
ვიწყებ სახელმწიფო დეპარტამენტის ფართო რეორგანიზაციას, გაუქმდება ზედმეტი ოფისები და პროგრამები, რომლებიც არ შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ დავაშრობთ ბიუროკრატიულ ჭაობს -მარკო რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სახელმწიფო დეპარტამენტის რეორგანიზაციას იწყებს. როგორც რუბიო განმარტავს, რეფორმის მიზანია, უწყება შეესაბამებოდეს თანამედროვე გამოწვევებს.
რეფორმის შესახებ საუბარია მარკო რუბიოს სტატიაში სახელწოდებით „ახალი სახელმწიფო დეპარტამენტი – ახალი ეპოქის გამოწვევებისთვის“.
„დღეს ამერიკა დიდი ძალების კონკურენციის ახალ ეპოქასა და მრავალპოლარული წესრიგის აღზევებას უპირისპირდება სახელმწიფო დეპარტამენტით, რომელიც ახშობს შემოქმედებითობას, მოკლებულია ანგარიშვალდებულებას და ზოგჯერ ღია მტრობაში გადადის ამერიკის ინტერესებთან. დეპარტამენტს დიდი ხანია, უჭირს ძირითადი დიპლომატიური ფუნქციების შესრულება, მაშინაც კი, როდესაც მისი ზომა და ხარჯი ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისთვის ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. პრობლემა ფულის ან თუნდაც ტალანტების ნაკლებობაში არაა, არამედ თავად სისტემაში, სადაც ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი დრო, ჯდება ძალიან ძვირი, მოიცავს ძალიან ბევრ ადამიანს და ხშირად, საბოლოოდ ვერ ამართლებს ამერიკელი ხალხის მოლოდინს“ – წერს მარკო რუბიო.
რუბიოს დეტალური მაგალითები მოყავს, რამდენად ბიუროკრატიულია სისტემა.
„ბიუროები და ოფისები იბრძვიან, რომ ჩართული იყვნენ ყველაზე ბანალური მემორანდუმების დამტკიცების ჯაჭვში, მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ მიაღწიონ შეთანხმებას პროექტებზე, რომლებიც გაბერილია მოცულობით და მოკლებულია ყოველგვარ აზრს. სახელმწიფო დეპარატამენტის მოტივირებული და შემოქმედებითი თანამშრომლები ხედავენ, რომ მათი იდეები ირეცხება გავლენის სფეროებისთვის ბრძოლაში, ვიდრე იმედგაცრუებულები არ დანებდებიან იმ დროს, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების საფოსტო ყუთები გადავსებულია დადასტურების მოლოდინში ასობით მოთხოვნით. მაშინ როცა ნიჭიერი და ერთგული ადამიანები გულგრილობამდე მიჰყავთ, რადიკალმა იდეოლოგებმა და ბიუროკრატიულმა მებრძოლებმა ისწავლეს თამაში გამოფიტვაზე, რათა გაიტანონ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება პრეზიდენტის დღის წესრიგს და ძირს უთხრის შეერთებული შტატების ინტერესებს. უკონტროლო დეპარტამენტის მაგალითია გლობალური ჩართულობის ცენტრი (GEC), რომელიც გასულ კვირას დავხურე. ოფისი თანამშრომლობდა მედიასაშუალებებთან და პლატფორმებთან, რათა ცენზურა გაეწია მისთვის მიუღებელი სიტყვისთვის, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვისთვის, რომელიც GEC-ის დირექტორმა 2019 წელს დაადანაშაულა „რუსეთის მსგავსი დეზინფორმაციული მეთოდების გამოყენებაში“. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა მხარი დაუჭირა მის დახურვას, GEC-მა უბრალოდ სახელი გადაირქვა და განაგრძო მუშაობა, თითქოს არაფერი შეცვლილა. ჩვენ თუ არ შევებრძოლებით იმ ბიუროკრატიულ კულტურას, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფო დეპარტამენტს ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარებაში და ამავდროულად, საშუალებას აძლევს ისეთ ოფისებს, როგორიცაა GEC, აყვავდეს ჩრდილში, არაფერი შეიცვლება. სწორედ ამიტომ ვიწყებ დეპარტამენტის ფართო რეორგანიზაციას, რათა აღმოვფხვრა ბიუროკრატიის მუდმივი ზრდა, ფუნქციების დუბლირება და სპეციალური ინტერესებით მიტაცება, რამაც დაასუსტა ამერიკის საგარეო პოლიტიკა. ჩვენ დავაშრობთ გაბერილ, ბიუროკრატიულ ჭაობს, დეპარტამენტს მივანიჭებთ უფლებამოსილებას საფუძველშივე. ეს ნიშნავს, რომ რეგიონულ ბიუროებს და ჩვენს საელჩოებს ექნებათ საჭირო ინსტრუმენტები ამერიკის ინტერესების საზღვარგარეთ წინ წასაწევად, რადგან რეგიონისთვის სპეციფიკური ფუნქციები გამარტივდება ფუნქციონალობის გასაზრდელად. გაუქმდება ზედმეტი ოფისები და პროგრამები, რომლებიც არ შეესაბამება ამერიკის ძირითად ეროვნულ ინტერესებს. ყველა საგარეო დახმარება, რომელიც არ არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან, გაერთიანდება რეგიონულ ბიუროებში, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე. ეს უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა ბიუროსა და ოფისს ჰქონდეს მკაფიო პასუხისმგებლობა და მისია. აფრიკას თუ რამე ეხება, აფრიკის საქმეთა ბიურო იზრუნებს ამაზე. ეკონომიკური პოლიტიკა გაერთიანდება ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მდივნის მოადგილის დაქვემდებარებაში, ხოლო უსაფრთხოების დახმარებისა და შეიარაღების კონტროლი დაექვემდებარება შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში მდივნის მოადგილის უფლებამოსილებას. ამ დრომდე, ურთიერთგადაფარვადი მანდატები, წინააღმდეგობრივ პასუხისმგებლობებთან ერთად, ქმნიდა ხელსაყრელ გარემოს იდეოლოგიური დაპყრობისა და უაზრო ტერიტორიული ომებისთვის. გაბერილი ბიუჯეტითა და გაურკვეველი მანდატით, ყოფილი სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში მდივნის მოადგილემ (შიდა წრეებში ცნობილი, როგორც „J -ის ოჯახი“) შექმნა ნაყოფიერი გარემო აქტივისტებისთვის, რათა მათ ხელახლა განესაზღვრათ „ადამიანის უფლებები“ და „დემოკრატია“ და განეხორციელებინათ თავიანთი პროექტები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე, მაშინაც კი, როდესაც ისინი პირდაპირ წინააღმდეგობაში იყვნენ მდივნის, პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის მიზნებთან.
დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო გადაიქცა მემარცხენე აქტივისტების პლატფორმად, რათა მათ ეწარმოებინათ შურისძიება „ანტი-ვოუქ“ ლიდერების წინააღმდეგ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი, უნგრეთი, ბრაზილია და ისრაელის მიმართ თავიანთი სიძულვილი გარდაექმანთ კონკრეტულ პოლიტიკაში, როგორიცაა იარაღის ემბარგო. მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურომ გადასახადის გადამხდელთა მილიონობით დოლარი გადაამისამართა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ხელს უწყობდნენ მასობრივ მიგრაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს სამხრეთ საზღვარზე შემოჭრას.
USAID-ის დარჩენილი ფუნქციები გადანაწილდება სხვადასხვა ბიუროზე, ფუჭი აღმოჩნდება DOGE-ის მიერ ჩატარებული სამუშაო, რომ დაგვენერგა უფრო ეფექტური და პასუხისმგებლიანი მთავრობა. შედეგად, „J-ის ოჯახის“ ბიუროები და ოფისები მოექცევიან საგარეო დახმარებისა და ჰუმანიტარული საქმეების ახალი კოორდინატორის ქვეშ, რომელსაც დაევალება მათი დაბრუნება თავდაპირველ მისიაზე – ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების წინსვლისთვის და არა რადიკალური საქმეების წახალიებსა გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე. ამერიკელ ხალხი იმსახურებს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელსაც სურს და შეუძლია მათი უსაფრთხოების, დაცულობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მთელ მსოფლიოში, რომელიც პატივს სცემს მათ გადახდილ დოლარსა და სახელმწიფო სამსახურის წმინდა ნდობას, რომელიც მზადაა, შეხვდეს 21-ე საუკუნის უზარმაზარ გამოწვევებს. ამ კვირიდან დაწყებული, მათ ექნებათ ასეთი დეპარტამენტი“, – ნათქვამია მარკო რუბიოს წერილში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.