1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და უკრაინაში საკუთარი პოპულარობის დაცემის გამო, შესაძლოა ქვეყნის მეთაური მეორედ ვეღარ გახდეს”-The New York Times
“ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და უკრაინაში საკუთარი პოპულარობის დაცემის გამო, შესაძლოა ქვეყნის მეთაური მეორედ ვეღარ გახდეს”-The New York Times

“ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და უკრაინაში საკუთარი პოპულარობის დაცემის გამო, შესაძლოა ქვეყნის მეთაური მეორედ ვეღარ გახდეს”-The New York Times

582
0

„ვოლოდიმირ ზელენსკის შანსები მეორედ არჩევის შესახებ განუხრელად მცირდება“, – წერს ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) სტატიაში სათაურით „ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და უკრაინაში საკუთარი პოპულარობის დაცემის გამო, შესაძლოა ქვეყნის მეთაური მეორედ ვეღარ გახდეს“ (ავტორები – ენდრიუ კრამერი და კენეტ ფოგელი). ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად მხარს უჭერს უკრაინელთა მხოლოდ ნახევარი. კრიტიკა ისმის ვაშინგტონიდანაც. მისი სტატუსი კი. როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, უკვე დარღვეულია, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ის საერთო-სახალხო პოპულარობა, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტს შეეძლო ეამაყა რუსეთის აგრესიის პირველ თვეებში, 90%-იანი რეიტინგით, პრაქტიკულად აორთქლდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაიტანა კიევის სამხედრო ალყა, თავდასხმის მცდელობები, სამთავრობო კორუფციული სკანდალები, პოლიტიკური ინტრიგები და მტკივნეული სამხედრო დამარცხებები მოსკოვთან ომში.

მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ყოველთვის საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა უბრალო მოქალაქეებისაგან, რათა წარმატებით გამოსულიყო შექმნილი არასასიამოვნო სიტუაციებიდან.

ახლა, როცა თეთრ სახლში ისევ დონალდ ტრამპი დაბრუნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი პრობლემის წინაშე დადგა: როგორ ააწყოს კარგი ურთიერთობა უმნიშვნელოვანეს მოკავშირესთან და პრეზიდენტთან, რომელიც პირადად მას ყოველთვის აგდებულად უყურებდა, უკრაინისადმი დახმარებას კი – სკეპტიკურად.

აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის დაბრუნება ვოლოდიმირ ზელენსკისათვის მეტად რთულ პერიოდში მოხდა: ომის საწყის ეტაპზე არსებული 90%-იანი პოპულარობისაგან კვალიც კი არ დარჩა. ბოლო გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის პოპულარობა 50%-მდე დაეცა. არჩევნები რომ ახლა გაიმართოს, მას პრეზიდენტად უკრაინელები უკვე აღარ აირჩევდნენ.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკის „აქილევსის ქუსლი“ გაუჩნდა: უკრაინაში ძალას იკრებს აღორძინებული პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც, ცეცხლის პერსპექტიული შეწყვეტისა და სამომავლო არჩევნების საფუძველზე, წარმატების მიღწევის იმედი აქვს. სხვათა შორის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწინააღმდეგეების წისქვილზე წყალს ასხამს თვითონ პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც, თავისი გუნდის წევრებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტს დაუზოგავად აკრიტიკებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ორი მოწინააღმდეგე 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს – ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო – უკვე ნელ-ნელა აბამენ კავშირებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან: ექს-პრემიერი ცოტა ხნის წინათ ვაშინგტონში იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო ინაუგურაციულ ღონისძიებებში, შეხვდა დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს.

თვითონ უშუალოდ ვოლოდიმირ ზელენსკი ინაუგურაციას არ ესწრებოდა: მისი თქმით, იგი ვაშინგტონში მხოლოდ დონალდ ტრამპის პირადი მიწვევით გაემგზავრება.

„მას ერთი მსახიობის თეატრის სჯერა, მაგრამ ეს მიდგომა არ მუშაობს“, – ამბობს ალექსი გონჩარენკო, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „ევროპელი დემოკრატები“, ვოლოდიმირ ზელენსკის მცდელობებზე – მხოლოდ ის იყოს უკრაინული წინააღმდეგობის ერთადერთი სახე რუსეთთან ომში, – „ჩვენთან პლურალიზმია, უკრაინა რუსეთი არ არის, დღეს ჩვენთან ყველა კრემლს ებრძვის“.

„ომის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავისი ყოველდღიური მოწოდებებით და ხშირი საზღვარგარეთული ვიზიტებით, შეიძლება ითქვას, ერთ მუშტად შეკრა უკრაინელი ხალხი და მისი მოკავშირეები, მაგრამ ყველა სხვა სფეროში იგი თავისი ერთგული მხარდამჭერების წრეში ჩაიკეტა და არავითარ ანგარიშს არ უწევდა შინაურ მოწინააღმდეგეებს, ოპოზიციას და როგორც წესი, მათ რჩევებს ყურადღებას არ აქცევს“, – ამბობს ალექსი გონჩარენკო და აღნიშნავს, რომ უკვე ყალიბდება ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს სამხედრო კამპანიის უკეთ წარმართვას.

რა თქმა უნდა, უკრაინაში ამჟამად არავითარი არჩევნები არ იგეგმება, ვიდრე ბრძოლები მიმდინარეობს, ქვეყანაში კი საომარი მდგომარეობა მოქმედებს. რუსეთს შეუძლია ნებისმიერი ხმის მიცემა ჩაშალოს რაკეტული ზალპებით. მილიონობით უკრაინელს, ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ჯარისკაცების, ევროპაში წასული ლტოლვილებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ჩათვლით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომაც, მართალია, უკრაინელებს დემოკრატიული უფლებები აქვთ, მაგრამ მათი გამოყენება პრაქტიკულად არ შეუძლიათ.

მაგრამ ოპოზიციონერებს არ შეიძლებოდა არ შეემჩნიათ ის, თუ როგორ შეარყია და შეამცირა ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა სამხედრო წარუმატებლობამ. კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები სამხედრო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ კიდევ სარგებლობს მოსახლეობის პოპულარობით, თუმცა ოდნავი უპირატესობით – კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ გასული წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვით, მას მხარს უჭერს ელექტორატის 52%. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, მკვეთრად ჩამორჩება რეიტინგში ყოფილ მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის, რომელიც პირადად მან ჩამოაშორა სამხედრო ელიტას და სადღაც შორს, ლონდონში, ელჩად გამაწესა.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი უკრაინული სააგენტოს Leading Legal Initiatives-ის მონაცემებით, დღეს რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს, ვალერი ზალუჟნი 24%-ანი უპირატესობით გაიმარჯვებს, ვოლოდიმირ ზელენსკი მას 16%-ით ჩამორჩება. მესამე ადგილს იკავებს ოპოზიციის წარმომადგენელი იულია ტიმოშენკო 12%-ით. თუმცა არც ვალერი ზალუჟნის და არც იულია ტიმოშენკოს პრეზიდენტად ბალოტირების სურვილი ჯერ არ გამოუხატავთ.

რეიტინგის დაცემა ვოლოდიმირ ზელენსკის არამარტო მხოლოდ პოლიტიკურ ზიანს მიაყენებს, არამედ ნეგატიურ სამხედრო შედეგსაც გამოიწვევს – ძირი გამოეთხრება მის სტატუსს, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს.

„ზედმეტი იქნება იმის ახსნა, თუ როგორი კატასტროფა მოხდება პრეზიდენტის ლეგიტიმურობისა და კონტროლის კრახის შემთხვევაში“, – წერს ანტონ გრუშეცკი, კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. ამას ემატება კრიტიკა დონალდ ტრამპისა და მისი გუნდისაგან: ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს, გასული წლის სექტემბერში ტრამპმა ზელენსკის აგდებულად „ისტორიაში უდიდესი ვაჭარი“ უწოდა – იმ მილიონების თხოვნა-მიღებასთან დაკავშირებით, რომელსაც  იგი ქვეყნის თავდაცვისათვის იყენებდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმავე დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ასევე გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მეტოქე ვლადიმერ პუტინი და კრემლის ბინადარს „ომის გამო რუსეთის დამღუპველი ადამიანი“ უწოდა.

უკრაინის ლიდერი და მისი თანაშემწეები ჩქარობენ, რომ სასწრაფოდ გააფართოონ თავიანთი ურთიერთობები დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან. ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამს ჯერ კიდევ შარშან სექტემბერში შეხვდა ნიუ-იორკში, ხოლო მისი ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი, როგორც საქმეში ჩახედული წყაროები ამბობენ – არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ ჯეიმს დევიდ ვენსს და პრეზიდენტის ახალ მრჩეველს ეროვნული უშიშროების საკითხებში მაიკლ უოლცს (მათი რანდევუ დეკემბერში, კონგრესის შენობაში მოხდა).

პოლიტიკური თამაშების კულისებში ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწეები არ თაკილობენ არც ლაქუცს და არც მლიქვნელობას, რომ როგორმე დონალდ ტრამპის ყურადღება მიიპყრონ. მაგალითად, კიეველმა ჩინოვნიკებმა წამოაყენეს უკრაინულ ენაზე გამოიცეს წიგნი სახელწოდებით „მელანია“ – აშშ-ის პირველი ლედის შესახებ, – იტყობინება ერთ-ერთი წყარო. ჯერ-ჯერობით არავინ იცის დონალდ ტრამპის ცოლის ან მისი წარმომადგენლების რეაქცია წიგნის სავარაუდო გამოცემაზე, მაგრამ თვით იდეა იმაზე მეტყველებს, რომ ზელენსკის თანაშემწეები ე.წ. „გონებრივ შტურმს“ ახორციელებენ როგორმე დონალდ ტრამპის კარზე დასაკაკუნებლად.

პეტრო პოროშენკომ, რომელიც ვაშინგტონში დეკემბერში იმყოფებოდა, მაიკლ უოლცთან ისაუბრა, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ კანდიდატი იყო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტზე. უკრაინის ექს-პრეზიდენტმა საკმაო პირფერულად მოიხსენია მაიკლ უოლცი,  სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათიც გამოაქვეყნა და დონალდ ტრამპის გუნდის წევრებთან კავშირებით წაიტრაბახა: „აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის წევრებმა დამარწმუნეს, რომ მზად არიან ლიდერის როლი გააგრძელონ რუსული აგრესიის მოგერიებაში და უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარებაში“, – დაწერა პეტრო პოროშენკომ და ხაზი გაუსვა – „დონალდ ტრამპის გუნდს კარგად ახსოვს ჩვენი თანამშრომლობა იმ წლებში, როცა მე უკრაინის პრეზიდენტი ვიყავი“.

თუმცა როგორც საქმეში ჩახედული სანდო წყარო იტყობინება, ექს-პრეზიდენტმა განგებ გააზვიადა მაიკლ უოლცთან საუბრის მნიშვნელობა, რომელიც ერთ-ერთი ღონისძიების ფონზე, შენობის დერეფანში მცირე ხნით გაიმართა და ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა.

უკრაინის პარლამენტის (ვერხოვნა რადის) საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარისა და ვოლოდიმირ ზელენსკის თანაპარტიელის ალექსანდრე მერეჟკოს თქმით, უკრაინის ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობა დონალდ ტრამპის გუნდის ერთ-ერთ მიდგომას წარმოადგენს და ამაში ქვეყნის ხელისუფლებისთვის ცუდი არაფერია: „უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა და თუ უცხოეთის ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენს ოპოზიციონერებს შეხვდებიან, ეს კარგი ამბავია“, – აღნიშნა მან, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინული ოპოზიციის მოქმედება უფრო თვითრეკლამასა და პოლიტიკურ პიარს ემსახურება“.

სხვათა შორის, თვითონ ალექსანდრე მერეჟკომ სხვა მიდგომა მოსინჯა დონალდ ტრამპის ყურადღების მისაპყრობად: გასულ წელს მან წამოაყენა იდეა, რომ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატად დასახელებულიყო.

ალექსანდრე მერეჟკოს არ სჯერა, რომ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მტრობის გრძნობას განიცდის.მისი თქმით, იგივე კომენტარი „ისტორიის უდიდეს ვაჭარზე“ შეიძლება ერთგვარ საქებარ გამოთქმად იქნას მიჩნეული: „ტრამპის სამყაროში ასეთი გამონათქვამები კომპლიმენტებს ნიშნავს“, – დაასკვნა ვერხოვნა რადას დეპუტატმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: