1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვინ მართავს თეთრ სახლს? ჯო ბაიდენი დემოკრატიულ მსოფლიოში ლიდერობის კრიზისს აღრმავებს”
“ვინ მართავს თეთრ სახლს? ჯო ბაიდენი დემოკრატიულ მსოფლიოში ლიდერობის კრიზისს აღრმავებს”

“ვინ მართავს თეთრ სახლს? ჯო ბაიდენი დემოკრატიულ მსოფლიოში ლიდერობის კრიზისს აღრმავებს”

266
0

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციუჰერ ცაიტუნგში“ (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვინ მართავს თეთრ სახლს? ჯო ბაიდენი დემოკრატიულ მსოფლიოში ლიდერობის კრიზისს აღრმავებს“ (ავტორი – ერიკ გუჯერი, გაზეთის მთავარი რედაქტორი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-შის დემოკრატიულ პარტიაში შექმნილი ვითარება, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის კანდიდატობასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი ერთნაირად უვარგისნი იყვნენ თეთრ სახლში შესასვლელად, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტი ვიცით: დონალდ ტრამპი ეგოისტური და არაპროგნოზირებადია, ჯო ბაიდენი კი – დაჩაჩანაკებული.

უვარგისობა-გამოუსადეგრობის შკალის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოსტისათვის – აშშ-ის პრეზიდენტობისათვის – დაჩაჩანაკება და დაძაბუნება უფრო მძიმე შეფასებას წარმოადგენს, ანუ შეიძლება ითქვას, დონალდ ტრამპი სიცოცხლისუნარიანია და უფრო მეტიც – იგი თავის ჭკუაზეა და შეშლილი არ არის.
ჯო ბაიდენის შემთხვევაში იბადება სერიოზული კითხვა – ხომ არ არის იგი მარიონეტი თავისი გარემოცვის ხელში? ამერიკელები კამარილიას (მმართველის ახლო წრეს) კი არ ირჩევენ, არამედ ისეთ ლიდერს, როცა ყველა თანამდებობის ძალა ერთ ადამიანშია გაერთიანებული.

სიმბოლურად ეს ძალა კონცენტრირებულია ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებაში, რადგან სწორედ პრეზიდენტია პასუხისმგებელი მისი გამოყენების მიზნით გადაწყვეტილების მიღებაში. ეს პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, უფრო მეტია, ვიდრე ჯო ბაიდენის ფიზიკური და, თუ გნებავთ, გონებრივი შესაძლებლობები.

„არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს“ როგორც ამბობენ ხოლმე, „კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალა“.

ჯო ბაიდენის გარემოცვა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ პრეზიდენტის სისუსტეები დაემალა. დემოკრატებმა დიდი ძალისხმევა მოახმარეს იმას, ამომრჩეველი მოეტყუებინათ. ისინი პრეზიდენტის არცთუ კარგი ჯანმრთელობის შესახებ ყველა კითხვას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ „ეს ყველაფერი რესპუბლიკელებისა და მათ მიერ მოსყიდული მასმედიის ჭუჭყიანი მეთოდებია და მანევრები, რომლებიც სინამდვილეს არ ასახავს“.

ვიდეორგოლებს, რომლებზეც ჯო ბაიდენი დეზორიენტირებული ჩანდა, თეთრი სახლი მანიპულაციებს უწოდებდა. კი, შეიძლება ბოროტგანზრახულად ორი-სამი ვიდეორგოლი დაამონტაჟო, მაგრამ ყველას ვერ გააყალბებ, თანაც პროფესიულ დონეზე სხვადასხვა ქვეყნების ტელეოპერატორების მიერ გადაღებულს. როდემდე უნდა დამალულიყო ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის არანორმალური მდგომარეობა? ტელედებატების დროს ყველაფერი ცხადი გახდა: ყველამ დაინახა, რომ „მეფე შიშველია“ და ჯებირიც გაირღვა.

ვინ მართავს სინამდვილეში თეთრ სახლს? ეს კითხვა ცოტა ხნის წინათ „შეთქმულების თეორიისათვის“ შეიძლებოდა მიგვეკუთვნებინა, ახლა კი დროული და გამართლებულია. ის გამოხატავს იმ კანონზომიერებას, რომელიც ყველა დასავლურ დემოკრატიაზე ვრცელდება: როგორც კი ესა თუ ის ხელისუფლება ზეწოლის ქვეშ ხვდება, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ოპონენტების დისკრედიტაციას მომაკვდინებელი არგუმენტის – „შეთქმულების (კონსპირაციული) თეორიის“ – დახმარებით.

გახსოვთ, ალბათ, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის ეპოქაში დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ საფრთხე გამოგონილია, უბრალოდ, ვიღაც-ვიღაცებს ვაქცინებით გამდიდრება სურთო, მოგვიანებით კი „ურწმუნო თომები“ დარწმუნდნენ, რომ კოვიდი მართლაც სახიფათო იყო.
ამჟამად თეთრი სახლი თავისებურ „უხანისშემდგომ“ პერიოდშია მოქცეული – ფარდა ეხდება სინამდვილეს, რითაც ამერიკული დემოკრატია ზიანდება და მისი დონე ქვეითდება. ეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დიდი შეცდომა და მავნეა არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. ჯო ბაიდენი (ან ის, ვისაც ხელში ძაფები უჭირავს) ვაშინგტონის პოლიტიკის მიმართ ნდობის ფაქტორს არღვევს.

ისეთი პოლიტიკოსებისათვის, როგორსაც ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს, ჯო ბაიდენის მდგომარეობა ნამდვილი ზეიმი გახდება და იმის დადასტურება, რომ რუსების მმართველობის სისტემა უკეთესია. ბოლო დრომდე მმართველობის გაუმჭვირვალობა და გერონტოკრატიული სახე საბჭოთა კავშირისა და სხვა დიქტატურების განმასხვავებელ ნიშნებს წარმოადგენდა. ავტორიტარულ რეჟიმებს უყვართ დასავლური დემოკრატიების წარმოსახვა დეკადენტურად და სუსტად, რომლებსაც მტკიცე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. ამის საპირისპიროდ ისინი პროპაგანდას უწევენ ძლიერი ლიდერის კულტს. ამჟამად მათ ხელში სწორედ საუკეთესო თვალსაჩინო და ილუსტრირებული მასალა აღმოჩნდა.

რესპუბლიკელებს ბრალს სდებენ იმაში, რომ ისინი დონალდ ტრამპს ჩაბარდნენ და მისი მორჩილები გახდნენ. ამიტომაც ევროპაში რესპუბლიკელებს „ცუდი ბიჭების“ სახელი აქვთ გავარდნილი, დემოკრატები კი „კარგი ბიჭების“ რეპუტაციით სარგებლობენ. ახლა ცხადი ხდება, რომ დემოკრატებიც საკუთარი თავის მძევლები გახდნენ. ისინი წინააღმდეგობას ვერ უწევენ ერთი ადამიანის ამბიციებს და არაფრით უკეთესები არ არიან დონალდ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელებზე. ამერიკელი დემოკრატები და მათი ევროპელი მიმდევრები თავიანთ თავს უფლებას აძლევენ „მორალურად გამართლებული“ ტყუილები გაავრცელონ.

როცა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იტალიაში საგანგაშო კადრები გამოვლინდა, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტს იცავდა როგორც ადამიანს, „რომელიც ძალიან მკაფიოდ და ნათლად გრძნობს იმას, რასაც აკეთებს“. არადა, დღეს მსოფლიოსათვის უკვე ცნობილია, რომ კანცლერის ნათქვამი თურმე რეალურობის ლიბერალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა.
სიცრუე კეთილი მიზნის მისაღწევად ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მემარჯვენე პოლიტიკოსების წარმოჩენა – ისეთების, როგორიც დონალდ ტრამპია და ისეთი პარტიების, როგორსაც „ალტერნატივა გერმანიისათვის’ წარმოადგენს. აშკარაა, რომ დემოკრატების მხრიდან წარმოებული „მემარჯვენეებთან ბრძოლა“ ბევრ მომენტს ამართლებს, თუმცა იმავდროულად მათი ასეთი მოქმედება ეხმარება იმ ძალებს, რომელთა დათრგუნვას ისინი ცდილობენ. ამიტომაც აქვს „ტყუილს მოკლე ფეხები“ – ისე, როგორც ჯო ბაიდენს. ამომრჩევლებს უყალიბდებათ თავიანთი აზრი და გრძნობენ, რომ მათ აკონტროლებენ ან წინასწარგანზრახულად ატყუებენ. ასეთ დროს ისინი უფრო მეტად აძლევენ ხმას ოპოზიციურ პარტიებს. ფსიქოლოგიაში ამას „ქმედებისადმი ანტიქმედებას“ უწოდებენ. ანუ ის, ვინც გრძნობს ზეწოლას, ცდილობს თავისუფლების დაკარგვის კომპენსირება საპასუხო მოქმედებით განახორციელოს.
მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ მნიშვნელოვანი წარმატება საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში და ევროპარლამენტის არჩევნებში (ასევე „ალტერნატივა გერმანიისათვის“ პოზიტიური შედეგები) იმას აჩვენებს, თუ რა შეუძლია პოლიტიკაში ასეთ ანტიქმედებას. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დღეს დონალდ ტრამპი თითქმის ძლევამოსილი და დაუმარცხებელი პოლიტიკოსის შარავანდედს იკეთებს. დემოკრატები იხვეჭენ იმას, რაც დაიმსახურეს თავიანთი მოქმედებით. ახლა მაინც მიხვდებიან, რომ კარგი მიზნის მისაღწევად ყველანაირი საშუალებების გამოყენება არ ამართლებს.
მსოფლიო „ნაკერებზე ირღვევა“, დასავლეთი კი…
ამერიკა, საფრანგეთი და გერმანია – „თავისუფალი სამყაროს“ სამი საყრდენი, როგორც მათ სამართლიანად უწოდებდნენ ცივი ომის დროს, დღეს ლიდერობის კრიზისში იმყოფებიან. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და „რელსებიდან გადავარდნილი“ ახლო აღმოსავლეთის პირობებში ვაშინგტონი, პარიზი და ბერლინი უუნარობას ამჟღავნებენ. შესაბამისად, ეს „სნეულება“ მთელ მსოფლიოში ვრცელდება: ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ქვეყნების ზედაფენებს თავიანთი საზოგადოების პრობლემების მოგვარების ძალა აღარ აქვთ. ამის ნაცვლად ისინი ცდილობენ ნებისმიერი ფასით არ დაუშვან ხელისუფლებაში ყველაზე ხმაურიანი კრიტიკოსები. და თუ ისინი მაინც მიაღწევენ პოსტების დაკავებას და პირველ წარმატებასაც იზეიმებენ – ისევე როგორც არგენტინის პრეზიდენტმა ჰავიერ მილეიმ ინფლაციასთან ბრძოლაში – მაშინ მათ სიძულვილი უსაზღვრო ხდება.
გერმანიაში ვიზიტის დროს გერმანულმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია „არდ“-მა (ARD) ჰავიერ მილეი ულტრამემარჯვენედ შერაცხა, ავტორიტარად და უაზრო გმირად. იმ დროს როცა ოლაფ შოლცი ჯო ბაიდენს მხარს უჭერდა (რომელმაც ამერიკულ საზოგადოებაში განხეთქილება გააჩინა), მან ჰავიერ მილეის ურჩია, რომ მეტი ეზრუნა არგენტინული საზოგადოების გაერთიანებაზე, რომელიც „მისი რეფორმების გამო ორ დაპირისპირებულ ბანაკად არის გაყოფილი“. ეს ერთგვარ ირონიას მიანიშნებს. ასეთი ორმაგი სტანდარტები პოლიტიკოსების მიმართ ნდობას ზიანს აყენებს. ფასეულობები და პრინციპები, რომლებითაც ადამიანები სამართლიანად ამაყობენ, ცვალებადები ხდებიან.

აშკარაა, რომ ამერიკელმა დემოკრატებმა შეცდომა დაუშვეს, როცა თავიდანვე ბრმად დაიჯერეს, რომ ჯო ბაიდენი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია. ახლა კი „სატანა“ (ასე უწოდებენ დემოკრატები დონალდ ტრამპს) მეორე ვადით მოსვლით იმუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დემოკრატები თავიანთ კანდიდატს ვინმეთი ჩაანაცვლებენ, მას გამარჯვების შანსები თითქმის არ ექნება. წინასაარჩევნო კამპანიის კორექტირება ძალიან რთული საქმეა.

არასაკმარისია დემოკრატებს შორის ისეთი ვინმეს მოძებნა, რომელიც ჯო ბაიდენისაგან განსხვავებით, დონალდ ტრამპს არგუმენტირებულად და ჭკვიანურად გააკრიტიკებს. მმართველმა პარტიამ იმ დადებითის დემონსტრირებაც უნდა მოახდინოს, რასაც მიაღწია და თავისი კურსის გაგრძელებისთვის ამომრჩევლების მხარდაჭერა მოიპოვოს. დემოკრატებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ მემარჯვენე და მემარცხენე ნაციონალისტები [რესპუბლიკელთა კანდიდატის] წინააღმდეგ გამოვიდნენ. სწორედ ამაშია დემოკრატიის უპირატესობა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: