1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვოლოდიმირ ზელენსკის მეორე ვადით არჩევას უკრაინელთა 16% უჭერს მხარს, 60% კი მიიჩნევს, რომ მან კენჭი საერთოდ არ უნდა იყაროს – The Times
ვოლოდიმირ ზელენსკის მეორე ვადით არჩევას უკრაინელთა 16% უჭერს მხარს, 60% კი მიიჩნევს, რომ მან კენჭი საერთოდ არ უნდა იყაროს – The Times

ვოლოდიმირ ზელენსკის მეორე ვადით არჩევას უკრაინელთა 16% უჭერს მხარს, 60% კი მიიჩნევს, რომ მან კენჭი საერთოდ არ უნდა იყაროს – The Times

382
0

გამოცემა The Times კიევის სოციალური მონიტორინგის ცენტრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ავრცელებს. გამოკითხვის მიხედვით, ზელენსკის მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევას უკრაინელთა მხოლოდ 16% უჭერს მხარს. ამასთან, დაახლოებით 60% მიიჩნევს, რომ მან შემდეგ არჩევნებში კენჭი საერთოდ არ უნდა იყაროს.

„ძალიან რთულია იყო პოპულარული პრეზიდენტი, როდესაც სამი წლის განმავლობაში, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ომი გაქვს. ხალხი დაიღალა და თითქმის ყველას ჰყავს ვიღაც, ვინც დაკარგა. ეს ზელენსკისთვის დიდი გამოწვევაა“, – მოჰყავს გამოცემას უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსანდრ უსტინოვის სიტყვები.

გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა ყველაზე მეტი, 27% მომავალ პრეზიდენტად ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის ხედავს. ის, მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს ელჩის პოსტს იკავებს.

„ზალუჟნი, რომელიც ზელენსკიმ თებერვალში გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც ხმები გავრცელდა ომის წარმოებასთან დაკავშირებული უთანხმოებების შესახებ, გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის ყველაზე სანდრო ფიგურად ითვლება. მართალია, მას ჯერ ღიად არ გამოუცხადებია რაიმე პოლიტიკური ამბიციები, თუმცა მისი დანიშვნა ლონდონში დიპლომატიურ თანამდებობაზე, ბევრმა ანალიტიკოსმა შეაფასა ზელენსკის მცდელობად, მეორე პლანზე გადაეყვანა ის“, – ნათქვამია სტატიაში. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ უკრაინელები მომავალი პრეზიდენტის არჩევას. ვოლოდიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა მაისში ამოეწურა, თუმცა, 2022 წელს, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაწყებული საომარი მოქმედებების ფონზე, არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო.