს დამამცირებელ სამშვიდობო ხელშეკრულებას – ანუ იმ დოკუმენტს, რომელიც ზელენსკისათვის მიუღებელია.
ასეთი გარემოებების დროს არ უნდა იქნას გამორიცხული, რომ კრემლი თავისი სტრატეგიის სარეალიზაციოდ ამერიკელებსაც ჩართავს. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპს არასოდეს არ მოსწონდა ვოლოდიმირ ზელენსკი, ხშირად სოციალურ ქსელებში დასცინოდა კიდეც და მას გამომძალველს და პარაზიტს უწოდებდა, ბოლო დღეებში კი ტრამპმა ზელენსკის კრიტიკა განსაკუთრებით გააძლიერა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკვე თვითონ ტრამპიც ითხოვს არჩევნების ჩატარებას და „დიქტატორი“ პრეზიდენტის შეცვლას.
მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკიდან გარიყვის მცდელობებს შეიძლება სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეიტინგი საკმაოდაა შემცირებული და ფრონტზეც სიტუაცია მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ იგი პოლიტიკურ ოპონენტებს ჩაგრავს, მაგალითად, პეტრო პოროშენკოს, მაინც აბა წარმოვიდგინოთ: როგორ აუკრძალავ მოსახლეობას იმ კაცის პრეზიდენტად არჩევას, რომელსაც ბევრი გმირად თვლის, გაბედულ და მამაც პიროვნებად მიიჩნევს და რომელიც ძალიან მტკიცედ იცავს უკრაინის პოზიციებს? ასეთი გარემოებები ყოველი ადამიანისათვის არჩევნებში მომგებიანი ბილეთი იქნება.
და საერთოდ, რუსეთსაც ძალიან გაუჭირდება ისეთი გავლენის მოხდენა უკრაინის არჩევნებზე, ვიდრე ამას ომამდე აკეთებდა. ქვეყნის პრორუსული მოსახლეობის ყველაზე მეტი რაოდენობა ცხოვრობს აღმოსავლეთში, დონბასში და ყირიმში, რომლებიც უკვე რუსეთის შემადგენლობაში არიან და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
ვთქვათ და უკრაინელი ამომრჩეველი პრეზიდენტად ისევ ზელენსკის აირჩევს და ის უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე? ან თუნდაც მისი პოლიტიკური ოპონენეტი ვალერი ზალუჟნი აირჩიონ (რომელიც უკრაინის არმიის მთავარსარდალი იყო ომის ორი წლის განმავლობაში), განა ის მოაწერს ხელს? ზალუჟნისა და მის მსგავს ადამიანებს კრემლის წინააღმდეგობის სულისკვეთება არანაკლებ ძლიერი აქვთ, ზელენსკისთან შედარებით. და თუ ვინმე პრორუსი პრეზიდენტობის კანდიდატი გამოჩნდება, მისი გამარჯვების შანსები მიზერული იქნება.
მაგრამ, იდგა ათა-თურქის მავზოლეუმთან, ვოლოდიმირ ზელენსკი, ალბათ, უფრო ბევრად შავ-ბნელ პერსპექტივაზე ფიქრობდა: აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინას, უბრალოდ, მისთვის სასურველი გარიგების მიღწევის შესაძლებლობა არ აქვს. მხოლოდ ევროპის იმედად დარჩენილი უკრაინა რუსეთის დარტყმებს ვერ გაუძლებს. საბოლოო ჯამში, ადამიანს, რომლის გაბედულება უკრაინის გმირული ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ მას არ სურს ქვეყნის დამარცხების განსახიერება იყოს. დაე, მარცხის მწარე „ნაყოფი სხვამ დააგემოვნოს“.
ვოლოდიმირ ზელენსკისათვის მართლაც შავბნელი დრო დადგა – რუსეთს და ამერიკას მისი გარიყვა და გზის პირზე მიტოვება აქვთ განზრახული.